ახალი ამბები

ქართული ოცნება პრეზიდენტს აფრთხილებს ნებართვის გარეშე ვიზიტები აღარ განახორციელოს

მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია, და პარლამენტში მისი იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მას სისხლის სამართლებრივი დევნით დაემუქრნენ, თუ იგი მთავრობის ნებართვის გარეშე კვლავ განაგრძობდა ვიზიტებს უცხოეთის დედაქალაქებში.

„სამოქალაქო საქართველო“ ამ თემაზე პოლიტიკოსების შეფასებებს გთავაზობთ:

„ქართული ოცნება“

 ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, პრეზიდენტი არის ხელშეუვალი. რატომ არ აფინანსებდა ის ვიზიტებს ბიუჯეტიდან? მას ეშინია პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდის. შეიძლება ამ წლის განმავლობაში, მის მიმართ ვერ აღიძრას საქმე, მაგრამ როგორც კი ამოეწურება საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა, მაშინვე შეიძლება მოხდეს ასეთი სისხლის სამართლებრივი საქმის აქტუალიზაცია. ამიტომ ეშინოდა მას სისხლის სამართლებრივი კანონის დარღვევის, როცა ბიუჯეტიდან არ გასწევდა ხარჯებს ვიზიტების დასაფინანსებლად. თუ კვლავ წავიდა ვიზიტით, საკუთარი ხარჯებით, ეს იქნება კონსტიტუციის მორიგი უხეში დარღვევა… კონსტიტუციაში წერია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაც ისჯება კანონით და კანონში არსებითად იგულისხმება სისხლის სამართლის კანონიც… რაც შეეხება კვალიფიკაციის მინიჭებას კონკრეტული ქმედებისთვის, ეს არის პროკურატურის საქმე“.

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე: „სასამართლოს დასკვნის შემდეგ ფაქტია, რომ მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტის განხორციელება დარღვევას წარმოადგენს და ის ვერ იქნება, ოფიციალური ან სამუშაო ვიზიტი… 16 ოქტომბრის შემდეგ, მას შემდეგ რაც არსებობს  საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა, ეს საბოლოო სიტყვაა, რომ  თანხმობის გარეშე განხორციელებული მოგზაურობა პირადი მოგზაურობაა და მასზე ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ უნდა დაიხარჯოს… მე მოვუწოდებ ყველა  მის კეთილისმსურველს, ქართველი იქნება თუ უცხოელი, ურჩიონ მას არ გახსნას კონსტიტუციის დაუმორჩილებლობის „პანდორას ყუთი“… ჩვენი პარტნიორებისთვისაც ცხადია, რომ ასეთი ვიზიტი არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან არ უნდა იყოს კონსტიტუციის დარღვევის ხელშეწყობა. ჩვენი ქვეყნის პატივისცემა სხვების მხრიდან გამოიხატება ჩვენი კონსტიტუციის პატივისცემაში. თუკი ჩვენი კონსტიტუცია ამბობს, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება განახორციელოს მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტი, პარტნიორებმაც ამას უნდა სცენ პატივი“.

ანრი ოხანაშვილი, „ქართული ოცნება“, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე: „იმუნიტეტი არ იცავს სიცოცხლის ბოლომდე, იმუნიტეტი იცავს იმ ვადამდე ვიდრე კონკრეტულ თანამდებობაზე არის არჩეული. შესაბამისად, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მას, როცა პრეზიდენტობის ვადა ამოეწურება, სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულები იქნებიან განახორციელონ მის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები“.

ოპოზიცია

ანა წითლიძე, „ერთიანია ნაციონალური მოძრაობა“: „ოცნება ყველაფერ იზამს ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვისაც ჩათვლის, რომ ხელს უშლის რუსული გეგმის განხორციელებაში. ახლა საქართველოს პრეზიდენტია ვინც ხელს უშლის ამ რუსული გეგმის განხორციელებაში, მაგრამ აქ მთავარი ის კი არ არის, რუსული ოცნება რას იზამს, ვიცით და გვაქვს გამოცდილება, რომ რუსული ოცნება იზამს ყველაფერს… მთავარია საქართველოს პრეზიდენტი როგორ გააგრძელებს… საქართველოს პრეზიდენტისთვის დამატებითი იმუნიტეტი ამ ყველაფერში იქნება ის, რომ მან ძალიან ხმამაღლა, მკაფიოდ ილაპარაკოს ისეთ საკითხებზე, რომელიც ჯერ კიდევ ბუნდოვანებას ტოვებს“.  

სალომე სამადაშვილი, „ლელო საქართველოსთვის“: „ხელისუფლება საბჭოთა მეთოდებით ებრძვის ყველას, ვისთვისაც ამ ქვეყნის ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია… სალომე ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში ევროპულ ვიზიტებს თუ გააგრძელებს, გააგრძელებს სწორედ ამ მიზნით, რომ მოიპოვოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერა. როდესაც ციხით ემუქრები… სისხლის სამართლებრივი დევნა ფაქტიურად ნიშნავს ციხით დამუქრებას მოქმედი პრეზიდენტის წინაააღმდეგ, რომლის იმპიჩმენტიც ვერ განახორციელეს, ეს არის სწორედ რუსული, საბჭოთა მეთოდებით ბრძოლა“.   

ხატია დეკანოიძე, „ევროოპტიმისტები“: „შესაძლებელია მისი ეს საერთაშორისო ვიზიტები გადაიზარდოს სისხლის სამართლებრივ სიბრტყეში ანუ ეს იყო ის გაფრთხილება, რომელიც მას კობახიძემ მისცა… ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვესმოდეს, თუ ჩვენ მეორე პრეზიდენტს გავასამართლებთ, ეს იქნება ძალიან მძიმე მოცემულობა და შედეგი საქართველოსთვის“.

ბექა ლილუაშვილი, „საქართველოსთვის“: „მინიშნებები სისხლის სამართლებრივ დევნაზე შეიძლება ამ მიმართულებით ნაბიჯიც გადადგას [ქართულმა ოცნებამ], მაგრამ ჩვენ პრეზიდენტის განწყობაც მოვისმინეთ, ამიტომ ამ ნაწილში ცხადია, ყველა ასეთ წამოწყებაში ოცნება დამარცხდება კვლავ“.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button