skip to content
მთავარი თემა

დუღილი ნარინჯისფერ დემოკრატიაში – ნიდერლანდები საპარლამენტო არჩევნების წინ

რა ხდება?

ნიდერლანდების დემოკრატიას დიდი ცვლილებების ჟამი დაუდგა. მას შემდეგ რაც უკვე მერამდენედ გადამდგარმა პრემიერ მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ნოემბერში ჩანიშნულ არჩევნებში არ აპირებს მონაწილეობას და საერთოდაც ტოვებს პოლიტიკურ ცხოვრებას, ყველა წამყვანი პარტიის ლიდერმა კარი გაიხურა და ბურთიცა და მოედანიც ახალ სახეებს დაუთმო.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

ახალ სახეებს ჰოლანდიელები ცუდად იცნობენ და ყველაფერს წინასაარჩევნო პაექრობა გადაწყვეტს. ნიდერლანდებს მოუწევთ თავიანთი დემოკრატიის განთქმული მოქნილობის დადასტურება.

როგორ მოვედით აქამდე?

ჰოლანდიის ვერშემდგარი „ანგელა მერკელი“

კონტექსტისთვის ბოლო ორი წლის ძირითადი მოვლენები უნდა გავიხსენოთ.

ყველაფერი გაგანია კოვიდ პანდემიისას, ნიდერლანდების საპარლამენტო კომისიის შოკისმომგვრელი დასკვნით დაიწყო. აღმოჩნდა, რომ ქვეყნის საგადასახადო სამსახურებმა ათასობით ოჯახი შეცდომით დაადანაშაულეს ბავშვთა შემწეობის თაღლითურად მიღებაში და წლების განმავლობაში ტყუილად ახდევინებდნენ მოსაკრებლებს.

მარკ რუტტე ნიდერლანდებს 2010 წლიდან უდგას სათავეში და, ბუნებრივია, ამომრჩევლისთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა სწორედ მის მთავრობას დაეკისრა.

რუტტეს არც კი უყოყმანია, ისე მოაჯდა ველოსიპედს და ნორდეინდეს სასახლისკენ მოკურცხლა, სადაც მეფეს გადადგომის ხელწერილი ჩააბარა.

თუმცა, 2021 წლის გაზაფხულის არჩევნებზე გადამდგარ მეთაურს მოსახლეობამ პანდემიის მეტნაკლებად სწორი მართვა დაუფასა და ხელახლა გამოუცხადა ნდობა.

აი აქ კი, მრავლის მნახველ რუტტეს ხელი გაუცუდდა: მორიგი მიღებული მანდატი, დიდი ძალისხმევისა და მცდელობების მიუხედავად, მან სათანადოდ ვერ გამოიყენა.

ჯერ იყო და კოალიციის შესაკრავად წამოწყებული მოლაპარაკებები უპრეცედენტოდ გაეწელა და სხვა პარტიებთან მსჯელობამ ნიდერლანდების ისტორიაში ყველაზე დიდხანს, 299 დღე გასტანა. შემდეგ კი ამბიციური ბიუჯეტითა და გეგმებით მოქოქილი მთავრობა კრიზისების ბადეში გაეხვა, საიდანაც ვერა და ვერ შეძლო თავის დაღწევა.

2022 წლის იანვარში რის ვაივაგლახით შეკოწიწებული ოთხპარტიული კოალიცია, წელიწადნახევრის თავზე ჩამოიშალა. აი, როგორ მოხდა ეს.

რძე და ყველი

რუტეს მთავრობას მძლავრად შეუტიეს ფერმერებმა და ქვეყანა აქამდე არნახული საპროტესტო აქციების ქარცეცხლში გახვიეს. მიზეზი ფრიად მარტივი იყო: მთავრობამ ფერმერებს განუცხადა, რომ მათი წარმოება უნდა შემცირდეს, რადგან ევროპის მწვანე შეთანხმების მიხედვით, ნიდერლანდებს 2030 წლისთვის აზოტის ემისიების განახევრების ვალდებულება აქვს აღებული. ფერმებში მოღვაწე პირუტყვები კი თავიანთი „ნაღვაწით“, ქარხნებისა და ძრავების გამონაბოლქვით ისედაც გვარიანად დაბინძურებულ გარემოს, უფრო მეტად ანაგვიანებენო.

ფერმერების ჯანყმა, ქვედა პალატაში ყველასგან მივიწყებული ფერმერ მოქალაქეთა პარტია ერთმანდატიანი მარტოობიდან აღაზევა. ამ უკანასკნელმა ისე ბარაქიანად გამოიყენა აგორებული საპროტესტო ტალღა, რომ 2023 წლის გაზაფხულზე გამართულ სენატის არჩევნებშიც იმარჯვა და ქვედა პალატის წინასაარჩევნო რეიტინგის სათავეშიც კი მოექცა. ზოგიერთები ალაპარაკდნენ, ჰოლანდიას მალე ფერმერი პრემიერ მინისტრი ეყოლებაო. მაგრამ მათი პროგნოზები ფრიად ნაადრევი აღმოჩნდა.

სტუმარი ღვთისაა?

რუტტეს კაბინეტს ხელი საიმიგრაციო პოლიტიკაზე წარმოშობილმა უთანხმოებამ მოუთავა, რაც ნიდერლანდებისმაგვარი ჭარბად დასახლებული ქვეყნისთვის უცნაური ამბავი სულაც არ არის.

ამბავი ასე დაიწყო: 2022 წლის ზაფხულში ნიდერლანდების თავშესაფრის მაძიებელთა ბანაკები არნახულად გადაიტვირთა. ჩვეული ნაკადი ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან, უკრაინაში რუსეთის აგრესიით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისი და სხვა გარემოებები ერთად დააწვა ჰოლანდიელთა „სტუმართმოყვარეობას“.

საბოლოო ჯამში, ბევრ ადამიანს ღია ცის ქვეშ მოუწია ღამეების თენება, რაც არ გამორჩენია უფლებადამცველი ორგანიზაციების მახვილ თვალსა და ბასრ კალამს. თანამდევმა შეფასებებმა ფრიად შეაშფოთა სრულიად ჰოლანდიის საზოგადოება და საპარლამენტო რესპუბლიკის საუკეთესო ტრადიციების თანახმად, ქვედა პალატამ და განსაკუთრებით კი მისმა ოპოზიციურმა ნაწილმა, მთავრობას კუდით ქვა ასროლინა:  მომავალი ზაფხულისთვის ეგ პრობლემა მოგვარებული უნდა იყოსო.

მთელი წლის მანძილზე, რუტტე და მისი გუნდი მიგრაციის საკითხის გარდა ყველაფრით იყვნენ დაკავებულნი (სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ საქმე თავზესაყრელად იყო). ბოლოს კი როდესაც მიგრაციისთვის მოიცალეს, აღმოჩნდა, რომ უთანხმოება ოპოზიციასთან კი არა ჯერ თავად გუნდის შიგნით იყო აღმოსაფხვრელი.

რუტტეს სურდა მიგრანტების ნაკადის შემცირება და ამ მხრივ, კოალიციას მათი ორ კატეგორიად დაყოფა შესთავაზა: ის ვინც ომს გამოურბის დროებითი ბინადრობის ნებართვა მივცეთო, ხოლო ის ვინც იდევნება – მუდმივიო. იქვე დასძინა, რომ მიგრანტებს ოჯახების ჩამოყვანა მხოლოდ ორი წლის შემდეგ შეეძლებათო და, აი, სწორედ აქ გადატყდა ჯოხი კოალიციის კონსერვატიულ ძალებთან.

ქრისტიანულმა კავშირმა (CU) ქვა ააგდო და თავი შეუშვირა აქაოდა „ოჯახი წმინდაა“ და მისი ხელყოფა სცდება ომსაც და პოლიტიკურ დევნასაცო.

სა-ხლში!

კომპრომისების დიდოსტატმა რუტტემ ყველასდა გასაკვირად, უკან არ დაიხია და ჰოლანდიური ზაფხულის თბილ და ნესტიან საღამოს, კოალიციის დაშლის შესახებ თავად აუწყა მისი ოფისის წინ თავმოყრილ საზოგადოებას.

ჰოლანდიელებმა გაკვირვება ვერ დამალეს. ბევრმა ისიც გაიფიქრა, რუტტემ სპეციალურად ჩააგდო მოლაპარაკებები, რათა მომავალი არჩევნებისთვის ნაადრევად დაიწყოს მზადებაო,

თუმცა მომდევნო დღეს, რუტტეს განცხადებამ პოლიტიკიდან საერთოდ წასვლის შესახებ, ოპონენტები ჯერ სახტად დატოვა, შემდეგ კი პატივისცემით განაწყო.

ბოლოს კი ოვაციებისთვის ამდენი დრო სად გვაქვსო თქვეს ნიდერლანდების პრაქტიკულობით განთქმულმა მოქალაქეებმა და ჩვეული შემართებით შეუდგნენ არჩევნების დაგეგმვას. იმ გამონაკლისით, რომ ქვედა პალატაში შემავალ პარტიათა ლიდერების თითქმის ნახევარი, ერთი მეორეს მიყოლებით, რუტტეს გზას გაუყვა პოლიტიკური პანსიონატისკენ.

რა ხდება ახლა?

ჰოლანდიელ პოლიტიკოსებს ძალების მოსინჯვის პირველი სერიოზული შესაძლებლობა სექტემებრის ბოლოს ჰქონდათ. ტრადიციულად, ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერი ყოველწლიური სიტყვით გამოვიდა, ხოლო ფინანსთა მინისტრმა, სიმბოლური პორტფელით, მთავრობის მიერ მომზადებული სახელმწიფო ბიუჯეტი წარადგინა. პირველი დღე საზეიმო ცერემონიებით იყო დატვირთული და შესაბამისად ყველაფერი მოწიწებული ღიმილებისა და რევერანსების ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა მომდვენო ორი დღის განმავლობაში, საკანონმდებლო პალატაში ხისტი ბურთაობა გაიმართა.

„მიეც გლახაკთა საჭურჭლე…“

არჩევნებამდე ყველაფერი ჩვეულ რითმში გრძელდება. ქვეყანას გარდამავალი მთავრობა მართავს, რომელსაც მართალია პრობლემატური საკითხებისთვის მანდატი აღარ აქვს, თუმცა  ყველა სხვა თემაზე ძველებურად პასუხისმგებელია.

საბიუჯეტო განხილვებისას, რუტემ თავისი გუნდი რაინდული სულისკვეთებით დაიცვა. აქაოდა მთელმა მთავრობამ მხოლოდ იმაზე იმუშავა, რომ ამ ბარაქიან ქვეყანაში ვინც კი გაჭირვებულია, რამენაირად წავეშველოთ და ზემოთ ამოვწიოთო. მაგრამ მის მსმენელებს არ გამორჩენიათ ის ფაქტი, რომ პრემიერ მინისტრი, თავის განცხადებებში, წინა წლებთან შედარებით ბევრად უფრო თამამი და ლაკონური იყო. მათ რუტტეს წამავალი კაცის „სილაღე“ არ მოუწონეს და დებატებისას, ყველა სოციალურ პრობლემას გადაწვდნენ.

პირველ რიგში, მინიმალური ხელფასის ზრდაზე დაიწყეს სჯა-ბაასი და კოალიციური გუნდის მხრიდან ზერელე წინაღობის გადალახვის შემდეგ, კიდეც მიიღეს შესაბამისი შუამდგომლობა. შემდეგ, სატრანსპორტო სისტემას მიდგნენ, რომელიც ნიდერლანდებში წლიდან წლამდე მზარდად პრობლემატური ხდება. აქ პარლამენტარებმა პირდაპირ მოითხოვეს, რომ ბიუჯეტის ხარჯზე მგზავრობის საფასურმა მნიშვნელოვნად დაიწიოს. ბოლოს კი საწვავზე ფასების ზრდის შეჩერებაზეც შეთანხმდნენ.

რუტტეს ოპონენტებისთვის დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია და ბურთი და მოედანი თავისი პარტიის მომავალ სახეებს დაუთმო, რომლებმაც ასე თუ ისე თანაბარი პაექრობა გამართეს ოპოზიციურ ძალებთან.

დებატებზე ტრადიციულად ხაფად ისმოდა ულტრა-მემარჯვენე პარტიის (PVV) ლიდერის, ხერტ ვილდერსის ხმა, რომელმაც რუტtეს გადადგომა „ნიდერლანდების დაღმასვლის ეპოქის“ დასასრულად შეაფასა და კოლეგებს მოუწოდა, ქვეყნის ბიუჯეტი ჰოლანდიის მოქალაქეების ინტერესებს მოახმარეთ და არა მეორეხარისხოვან საკითხებსო.

პარლამენტარები დიდი ყურადღებით ელოდნენ ვილდერსის მხრიდან მისი პარტიის საარჩევნო პროგრამაზე საუბარს, რომელზეც ხმები დაირხა, რომ წინა წლებთან შედარებით, ბევრად შერბილებულია, თანაც ისეთ მწვავე საკითხებზე, როგორიც მიგრაციული პოლიტიკააო. თუმცა ვილდერსმა კოლეგებს იმედები გაუცრუა და საიმიგრაციო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა, რომ აქ მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს: მიგრანტების შემოშვება უნდა შეწყდეს. ჰოლანდია სავსეა და სანამ საკუთარ ხალხს არ მივხედავთ, სხვებზე მათი ფულის დახარჯვა ყველანაირად გაუმართლებელიაო.

გაწიწმატებულმა პარლამენტარებმა ჯოხი მარკ რუტტეს პარტიის მთავარ კანდიდატს, დილან იეშილგოზ ზეხერიუსს მოუქნიეს, რომელმაც დებატებამდე რამდენიმე კვირით ადრე განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, სულაც არ გამორიცხავდა ვილდერსის პარტიასთან თანამშრომლობას. მანაც არ დააყოვნა და ოპონენტებს ჭეშმარიტი პოლიტიკოსის პასუხის გასცა: ბატონი ვილდერსის საარჩევნო პროგრამა ჯერ კარგად შესასწვალი გვაქვს და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთო.

პარლამენტარებს შორის გამოწვეული გაურკვევლობით კმაყოფილმა და გაგულისებულმა ვილდერსმა არც აცია არც აცხელა და პალატის სპიკერს სკანდალური შუამდგომლობით მიმართა: ბიუჯეტში მეფის თანამდებობრივი სარგო რატომ არის მომატებული, როცა ეგ თანხა შეგვიძლია სოციალურ შემწეობებში დავხარჯოთო. ყველასდა გასაკვირად, ვილდერსს მხარი დაუჭირეს როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენე პოლიტიკურმა ძალებმა და რომ არა რუტტეს პარტიის ოპონირება და სულ რაღაც 4 მანდატით მეტი საპირისპირო ხმა, მეფეს ქისაზე თასმებს მოუჭერდნენ. როგორც ჩანს, ნიდერლანდებში, ყველაფერთან ერთად, ახალი ანტიმონარქიული ტალღაც ზვირთდება. .

ავად თუ კარგად, სახელმწიფო ბიუჯეტი შეკოწიწდა და ამას იქეთ, წინასაარჩევნო პაექრობა უშუალოდ პარტიების ლიდერების კისერზე იქნება . მოლოდინები დიდია, შეჯიბრი კი შენივთებული, რაც ცალსახად საინტერესო თვენახევარს მოასწავებს.

გარდაუვალი „ტრიუმვირატი“?

ჰოლანდია საკვანძო როლს ასრულებს როგორც ცენტრალური ევროპის, ასევე გლობალურ სავაჭრო სივრცეში,  და მისი პოლიტიკური სტაბილურობა ყველა მეზობლისა და პარტნიორის ინტერესებში შედის. გარდა ამისა, ნიდერლანდები საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალაა ჩრდილოატლანტიკურ განზომილებაშიც. რუსეთთან ნიდერლანდების დაპირისპირება MH17 ავიარეისის ჩამოგდების შემდგომ ისედაც შესამჩნევი იყო, თუმცა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანმა აგრესიამ, ამ გარემოებას სრულიად ახალი ელფერი შესძინა. დიდ ქვეყნებთან ერთად, ნიდერლანდები, უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. ამის დასტურად მარტო იმის ხსენებაც კმარა, რომ წელს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე ორჯერ ეწვია ქვეყანას.

ერთი სიტყვით, ნიდერლანდებში პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილებას მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი ჰყავს. თუმცა-ღა ვის ვისი დაწინაურება აწყობს რთული სათქმელია, რადგან წინასაარჩევნო გარემოს არნახული გაურკვევლობის სურნელი ასდის.

რუტტესა და კოალიციური ძალების ლიდერთა თამაშგარეში გასვლის გარდა, ყველაფერი ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენამ კიდევ უფრო რთულად განჭვრეტადი გახადა. საქმე იმაშია, რომ ბავშვთა შემწეობის სკანდალის მთავარმა ამომხსნელმა პოლიტიკოსმა, პიტერ ომციხთმა, თავისი პარტია დააარსა და რა გასაკვირია, რომ მხარში დაზარალებული ოჯახების მთელი არმია დაუდგა.

სექტემბრის მდგომარეობით, ბატონი ომციხთის პარტია (NSC), მარკ რუტტეს ლიბერალ-დემოკრატებისა (VVD) და მწვანეებისა და ლეიბორისტების ალიანსთან (GL/PvdA) ერთად პირველ სამ ადგილს იყოფს. მწვანეებსა და ლეიბორისტებს, საერთო კანდიდატად ყოფილი ევროკომისარი, ფრანს ტიმერმანსი უდგათ, რომლის ავტორიტეტიც ცალსახად დიდ როლს ითამაშებს წინასაარჩევნო ბატალიებში.

VVD-ს კი სათავეში ქალბატონი ზეხერიუსი ჰყავს, რომელსაც თავისი შთამბეჭდავი კარიერის გარდა, ნიდერლანდების მრავალეთნიკური საზოგადოებისთვის მიმზიდველი წრამომავლობაც ზურგს უმაგრებს: იგი ეთნიკური ქურთია, რომელიც შვიდი წლის ასაკში, ნიდერლანდებს ლტოლვილის სტატუსით ეწვია თურქეთიდან და ასეთ შთამბეჭდავ ჰოლანდიელად იქცა.

ამრიგად, ზემოაღნიშნული სამი ძალა პოტენციურ კოალიციად იკვეთება, რაც ცალსახად ცუდი ამბავია ფერმერ მოქალაქეთა პარტიისთვის (BBB), რომელსაც, გაზაფხულზე სენატში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, სულ მცირე სამეულში მოხვედრას და ზოგიც, პირველ ადგილზე გასვლასაც კი უწინასწარმეტყველებდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ფერმერების მხარდამჭერთა დიდი ნაწილი ბატონმა ომციხთმა გადაიბირა და ამ დროისათვის, BBB მეხუთე ადგილზე ტორტმანებს. ფერმერები სულ მცირედით ჩამორჩებიან უმნიშვნელოდ დაწინაურებულ ბატონი ვილდერსის ულტრა-მემარჯვენე PVV-ს.

ის თუ რა ბედი ეწია პრემიერ მინისტრ რუტეს კოალიციაში შემავალ დანარჩენ სამ პარტიას – ეს ცაკლე დრამატული ამბავია. მემარცხენე დემოკრატები (D66), რომელთა ლიდერსაც რუტტეს მთავარ ჩამნაცვლებლად მიიჩნევდნენ, რეიტინგის ფსკერზე გაწვა, ჰოლანდიაში ისტორიულად ყველაზე გავლენიან ქრისტიან-დემოკრატებთან (CDA) და „ოჯახის სიწმინდის“ სადარაჯოზე მდგომ ქრისტიანულ კავშირთან (CU) ერთად. ცალსახაა, რომ ამ პარტიებში ხელმძღვანელობის ცვლილებამ დადებითი შედეგი ვერ მოიტანა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნოემბრის 22-მდე რაიმე რადიკალურად შეიცვალოს.

რას უნდა ველოდეთ?

ამრიგად პოლიტიკური დუღილი, რომელიც ნიდერლანდებში მიმდინაროებს, დიდი ალბათობით მმართველობით ტრიუმვირატს მოასწავებს.

ოპოზიციაში კი ტრადიციული მრავალფეროვნება შენარჩუნდება, რაც საერთო ჯამში 150 მანდატიან პალატაში, 18-19 პარტიას მოუყრის თავს. ასეთი ამბავი, ნიდერლანდების დემოკრატიისთვის ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ რუტეს 13 წლიანი მმართველობის შემდეგ, ქვეყანა მოუთმენლად ელის ცვლილებებს.

მსგავსი/Related

Back to top button