ახალი ამბები

ხუთი აქტივისტი “წვრილმანი ხულიგნობისთვის” დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო შჩერბაკოვმა 27 სექტემბერს  ბანერებსა და მაისურზე წარწერა „ირა*ლის“ გამო დაკავებული უფლებადამცველებისა და აქტივისტების საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

აქტივისტებმა 2 ივნისს ბექა გრიგორიადისის მიმართ სოლიდარობის ნიშნად საპროტესტო აქცია გამართეს. ეს უკანასკნელი იმავე ადგილას ერთი დღით ადრე დააკავეს მას შემდეგ, რაც თავისი შვილის, ლაზარე გრიგორიადისის დაპატიმრების გასაპროტესტებლად კარვის გაშლას შეეცადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, საბა ბრაჭველის (ღია საზოგადოების ფონდის იურისტი), ედუარდ მარიკაშვილის (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე), ასევე აქტივისტების ნიკა რომანაძისა და გრიგოლ ფრანგიშვილის მიმართ ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე, პოლიციელის დაუმორჩილებლობის მუხლით საქმისწარმოება შეწყდა. ისინი სამართალდამრღვევებად ცნეს წვრილმანი ხულიგნობის ნაწილით და 500-500 ლარით დააჯარიმეს. რაც შეეხება აქტივისტ ნოდარ სიხარულიძეს, იგი 2 000 ლარით დაჯარიმდა.

გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლემ 4 პოლიციელი და აქციის 5 მონაწილე გამოკითხა. სხდომებზე ასევე შეისწავლეს ვიდეომტკიცებულებებიც, რომელთაგან არც ერთი არ ასახავდა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ან სიტყვიერ შეურაცხყოფას.

გარდა ამისა, საბა ბრაჭველის უფლებადამცველებმა პოლიციელ დავით ქეშელაშვილის ჩვენებაზე ცრუ ჩვენებისა და განზრახ უკანონო დაკავების გამო გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს. საბა ბრაჭველი და მისი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ბრაჭველის დაკავების ბრძანება საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილემ, სერგი ბზიშვილმა გასცა და ქეშელაშვილი პარლამენტთან საერთოდ არ იყო. მათ ბზიშვილის გამოკითხვა მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოწმის ჩვენების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენეს ედუარდ მარიკაშვილის საქმეზეც.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button