skip to content
ევროპამთავარი თემა

გაფართოება შტორმში: ექსპერტები ევროკავშირის მომავალს გეგმავენ

რა ხდება?

რამდენიმე დღის წინ, ფრანგი და გერმანელი ექსპერტების ჯგუფმა ევროპის მომავლის საკუთარი ხედვა წარმოადგინა. სამოცგვერდიან ანგარიშში “ცურვა ღია ზღვაში: ევროკავშირის რეფორმირება და გაფართოება 21-ე საუკუნის შესაბამისად,” გაწერილია რეკომენდაციები, რომელთა შესრულებითაც გაერთიანება ერთი მხრივ გააღრმავებს ინტეგრაციას, მეორე მხრივ კი მოამზადებს ნიადაგს ახალი წევრების მისაღებად.


დოკუმენტი შეაჯამა გიორგი ქელბაქიანმა


რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

  • ეს დოკუმენტი საფუძვლად დაედება დისკუსიების სერიას, რომელმაც ევროკავშირის ოფიციალური პირები და წევრი ქვეყნის ლიდერები გაფართოების კონკრეტულ სცენართან უნდა მიიყვანოს.
  • ანგარიშის დამკვეთებად ევროკავშირის ორი წამყვანი ძალა, გერმანია და საფრანგეთი გვევლინებიან. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში ოფიციალურად არ გამოხატავს პარიზისა და ბერლინის პოზიციას, მაინც ცხადია, რომ დოკუმენტი უზარმაზარი პოლიტიკური და პრაქტიკული მნიშვნელობის მატარებელია. დოკუმენტი უკვე განიხილეს ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოშიც (GAC);
  • ანგარიში უმნიშვნელოვანესია ევროპული ინტეგრაციით დაინტერესებული სახელმწიფოებისათვის.  ეს დოკუმენტი გაერთიანების პოტენციურ წევრებს ბრიუსელის სავარაუდო მოლოდინებს აცნობს.

როგორ შეიქმნა ანგარიში?

დღიდან კანტისეული ევროპული თანაცხოვრების იდეის ხორცშესხმისა, გაერთიანება მუდმივად კიდევ უფრო სრულყოფილი კავშირისაკენ მიილტვის და გზად ახალ-ახალ წევრებსაც კრეფს. ჯერ კიდევ 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე, ევროკავშირმა უმასპინძლა უპრეცედენტო მასშტაბის “კონფერენციას ევროპის მომავლის შესახებ (CoFoE).” ჩანდა, რომ გაერთიანებაში რადიკალური ცვლილებებისთვის მზადყოფნა მწიფდებოდა. რუსეთის აგრესია უკრაინაში ისეთი გეოპოლიტიკური კატასტროფაა, რომლის თავიდან აცილებაც ევროკავშირის შექმნის საფუძველში იდო. ომმა ევროკავშირს ინტეგრაციის გაღრმავებისა და  გაფართოების დაჩქარებისაკენ უბიძგა. უკვე 2023 წლის იანვარში, გერმანიამ და საფრანგეთმა გაფართოებისათვის გასაკეთებელ საქმეთა ფორმალურად შეჯამება ისურვეს და სწორედ ასე იშვა ეს ანგარიში.

ანალიზი: რა წერია ანგარიშში?

ანგარიშში ევროკავშირის ქმედითუნარიანობის გაზრდა, გაფართოებისათვის მზადება და კანონის უზენაესობის დაცვა გაერთიანების უმთავრეს მიზნებად არის წარმოჩენილი. დოკუმენტის ავტორები პოლიტიკის შემქმნელებს სთავაზობენ კონკრეტულ გზებს, თუ როგორ არის შესაძლებელი ფუნდამენტური პრინციპების გაძლიერება, ინსტიტუციური პრობლემების აღმოფხვრა და გაერთიანების ინტეგრაციის გაღრმავება-გაფართოება.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესის შეუფერხებლობისათვის ევროპარლამენტართა რაოდენობა არათუ არ უნდა გაიზარდოს, შესაძლოა შემცირდეს კიდეც.

მეტიც, ანგარიში სავსეა ისეთი ამბიციური იდეებით, როგორიცაა

  • ევროკომისიის კოლეგიაში უფრო ხისტი იერარქიის შემოღება, რაც მას ეროვნულ მთავრობის მსგავს სტრუქტურას შესძენს.
  • არის წინადადება ევროკავშირის საბჭოს ერთდროულად სამი როტაციული პრეზიდენტის ნაცვლად ხუთი ჰყავდეს.
  • საუბარია ევროპულ საბჭოში ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილებების მიღების უნივერსალიზაციაზე, რომ ინდივიდუალურმა ვეტომ არ დააბრკოლოს გადაწყვეტილებების მიღება.

ცხადია, ზემოთ ჩამოთვლილი იდეები უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის, როგორც ზეეროვნული ინსტიტუტის მომავლისათვის. თუმცა, დოკუმენტში ევროკავშირისაკენ მიმავალი სახელმწიფოებისათვის სხვა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გზავნილებიც გვხვდება.

კანონის უზენაესობა – საკვანძო პრინციპი

თუკი ანგარიშის მიხედვით არსებობს საკითხი, რაზეც ევროკავშირი დათმობაზე არ უნდა წავიდეს – ეს კანონის უზენაესობაა. მოცემული თეზა ასახავს იმ სკეპტიციზმს, რომელიც გაფართოების წინა რაუნდისას ბულგარეთის და რუმინეთის მიღებამ გამოიწვია, და იმ სავალალო გამოცდილებას, რაც ევროკავშირს უნგრეთის, პოლონეთის და, ნაწილობრივ, ჩეხეთის წინა მთავრობის ანტიდემოკრატიულმა და კორუფციულმა მაქინაციებმა მოუტანა.

შესაბამისად, ანგარიში მთელ რიგ წინადადებებს წარმოადგენს იმისათვის, რომ გაერთიანების ეს ისედაც ფუნდამენტური პრინციპი პრაქტიკულად კიდევ უფრო გამოყენებადი გახდეს.

მაგალითად, მკვლევარები მკითხველებს სთავაზობენ, გამარტივდეს კანონის უზენაესობის დარღვევებისათვის ევროკავშირის წევრების დასჯა უკვე არსებული, სპეციალური მექანიზმების გამოყენებით – გადაწყვეტილებებს წევრი ქვეყნების ოთხი მეხუთედი უნდა იღებდეს, რაც გამორიცხავს ვეტოთი ურთიერთდაცვას, როგორც ამას უნგრეთი და პოლონეთი აკეთებენ.

მომავალი წევრების მხრიდან დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროციპების დაცვა საკვანძო მნიშვნელობისა იქნება. სხვა მიმართულებებით დოკუმენტი გაერთიანებას გაღრმავება-გაფართოების გზაზე მოქნილობისათვის სივრცეს უტოვებს, თუმცა გამონაკლისია კანონის უზენაესობის წესი. იგი უნდა აღსრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანება და მასში დარჩენა ყოფნა დაუმსახურებელ პრივილეგიად ჩაითვლება.

ვინ როდის შევა ევროკავშირში?

ანგარიშში სჯა-ბაასი იმასაც შეეხო, თუ რა ფორმატით სჯობს მომავალი წევრების მოპატიჟება. ერთად თუ ცალ-ცალკე – ესაა დილემა.

მკლვევარების აზრით en bloc, ანუ ქვეყნების კონკრეტული ჯგუფების ერთდროულად მოწვევამ შესაძლოა კანდიდატებს შორის საჭირო რეფორმების პროცესი ურთიერთმიბაძვით დააჩქაროს, თუმცა ეს პრინციპი მაინცდამაინც დამსახურებაზე არ იქნება აგებული. მოტივირებულ კანდიდატებს მდორედ მომავალი სახელმწიფოების ლოდინი მოუწევთ.

მეორე შესაძლო პრინციპი, regatta, სახელმწიფოებისათვის ინდივიდუალური გაწევრიანების თარიღის შეთავაზებას გულისხმობს. ამ პრინციპით დამსახურებული ქვეყნები უფრო მალე გაწევრიანდებიან, თუმცა, შესაძლოა, უკვე სამშვიდობოს გასულებმა, სხვა პოტენციურ კანდიდატებს ბრიუსელიდან ჩაუხერგონ გზაო, წუხან ექსპერტები, თუკი ახალგაწევრიანებულ და კანდიდატ ქვეყნებს ორმხრივი პრობლემები ექნათ (ბუნებრივია, აქ ექსპერტები, პირველ რიგში ბალკანეთზე ფიქრობენ).

ამიტომ, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ყველაზე უპრიანი ამ ორი პრინციპის გასაშუალებული ვარიანტი იქნება, რაც გაწევრებისკენ წინსვლის მსგავს დონეზე მყოფი კანდიდატების უფრო მცირე ზომის ჯგუფებად დაყოფას გულისხმობს. მათ პრივილეგიები დამსახურებისამებრ უნდა მიიღონ, თუმცა ევროკავშირმა არც მათი და მათ უკან მომავალი ქვეყნების სავარაუდო ქიშპობა უნდა უგულვებელყოს.

რა მოთხოვნები უნდა არსებობდეს ევროკავშირში შესასვლელად?

  • პირველ რიგში – ძირითადი პრინციპები: “კოპენჰაგენის კრიტერიუმების” (დემოკრატიული წყობა, კანონის უზენაესობა, თავისუფალი ეკონომიკა) ზედმიწევნით შესრულების გარეშე, არაფერი გამოვა. მაგალითად, კანონის უზენაესობის დაცვის გარეშე, არათუ სრული ინტეგრაცია, მხოლოდ ერთიან ბაზარზე გასვლაც ვერ უნდა შეძლონ კანდიდატებმაო, ფიქრობენ ექსპერტები;
  • გეოპოლიტიკური ერთობის პრინციპი: ანგარიშში წერია, რომ გაფართოებამდე ევროკავშირთან გეოპოლიტიკური ერთობის გათვალისწინება აუცილებელია. გაწევრიანების გზაზე მყოფმა ქვეყნებმა სრულად უნდა გაიზიარონ ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა (CFSP), განსაკუთრებით სანქციების პოლიტიკა და გაეროს წესდების ფუნდამენტური პრინციპებიო;
  • კონფლიქტების გადაჭრის პრინციპი: ამ ნაწილში ექსპერტები აცხადებენ, რომ ევროკავშირის არაწევრ ქვეყანასთან სადავო ტერიტორიების მქონე სახელმწიფოს გაწევრიანების შემთხვევაში, შეთანხმებაში უნდა არსებობდეს მუხლი, რომ ეს ტერიტორიები ევროკავშირს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუერთდებიან, თუ მათი მოსახლეობა იქნება თანახმა (ე.წ. “კვიპროსის ფორმულა”);
  • დამატებითი ტექნიკური და ფინანსური დახმარების პრინციპი: ამ მუხლში საუბარია, რომ ევროკავშირმა პოტენციური წევრი სახელმწიფოების სამზადისს უფრო აქტიურად უნდა შეუწყოს ხელი;
  • დემოკრატიული ლეგიტიმურობის პრინციპი და მონაწილეობა: ექსპერტები გაერთიანებას ურჩევენ, გაფართოების საკითხში აქტიურად ჩართოს როგორც წევრებისა და პოტენციური წევრების პარლამენტები, ასევე მოსახლეობა და ევროპარლამენტი;
  • თანასწორობის პრინციპი: გაწევრიანების წესები და კრიტერიუმები ყველა წევრისთვის ერთნაირი უნდა იყოს;
  • სისტემატიზაციის პრინციპი: შესაძლოა ევროკავშირში გაწევრიანება არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით მოხდეს, მაგალითად სექტორული ან პროგრამული ინტეგრაციის გზით;
  • შექცევადობის პრინციპი: ევროკავშირში თანდათანობით შესვლა, მაგალითად სექტორული ინტეგრაცია ან კონკრეტულ პროგრამაში ჩართვა არ უნდა იყოს შეუქცევადი, თუკი კანდიდატი სახელმწიფო ამ ნაწილობრივი ინტეგრაციის წინაპირობებს ანდა ფუნდამენტურ პრინციპებს აღარ ასრულებს, მან შეიძლება მიღწეული პრივილეგიები დაკარგოს.
  • კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპი (QMV): ექსპერტები ფიქრობენ, რომ რომელიმე კონკრეტული წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგობამ კანდიდატებს ხელი არ უნდა შეუშალოს ინტეგრაციის გაღრმავებაში. ამის უზრუნველსაყოფად კი მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატებს ინტეგრაციის ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე გადასასვლელად ევროპული საბჭოს არა ერთსულოვანი, არამედ კვალიფიციური უმრავლეობის მხარდაჭერა უნდა ეყოთ. თუმცაღა, უკვე ევროკაშირში საბოოლოოდ გაწევრებას ყველა წევრი სახელმწიფოს (მთავრობისა და პარლამენტის) თანხმობა იქნება საჭირო.

როდის შეიძლება მოხდეს გაფართოება?

დოკუმენტის სულისკევთების გათვალისწინებით, გაწევრებისთვის კონკრეტული თარიღები გათვალისწინებული არაა. იგულისხმება, რომ მთავარია შესრულდეს დაწესებული პროცედურა და პრინციპები.

თუმცაღა, ანგარიშის ავტორები იზიარებენ შარლ მიშელის წინადადებას იმის შესახებ, რომ თავად ევროკავშირი მზად უნდა იყოს გაფართოებისათვის 2030 წელს. იმ ცვლილებების გათვალისწინებით, რის შემოტანასაც ისინი ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებს სთავაზობენ, ეს ფრიად ამბიციური გეგმაა და სწრაფ მუშაობას მოითხოვს.

რას უნდა ველოდეთ?

მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტის პათოსი გასაგებია, მასში მოცემულ რიგ საკითხებს, დამატებით განმარტება დასჭირდება. დოკუმენტის მიზანი დებატების გახსნაა და არა მაინცდამაინც მასში მოცემული დებულებების უპირობოდ პრაქტიკაში გადატანა.

ევროკავშირის ლიდერები და დიპლომატიური სამსახურები ამ საკითხებზე მუშაობას გააგრძელებენ და უახლოეს მომავალში კანდიდატი სახელმწიფოები და მათი მოსახლეობა ალბათ დამატებით და უკვე ოფიციალურ ინფორმაციას მიიღებენ ბრიუსელის მოლოდინების შესახებ.

მსგავსი/Related

Back to top button