ახალი ამბები

პოლიტიკური შეფასებები: ეროვნული ბანკის რეგულაციის ცვლილება ფარცხალაძის სასარგებლოდ

19 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეზე არ გავრცელდება საერთაშორისო სანქციები, თუკი ქართულ სასამართლოში მის  მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არაა გამოტანილი. ამ ცვლილებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება აღუდგინა.

პარლამენტის შფოთიანი სხდომა

პარლამენტის დღევანდელ სესიაზე ოპოზიცია მოითხოვდა დებატები გამართულიყო ოთარ ფარცხალაძისა და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებების საკითხზე რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. სხდომა მაინც არსებული დღის წესრიგით წარიმართა და დეპუტატებს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მოსმენა მოუწიათ.

ოპოზიციის ქალმა დეპუტატებმა თეა წულუკიანის გამოსვლისას ტრიბუნას დროშა ააფარეს, რომელზეც “ქართულ ოცნებასთან” მიმართებაში რუსულ გემთან დაკავშირებული ცნობილი ფრაზა იყო გამეორებული. დარბაზიდან გააძევეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. ჩოჩქოლი პარლამენტის ფოიეში გაგრძელდა. ოპოზიციონერი დეპუტატები “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს “რუსებს” ეძახდნენ, ხოლო მათ მმართველი გუნდი “აგენტებად” მოიხსენიებდა.

დღეს საღამოს ოპოზიციურმა პარტიებმა ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქციების გამართვა გადაწყვიტეს. შეკრებილები მოითხოვენ, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლობამ შეწყვიტოს საქართველოს ფინანსური სტაბილურობის ხარჯზე, აშშ-ს მიერ სანქცირებული ფარცხალაძის დაცვა. ამასთან, ისინი მოითხოვენ, თანამდებობიდან გადადგეს ნათია თურნავა.


“სამოქალაქო საქართველო” ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის კომენტარებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდი

ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე. რაც შეეხება ოპოზიციას, რატომ საუბრობენ ისინი ამ ყველაფერზე? იმიტომ რომ მათთვის არც სახელმწიფო არსებობს და არც საქართველოს მოქალაქე. ისინი არიან უცხოელი აგენტები და მათთვის მხოლოდ დავალებები არსებობს. ეს არის მათი მოტივაცია… ამ ქვეყანას აქვს კონსტიტუცია, რომელიც თავიდან ბოლომდე შესაბამისობაშია საერთაშორისო-სამართლებრივ  აქტებთან ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. მათ შორის საქართველოს კონსტიტუცია იცავს საკუთრების უფლებას, უდანაშაულობის პრეზუმპციას და რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა უნდა მოქმედებდეს ქვეყნის კონსტიტუციის და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად… გამოძიება დაწყებულია, ამ გამოძიების ფარგლებში საჭირო იქნება ყველა ინფორმაციის გამოთხოვა ამ [ფარცხალაძის] აგენტობასთან დაკავშირებით… თუ იქნება შესაბამისი მტკიცებულებები… ეროვნული ბანკის ბრძანებაში წერია, რომ თუ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში არის შესული, ამ შემთხვევაში შესაბამის პირზეც გავრცელდება სანქციები“.

გიორგი ვოლსკი, „ქართული ოცნება“, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე: „არ შეიძლება ადამიანის დასანქცირება, ისე თუ ამას საფუძვლად საკმაოდ სერიოზული ინფორმაცია არ უდევს, რომელიც ადგილობრივი მმართველობის მიერ უნდა იყოს გამოყენებული, რათა შესაბამისი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული… მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიებას ამის საშუალება ექნება. [ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაში] არავინ არ ჩარეულა“.

ოპოზიცია

ლევან ბეჟაშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება არის ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი. ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტო უკანონობის გამომხატველია… ამას მოჰყვება ფინანსური იზოლაცია, პრობლემა შეექმნება ქართულ ბანკებს, საერთაშორისო გადარიცხვებს, მოქალაქეთა ანაბრებს, პენსიას და სახელფასო სისტემებს. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოვითხოვთ, შეიკრიბოს ეროვნული ბანკის საბჭო… გააუქმოს ნათია თურნავას ერთპიროვნული გადაწყვეტილება“.

მიხეილ დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“: „ოცნება ფარცხალაძის დასაცავად მზად არის მეორე პლანზე გადაიტანოს ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესები.  კიდევ ერთი ფაქტი არის ის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი პირდაპირ ემსახურება პარტიული და ამ ქვეყანაში რამდენიმე ოჯახის ინტერესების დაცვას. საფინანსო სისტემისთვის საფრთხის შექმნა ნიშნავს იმას რომ, ხვალ და ზეგ შეიძლება ნებისმიერ ჩვენ მოქალაქეს საფრთხე შეექმნას [საბანკო] ტრანზაქციების განხორციელებაში“.

პაატა მანჯგალაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“:  „საქართველოს ხელისუფლებაში ფარცხალაძეზე უფრო დიდი რანგის, გაუშიფრავი აგენტები არიან და იმისთვის სჭირდებათ ეს რეგულაციების წესის შეცვლა, რომ მომავალში ამერიკის მიერ ახალი პირის მხილების შემთხვევაში მასზე არ გავრცელდეს… ფარცხალაძე არის გაშიფრული აგენტი… ახლა მომავალში გასაშიფრი აგენტები იბევებენ, რომ საქართველოდან ფულის გატანა მოასწრონ“.

მამუკა ხაზარაძე, „ლელო“: „ნათია თურნავა თავისი გადაწყვეტილებით პრაქტიკულად ასრულებს ბიძინა ივანიშვილის და შესაბამისად რუსეთის დავალებას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელი ინსტიტუტის ნგრევის პროცესისთვის. ეს არის ძალიან დიდი ზიანი და დიდი საფრთხე იმისთვის, რომ მომავალში ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა სერიოზული სანქციები დაუწესოს საბანკო სისტემას… ეროვნული ბანკის საბჭო გამოვიდეს და განმარტება გააკეთოს თუ რა პირობებში იყო მიღებული ეს გადაწყვეტილება. რა ზემოქმედება მოხდა“.

რომან გოცირიძე, საპარლამენტო ოპოზიცია „ევროოპტიმისტები“: „ეს არის მარიონეტი ადამიანი, ნათია თურნავა, რომელიც უნდა დასანქცირდეს და გააგდონ ეროვნული ბანკიდან“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button