skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 18 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მართალია შეხვედრის შემდეგ რაიმე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა, თავის შესავალ სიტყვაში, პრეზიდენტმა კანდიდატის სტატუსის მიღების საქმეში არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი.   

„მე ჩემ თავს ვთვლი ხალხის, მოსახლეობის, საზოგადოების წარმომადგენლად, და სწორედ თქვენ მოგმართავთ რადგან, თქვენ ხართ ამ საზოგადოების აქტიური ნაწილი და გაქვთ საშუალება, რომ თქვენი ხმა მიაწვდინოთ საზოგადოებას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ „ცხოვრებაში თავისით არაფერი მოდის“.

პრეზიდენტმა მოუწოდა ყველა დაინტერესებულ მხარეს, წვლილი შეიტანონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში და აღნიშნა, რომ იგი მზადაა გააგრძელოს საკუთარი ძალისხმევა ამ საქმეში. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამ მიზნით აპირებს გააგრძელოს ვიზიტები ევროპის მასშტაბით, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთსა და ბელგიაში.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მედიას ეკისრება პასუხისმგებლობა იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება არ იქნას გადატანილი ყველაზე აქტუალური საკითხიდან. „ქვეყანასა და საზოგადოებას ევროპული მომავალი უნდა, სხვა მომავალი ჩვენ არ გვაქვს და სხვა მომავალი, და ამას მინდა დღეს ხაზი გავუსვა, არ შეიძლება, რომ იყოს რუსეთი! საქართველო ამას არ დაუშვებს, მე არ დავუშვებ, თქვენ არ დაუშვებთ და არავინ არ დაუშვებს!“, – განაცხადა მან.

ზურაბიშვილმა თბილისი მერი კახა კალაძეც გააკრიტიკა, რომელმაც მანამდე პრეზიდენტი ნებართვის გარეშე ევროპის დედაქალაქებში ვიზიტების გამო გააკრიტიკა. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი „ეფ ეს ბეს“, თუ „კა გე ბეს“ აგენტი ყოფილა, ესაა ყველაზე დიდი უბედურება და ყველაზე, კიდევ უფრო დიდი უბედურებაა, როცა ამის შესახებ არ არის ისეთი ფორიაქი ყველა იმ უწყებებში, რომლებიც დღეს ამას უნდა იძიებდეს და ვიზეცაა პასუხისმგებლობა“, – განაცხადა მან და დეტალური გამოძიება მოითხოვა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირში კულტურული ინტეგრაცია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკური ინტეგრაცია. მან საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალის „ევროპალიას“ ქართველ მონაწილეებს მოუწოდა, რომ მათი მთავარი გზავნილი იყოს ,,საქართველო ევროპაა“, რაც ქვეყნის ევროპული მისწრაფების რეალიზებას შეუწყობს ხელს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button