პარლამენტმა რუსეთთან ფრენებისა და უვიზო რეჟიმის აკრძალვის შესახებ პეტიციის განხილვაზე უარი თქვა
საქართველოს პარლამენტმა არ განიხილა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენებისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის აკრძალვის შესახებ 6084 მოქალაქის მიერ ხელმოწერილი პეტიცია. საკითხი 12 სექტემბერს პროცედურულად პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა.
„იმ პოზიციიდან, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, რომ რუსეთს არ უწესებს სანქციებს, რადგან პირველ რიგში, ეს სანქციები მიმართული იქნება ქვეყნის ეკონომიკის დაზიანებისკენ და იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე… ვფიქრობთ, რომ მიზანშეუწონლად მივიჩნიოთ პეტიციის შესწავლა და შესაბამისად სიღრმისეულად განხილვა“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა.
მან კომიტეტის სხდომაზე პეტიციის ავტორებს აზრის გამოთქმის საშუალება არ მისცა.
სხდომაზე პეტიციის განხილვას მხარი ოპოზიციის ორმა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი უმრავლესობის ოთხმა წევრმა მისცა ხმა.
საქართველოს პარლამენტში პეტიცია 15 მაისს შევიდა, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის და ფრენების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. პეტიციის ინიციატორები რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას ეწინააღმდეგებოდნენ, რუსეთის მიერ საქართველოს 20%-ის ოკუპაციისა და უკრაინასთან მიმდინარე ომის ფონზე.
ასევე წაიკითხეთ:
- 0/05/2023 – „მორიგი რუსული პროვოკაცია!“ – პრეზიდენტი რუსეთის მიერ საქართველოსთან ვიზების გაუქმებასა და ფრენების აღდგენაზე
- 10/05/2023 – რუსეთმა 15 მაისიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და ფრენებზე აკრძალვა მოხსნა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)