skip to content
ახალი ამბები

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ექვსი უკრაინელია ჩარჩენილი

„ნოვაია გაზეტა – ევროპას“ ინფორმაციით, უკვე ერთი კვირაა, რაც უკრაინის ექვსი მოქალაქე რუსეთ-საქართველოს ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე იმყოფება, ვინაიდან საქართველო მათ ქვეყანაში შემოსვლის უფლებას არ აძლევს, ხოლო რუსეთში დაბრუნების მათ ეშინიათ.

გამოცემის თანახმად, მათ საზღვრის კვეთა 16–17 აგვისტოს სცადეს, მაგრამ ქართველმა მესაზღვრეებმა ამის უფლება არ მისცეს. ამავე ინფორმაციით, ხუთი მათგანი ყოფილი პატიმარია ხერსონის ოლქიდან, რომლებიც რუსეთის უშიშროების ძალებმა ოკუპაციის შემდეგ რუსეთში გადაიყვანეს. კიდევ ერთი მათგანი უკრაინელია, რომელიც რუსეთის „საფილტრაციო ბანაკში“ ყავდათ, თუმცა შემდეგ გაათავისუფლეს და ახლა ქვეყნის დატოვებას ცდილობს. კიდევ ერთი პირი, რომელიც აივ ინფიცირებულია, გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი დღეა წამლის გარეშეა დარჩენილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელისუფლების წინააღმდეგ „მორიგ უსაფუძვლო ბრალდებებს“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ „მყისიერად“ გამართა შეხვედრა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან ოლექსანდრ შულჰასთან და უკრაინის დიპლომატიურ მისიას მოქალაქეების უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით დახმარება შესთავაზა.

ამავე ინფორმაციით, უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა აღნიშნა საქართველოს საზღვართან მყოფი პირები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ საპატიმრო დაწესებულებაში,  უკრაინის შიდა პასპორტებს ფლობენ, თუმცა „საჭიროა მათი იდენტიფიცირება და უკრაინის შესაბამისი უწყებებიდან ნებართვების აღება, რასაც სჭირდება დამატებითი დრო“.

დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ იგი ამ ფაქტის შესახებ დედაქალაქს აცნობებს და მათ მითითებებს დაელოდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button