ევროპაევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 20 აგვისტო

ფრთაშესხმული უკრაინა

19 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებსა და დანიას სტუმრობდა. ორივე ქვეყანაში მას გულთბილად უმასპინძლეს, უკან კიივში კი, ფრთაშესხმული გაუშვეს. ნიდერლანდების წარმავალმა პრემიერმა, მარკ რუტემ ზელენსკის 42 ერთეული ამერიკული წარმოების F16 ავიაგამანადგურებლის გადაცემა აღუთქვა, დანიის პრემიერმა, მეტე ფრედერიკსენმა კი – ცხრამეტისა. მხოლოდ ამ ორი გულუხვი ქვეყნისგან უკრაინა 61 ავიაგამანადგურებელს მიიღებს. ნიდერლანდები და დანია უკრაინას პილოტების მომზადებაშიც დაეხმარებიან. აწი ჯერი სხვა ქვეყნებზეა.   

მთვარეს შეწირული მისია

თანამედროვე რუსეთის ისტორიაში პირველი მთვარის მისია კრახით დასრულდა. გაშვებიდან 10 დღეში, პლანეტთაშორისმა კვლევითი სადგური “Луна-25” დაშვების ნაცვლად მთვარის ზედაპირს დაენარცხა და სულიც განუტევა. “Луна-25”-ის პროექტზე რუსეთი 1997 წლიდან მოყოლებული მუშაობდა და მასზე ათეულობით მილიარდი რუბლი დახარჯა. 1976 წლის შემდეგ, ეს დამოუკიდებელი რუსეთის პირველი მცდელობა იყო კვლევითი კოსმოსური სადგური მიევლინა მთვარეზე. სადგურის გარეშე დარჩენილ რუსეთს ეგებ ინდოეთმა მოუგოს ნიშნი – “ჩანდრაიან-3”-ად წოდებული სადგური უსაფრთხო ადგილს ეძიებს და ხვალ აპირებს მთვარის ზედაპირზე დაჯდომას.

მთავრობაზე გულაცრუებული გერმანია

ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვებით, გამოირკვა, რომ გერმანელების 64% კოალიციური მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა და მთავრობის შეცვლას ისურვებდა. გამოკითხვების მიხედვით, მთავრობაზე უარეს დღეშია გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის რეპუტაცია, რომლის საქმიანობასაც გამოკითხულთა 70% უარყოფითად აფასებს. სოციალ-დემოკრატების, თავისუფალი დემოკრატებისა და მწვანეების კოალიციურ მთავრობაში დარჩენას კი მხოლოდ 22% უჭერს მხარს. კლებას განაგრძობს გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის რეიტინგიც, რომელიც ეხლა 18%-ზეა და მას პოპულარობით მემარჯვენე პოპულისტური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ უსწრებს.  

ევროპის შევსებული გაზსაცავები  

მათ ვინც რუსული გაზის ამარა დარჩენილი ევროპის გაყინვას ვარაუდობდა იმედები გაუცრუვდათ, რადგან გაირკვა, რომ ზამთრის სეზონის დადგომამდე ორნახევარი თვით ადრე, ევროკავშირის გაზსაცავები 90%-ით არის შევსებული. ევროკომისიის ცნობით კი, ევროპა მშვენივრადაა მომზადებული ზამთრის სეზონისთვის. ამასთან, პორტალ “Gas Infrastructure Europe”-ის მონაცემებით, ესპანეთის გაზსაცავები თითქმის 100%-ითაა შევსებული, ლატვიის – 77%-ით, გერმანიის კი – 92%-ით.მოკლედ, დიდწილად რუსული გაზის გარეშე დარჩენილი ევროპა არც გაყინულა და არც გაჩერებულა. საქმეს კი ისეთი პირი უჩანს, რომ შემდეგ წლებში ევროპის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა მხოლოდ გაძლიერდება.

მკვლელი მედდა

ზაფხულის და შობის არდადეგების სეზონი ბრიტანელებისთვის წმინდაა, ამიტომ ცოტა რამ თუ არსებობს ისეთი, რამაც შეიძლება სამეფოს ქვეშევრდომები ამ დროს შეძრას და მწყობრიდან გამოიყვანოს. ეს ლუსი ლეტბიმ მოახერხა, მან თანამედროვე ბრიტანეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მკვლელობების სერია ჩაიდინა. 2015-2016 წლებში, ჩესტერის სამშობიაროს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მუშაობისას, პროფესიონალმა მედდამ 7 ახალშობილი სიცოცხლეს განზრახ გამოასალმა და კიდევ 6 ახალშობილი ბავშვის მკვლელობა სცადა. როგორც გაირკვა, ლუსი ლეტბის სამიზნეს ნაადრევად დაბადებულლი ტყუპები წარმოადგენდნენ. სასამართლომ მას განსაკუთრებული სადიზმისთვის, ყოველგვარი შეწყალების უფლების გარეშე, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

ესპანელი პრინცესა სამეფოს სამსახურში

მანამ სანამ, ცალკე მემარცხენეები და ცალკე მემარჯვენეები ესპანეთში კოალიციური უმრავლესობის შეკვრას ცდილობენ და ამ მიზნით, კატალონიელი სეპარატისტების ბელგიაში გადასახლებულ ლიდერს, კარლეს პუჩდემონს თვალებში შესციცინებენ, ესპანეთის ტახტის მემკვიდრე პრინცესა ლეონორა, სარაგოსას სამხედრო აკადემიაში კადეტად ჩაირიცხა.  18 წლის პრინცესა ლეონორა მომდევნო სამი წელს, მამამისის, მეფე ფელიპე მეექვსის კვალად, სამხედრო სამსახურში გაატარებს. ესპანეთის სამეფო კარზე ძუ ლეკვი ხვადის სწორი არ გახლავთ – ლეონორა მეფე ფელიპესა და დედოფალ ლეტიციას პირველი შვილია და ამიტომაც ითვლება ტახტის მემკვიდრედ. მას უმცროსი და, პრინცესა სოფია ჰყავს. თუკი ფელიპესა და ლეტიციას ვაჟი მიეცათ, სწორედ ის გახდება ტახტის მემკვიდრე. ჩვენ კი წარმატება ვუსურვოთ ახალგაზრდა კადეტს, ევროპაში ისეთი დრო დგას, სამხედრო საქმის ცოდნა აშკარად გამოადგება.

მსგავსი/Related

Back to top button