ახალი ამბები

სოციალური სამართლიანობის ცენტრი: საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის განცხადებების ნახევარი კმაყოფილდება

არასამთავრობო ორგანიზაციამ „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ 3 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის განცხადებების მხოლოდ ნახევარი კმაყოფილდება.

სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ორგანიზაცია აცხადებს, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ამ რეგიონებიდან საქართველოს მოქალაქეობა, ოფიციალურად, 240-მა ადამიანმა მოითხოვა. აქედან, მოქალაქეობა მხოლოდ 57%-ს მიენიჭა (138 ადამიანი). არ დაკმაყოფილდა 46 განცხადება,  55 კი  განუხილველი დარჩა, ხოლო ერთზე კი წარმოება შეჩერებულია.    

სერვისების განვითარების სააგენტომ ყველაზე მეტი განაცხადი (120) 2021 წელს მიიღო, თუმცა აქედან მხოლოდ 65 დაკმაყოფილდა.    

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მოქალაქეობაზე განაცხადების დაკმაყოფილების დაბალი მაჩვენებელი ნეგატიურად აისახება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ზოგად ინტერესზე და მოტივაციაზე, მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა.

რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ამ რეგიონების მოსახლეობისთვის საქართველოს მოქალაქეობა მნიშვნელოვან ალტერნატივას წარმოადგენს. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაიაზროს კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ინტერესები, უფლებები და აღმოფხვრას ის ბიუროკრატიული თუ პოლიტიკური ბარიერები, რაც მათ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას უშლის ხელს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button