ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო სააკაშვილის სასარგებლოდ ლობირების ბრალდებებს უარყოფს

აშშ-ის საელჩომ თბილისში 26 ივლისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც შეშფოთება გამოთქვა ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და მისი თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებებისა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ გამოთქმული ბრალდებების გამო, რომ თითქოს ისინი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ ლობირებაში მონაწილეობდნენ.

„როგორც აღვნიშნეთ, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს ლობისტური ფირმებისგან, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა“, – განაცხადა საელჩომ.

წინაისტორია

ბრალდებები ეფუძნება უცხოელი აგენტების რეგისტრაციის კანონის (Foreign Agents Registration Act – FARA) ანგარიშს, რომელშიც, მმართველი პარტიის ინტერპრეტაციის საფუძველზე, ნათქვამია, რომ თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომელმა, ევან ელიოტმა 7 მარტს სააკაშვილის სახელით სატელეფონო საუბარი გამართა. ანგარიშის თანახმად, მისი ზარის მიზანი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი პოლონეთის თხოვნის განხილვა იყო. ეს უკანასკნელი ითხოვდა, რომ პოლონელი ექიმებისთვის სააკაშვილის მდგომარეობის შეფასებისა და მისი მკურნალობის უფლება მიეცათ.

თუმცა, ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ამ საკითხზე ევან ელიოტთან აშშ-ის საელჩოში ლობისტური კომპანიიდან რამდენიმე ზარი შევიდა [შენიშვნა: მოცემული აბზაცი დაემატა და წინა აბზაცში მეტი სიცხადისთვის დაზუსტდა, რომ ელიოტის ჩართულობის შესახებ ბრალდებები „ქართული ოცნების“ ინტერპრეტაციებს ეფუძნებოდა – Civil.ge, 28 ივლისი, 2023].  

ანგარიშში ასევე ნათქვამია, 8 მარტს იგივე თანამშრომელს კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი ჰქონდა დაგეგმილი, რათა „მაგნიტსკის სიის“ სტატუსი განეხილა და „შეხვედრა დაეგეგმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში იმყოფება, რათა სააკაშვილის შეწყალებისთვის მიეღწია“.

გასული კვირის მანძილზე ანგარიშზე კომენტარი მმართველი პარტიისა და „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა გააკეთეს. თბილისის მერმა კახა კალაძემ შეშფოთება გამოხატა უცხო ქვეყნის საელჩოს წარმომადგენლის ამგვარ ქმედებებში მონაწილეობის გამო. მან განაცხადა, რომ განმარტებების გაკეთება და პასუხების გაცემაა საჭირო და ივარაუდა, რომ ეს იყო ქვეყნის რეპუტაციის შელახვის მცდელობა, რომლის საბოლოო მიზანიც სანქციების დაწესებაა.

ანალოგიური პოზიცია გამოხატა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ. მისი თქმით, საელჩოს ჩართულობა საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება იყო, რომლის მიზანიც ქვეყანაზე სანქციების დაწესებაა. „ხალხის ძალის“ კიდევ ერთმა წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ ეს ფაქტები „არის სწორედ ცალკეული პირების, მათ შორის, ამერიკის საელჩოს თანამშრომლების, ყოფილი თუ მოქმედი ელჩების ანტიამერიკული და ანტიდასავლური პროპაგანდის მიზანი, რომელიც სწორედაც ჯდება რუსეთის ანტიევროპულ რიტორიკაში“. მისივე თქმით, მათი ქმედებები და განცხადებები არის „სწორედ ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობების წარმომშობი“.

FARA-სთან დაკავშირებული სხვა საკითხები

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ზემოხსენებული ანგარიში 19 ივლისს გამოაქვეყნა, სადაც დეტალურადაა აღწერილი მიხეილ სააკაშვილისა და მისი დედის, გიული ალასანიას მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების საქმიანობები. დოკუმენტის თანახმად, კომპანიები Akerman და GP International საანგარიშო ექვსთვიან პერიოდში სხვადასხვა საქმიანობებში იყვნენ ჩართულნი.  

ეს საქმიანობები იყო: სამედიცინო ექსპერტებთან, ქართველ იურისტებთან და კონსულტანტებთან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსახილველად სატელეფონო ზარებისა და მეილების გაცვლა. ამას გარდა, კომპანიებმა ევროპარლამენტში წარსადგენად რეზოლუციების პროექტები მოამზადეს და ევროპარლამენტის წამების საწინააღმდეგო კომიტეტს მიმართეს დასახმარებლად.

იმავე დღეს გამოქვეყნებულ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ GP International-მა მიხეილ სააკაშვილის იურიდიული გუნდის სახელით გიული ალასანიას სტრატეგიული საკონსულტაციო და საკომუნიკაციო მხარდაჭერა აღმოუჩინა, რომლის მიზანიც სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა იყო.   

ანგარიშის თანახმად, ლობისტურ საქმიანობაზე 96 393 აშშ დოლარი დაიხარჯა, ხოლო ფულის გადარიცხვაში გიული ალასანია, თემურ ალასანია და კომპანია Akerman იყვნენ ჩართულნი. ამასთან, Akerman-მა თემურ ალასანიასგან სააკაშვილთან დაკავშირებული ლობისტური საქმიანობისთვის 75 451 აშშ დოლარი მიიღო.

ვებგვერდზე გამოქვეყნებული კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც 28 თებერვლითაა დათარიღებული, შეიცავს მასალებს, რომლებიც GP International-მა სააკაშვილის შესახებ დასავლური მედიისთვის მოამზადა. ლობისტები აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება და მოუწოდებენ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და თავისუფალი ქვეყნების ლიდერებს, რომ სათანადო ზომები მიიღონ მის გასათავისუფლებლად.

FARA-ს ბოლო ანგარიშში ასევე გაშუქებულია PR მედია კომპანიის Cision PR Newswire საქმიანობა. ეს კომპანია სპეციფიური შინაარსის მქონე პრესრელიზებს ავრცელებდა, რომლებიც საერთაშორისო მედიაზე იყო გათვლილი. ერთ-ერთ ასეთ რელიზში საუბარია საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის კოალიციის ძალისხმევაზე სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად.

მმართველმა პარტიამ და სახელისუფლებო მედიამ განაცხადეს, რომ ამგვარი სამსახურისთვის მარგველაშვილმა სააკაშვილის სახელით 11 500 აშშ დოლარი მიიღო. მარგველაშვილმა ეს ბრალდება უარყო. დოკუმენტიდან ნათელია, რომ ფული პრესრელიზის გავრცელებაში დაიხარჯა, რომლის სათაურშიც მარგველაშვილის სახელი ფიგურირებს.

ასევე წაიკითხეთ:

24/07/2023 – მთავრობამ და ქართულმა ოცნებამ 2021 წელს აშშ-ის ლობისტურ კომპანიებზე 1 879 999 აშშ დოლარი დახარჯეს

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button