მთავარი თემა

რუსული ომის ექო: რატომ ეშინიათ ყაზახეთში?

2022 წელი ყაზახეთისთვის მძიმედ დაიწყო. იანვარში პროტესტი ამბოხში გადაიზარდა, ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ ქვეყანას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო დახმარება დასჭირდა. მაშინ ბევრმა ეს მომენტი აქამდე თავნება ყაზახეთის კრემლის დომინირების ქვეშ დაბრუნების დასაწყისად აღიქვა. თუმცაღა ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში გაჩაღებულმა ომმა ყაზახეთს საგარეოპოლიტიკური მანევრის სივრცე დაუბრუნა. ომი ახალდაწყებული იყო, როცა 2022 წლის 28 მარტს ყაზახეთის საგარეო მინისტრის მოადგილემ, რომან ვასილენკომ თქვა, “ახალი რკინის ფარდის მიღმა დარჩენას არ ვაპირებთო.” ამავე წლის ივნისში პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა პუტინის მხარდამხარ საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერდა მხარს. მას შემდეგ, ყაზახეთი აქტიურად ამყარებს კონტაქტებს ჩინეთთან, თურქეთთან, საუდის არაბეთთან და ევროკავშირთანაც.


ავტორი: მამუკა კომახია მკვლევარია და პოსტ-საბჭოთა სივრცეში მიმდინარე ამბებს აკვირდება


ასეულ ათასობით ომსგამოქცეული რუსის გადმოსახლებამ ყაზახეთში ორაზროვანი რეაქცია გამოიწვია. ერთი მხრივ – კვალიფიციური მუშახელი და კაპიტალი დაემატა ბაზარს. მეორე მხრივ კი, მოსახლეობის 38%-ზე ოდნავ მეტი მათი მიღების წინააღმდეგია. 2022 წლის დეკემბერში ყაზახეთმა რუსებს 90 დღეზე დიდხანს ქვეყანაში უვიზოდ დარჩენა აუკრძალა, თუკი მათ სამსახურის კონტრაქტი ან სხვა დამაჯერებელი მიზეზი არ აქვთ.

ყაზახების სკეპტიციზმს რუსეთის მოტივების მიმართ ღრმა ფესვები აქვს. უკრაინაში ომის პრელუდიამ ასტანას შეახსენა, რომ რუსეთის ავტორიტარი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მმართველობის პერიოდში ისტორიული ფაქტებით მანიპულაცია არა მხოლოდ აგრესიული საგარეო პოლიტიკის, არამედ შეიარაღებული აგრესიის საბაბადაც შეიძლება იქცეს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

  • უახლოესმა ისტორიამ აჩვენა, რომ პუტინის მიერ პირადად ჩატარებულ „ისტორიის გაკვეთილებს“ კრემლის მხრიდან სხვა ნაბიჯებიც მოსდევს. ხშირად ეს სამხედრო მოქმედების დაწყებისთვის გამართლების მომზადებას ნიშნავს.
  • საქართველოსა და უკრაინასთან სამხედრო დაპირისპირების შემდეგ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები დარწმუნდნენ, რომ კრემლი მათ წინააღმდეგადეგ ღია ომს არ მოერიდება. ამ მხრივ, ყველაზე დაუცველად თავს ყაზახეთი გრძნობს, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი სახმელეთო საზღვარი აქვს რუსეთთან. ყაზახეთში ეჭვის თვალით უყურებენ ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონების ისტორიული კუთვნილების საკითხზე რუსი პოლიტიკოსებისა თუ ინტელექტუალების გამოთქმულ მოსაზრებებს, რაც ყაზახეთის საწინააღმდეგო ფსევდო-ისტორიული მოსაზრებების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
  • უკრაინის ომში ყაზახეთის პოზიცია უფრო ნეიტრალურია, ვიდრე პრორუსული, რაც შეუმჩნეველი არ რჩება მოსკოვში. რუსეთს დღეს ალბათ არ აქვს ყაზახეთზე მეტი პოლიტიკური თუ სამხედრო ზეწოლის შესაძლებლობა, მაგრამ ქვეყანაშ მაინც შიშობენ, რომ მოსკოვის შემდეგი სამიზნე შეიძლება ყაზახეთი იყოს.

რუსულ გავლენასთან და სეპარატიზმთან ბრძოლა

რუსეთთან ახლო მოკავშირეობის მიუხედავად, ყაზახეთში რუსეთისგან განსხვავებული პოლიტიკური იდენტობის ჩამოყალიბებასა და მრავალმხრივი საგარეო პოლიტიკის განვითარებას ცდილობენ, რაც მოსკოვში ხშირად ანტირუსულ ნაბიჯად აღიქმება.

ყაზახეთში ეჭვობენ, რომ მათზე ზეწოლის განხორციელების მიზნით, კრემლი ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში რუსული სეპარატიზმის გაღვივებასაც უწყობს ხელს. ამის საპასუხოდ ყაზახეთმა, ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, არაერთი ნაბიჯი გადადგა რუსული სეპარატიზმის პრევენციისა და ქვეყანაში რუსული გავლენის შესამცირებლად:

  • რუსებით დასახლებულ ჩრდილოეთ რეგიონებში ავტონომიების შექმნის პრევენციის მიზნით, 1995 წლის საკონსტიტუციო ცვლილებით ქვეყნის ტერიტორიაზე ავტონომიური ოლქების შექმნა აიკრძალა.
  • 1997 წელს დედაქალაქი სამხრეთში მდებარე, ალმა-ათიდან, ჩრდილოეთში, ასტანაში გადაიტანეს. ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის ახალ დედაქალაქში და ჩრდილოეთ რეგიონებში ეთნიკური ყაზახების რაოდენობის გაზრდა მოჰყვა. ზოგადად პოსტსაბჭოთა პერიოდში რუსების რაოდენობამ ყაზახეთში მკვეთრად იკლო. თუ საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდისთვის, რუსები მოსახლეობის 38%-ს შეადგენდნენ, ამჟამად მათი რაოდენობა 16%-მდეა და მათი ძირითადი ნაწილი ჩრდილოეთ რეგიონებში ცხოვრობს.
  • ძირითადად ეთნიკური რუსებით დასახლებული რეგიონები ისეთ რეგიონებს შეუერთეს, სადაც ყაზახები იყვნენ უმრავლესობაში.
  • ხელისუფლებამ ჩრდილოეთ რეგიონებში ეთნიკური ყაზახების მიგრაციის წასახალისებლად მსურველებს სოციალური და ფინანსური სარგებელი შესთავაზა.
  • 2017 წლის გადაწყვეტილებით, ყაზახური ენა კირილიციდან ლათინურ ანბანზე უნდა გადავიდეს.
  • ყაზახეთის სამართალდამცავი ორგანოები მკაცრად რეაგირებენ რუსული სეპარატიზმის უმნიშვნელო გამოვლინებაზეც კი, მათ შორის სოციალურ მედიასა თუ ინტერვიუში გამოთქმულ მოსაზრებებზე.

ყაზახეთის ისტორიის გაკვეთილები“ პუტინისაგან

პუტინის „ისტორიის გაკვეთილები“ ვიდეო-ლექციების გარდა პუბლიცისტიკასაც მოიცავს.

2020 წელს, მან მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა, სადაც ისტორიული ფაქტების თავისეული ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა.

2021 წელს პუტინმა რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებზე გამოაქვეყნა სტატია, სადაც ამტკიცებდა, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია. ყველამ იცის თუ რაც მოჰყვა პუტინის ამ პუბლიცისტურ ნაშრომის თეზისების საგნობრივ განხორციელებას უკრაინაში.

ყაზახეთისთვის პუტინს ჯერ სტატია არ მიუძღვნია. იგი ჯერ მხოლოდ ქვეყნის ისტორიის ზეპირი ინტერპრეტაციებით შემოიფარგლება.

2014 წლის 29 აგვისტოს, სელიგერში, ახალგაზრდულ ფორუმზე – „სელიგერ-2014“ გამოსვლის დროს, პუტინმა განაცხადა, რომ „ყაზახეთი თავის არსებობას განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლას უნდა უმადლოდეს. ყაზახეთი, როგორც სახელმწიფო, ხელოვნური წარმონაქმნია, რომელიც 1991 წელს წარმოიშვა, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა“.

პუტინმა „კომპლიმენტები“ ნაზარბაევსაც უძღვნა. მისი თქმით, ნაზარბაევმა „იმ ტერიტორიაზე შექმნა სახელმწიფო, სადაც არასოდეს ყოფილა სახელმწიფო“. პუტინმა ნაზარბაევი პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე წიგნიერ ხელმძღვანელად მოიხსენია. პუტინს ამ საკითხზე შეკითხვა რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის სტუდენტმა, ანა საზონოვამ დაუსვა, რომელიც ყახაზეთის სამხრეთში ნაციონალისტური განწყობების ზრდით იყო შეშფოთებული, რომელსაც მისი აზრით, ნაზარბაევი აკავებდა. სტუდენტი ნაზარბაევის წასვლის შემდეგ ყაზახეთში უკრაინის მსგავსი პრობლემების შექმნის შესაძლებლობით იყო შეწუხებული.

პუტინის განცხადებას ყაზახეთში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ძირითადად ნეგატიური. ბევრმა ეს 2014 წელს უკრაინაში მიმდინარე აგრესიის ფონზე შეფარულ მუქარად აღიქვა. ყაზახეთში პროტესტის ნიშნად ფლეშმობიც ჩატარდა სახელით – „გაუგზავნე ისტორიის წიგნი პუტინს“.

ირიბად ამ საკითხზე ნაზარბაევმაც გააკეთა განცხადება. მისი თქმით, „ყაზახეთს აქვს უფლება გამოვიდეს ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან. ყაზახეთი არ იქნება იმ ორგანიზაციის წევრი, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენ დამოუკიდებლობას“. პუტინის განცხადებისადმი ყველაზე სიმბოლური პასუხი 2015 წელს ყაზახეთის სახელმწიფოებრიობის 550-ე იუბილის აღნიშვნა იყო, რითაც 1465 წელს ყაზახეთის სახანოს დაარსება აღნიშნეს.

რუსეთის თავკაცი ყაზახეთის თემას 2020 წლის 21 ივნისს, რუსეთის სახელმწიფო სატელევიზიო არხის – „Россия 1“-ის ეთერში დაუბრუნდა. დოკუმენტურ ფილმში  „მოსკოვი. პუტინი. კრემლი“ პუტინმა განაცხადა, რომ „საბჭოთა კავშირის შექმნის დროს კავშირში შემავალმა ბევრმა რესპუბლიკამ რუსეთის მიწების უზარმაზარი ნაწილი და ტრადიციული რუსული ისტორიული ტერიტორიები მიიღო“.

პუტინის შეფასებით, საბჭოთა კავშირიდან გასვლის დროს, თითოეული რესპუბლიკა იმ ტერიტორიებით უნდა გასულიყო, რითაც კავშირში შევიდა და „არ უნდა წაეყოლებინათ საჩუქარი რუსი ხალხისგან“. პუტინს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი რესპუბლიკა და რომელი ტერიტორიები იგულისხმა, თუმცა აღნიშნა, რომ „საბჭოთა კავშირის შექმნის დროს ხელშეკრულებაში გაწერილი იყო კავშირიდან გასვლის უფლება, მაგრამ არ იყო გაწერილი პროცედურები“. პუტინის განცხადება ყირიმის კონტექსტში იყო ნათქვამი, თუმცა პუტინის შეფასება ყაზახეთში ქვეყნის ჩრდილოეთი რეგიონებისადმი ტერიტორიულ პრეტენზიად აღიქვეს.

სოლჟენიცინი – პუტინის იდეოლოგი?

ყაზახეთისადმი პუტინის პრეტენზიების იდეოლოგიური ჩარჩოს ჩამოყალიბებას ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურიატს, საბჭოთა დისიდენტს, ალექსანდრ სოლჟენიცინსაც მიაწერენ.

თავის ცნობილ პუბლიცისტურ ესსეში – „როგორ მოვაწყოთ რუსეთი?“, რომელიც 1990 წლის ივლისში დაიწერა და იმავე წლის 18 სექტემბერს ორ გაზეთში, „კომსომოლსკაია პრავდასა“ და „ლიტერატურნაია გაზეტაში“, ჯამში 27 მლნ-იანი ტირაჟით გამოქვეყნდა, სოლჟენიცინი ყაზახეთზეც საუბრობს.

ესსეში წარმოდგენილია ავტორის ნააზრევი კომუნისტური პერიოდის შემდეგ რუსი ხალხის ცხოვრებისა და სახელმწიფოს  მოწყობის შესახებ. სოლჟენიცინი იმაზე ზრუნავს, თუ როგორ შეიძლება თანამემამულეების დახმარება უცხოეთში და კავშირის შენარჩუნება სამი სლავური სახელმწიფოსა და ყაზახეთის მონაწილეობით.

იგი ასევე მსჯელობს, თუ როგორ უნდა „გაეშვათ“ საბჭოთა კავშირიდან ყველა არასაჭირო ხალხი – ბალტიისპირელები, კავკასიელები, შუა აზიელები, მოლდოველები და სხვები. სოლჟენიცინი ყაზახეთის ჩრდილოეთ რეგიონებს რუსულ რეგიონებად მოიხსენიებს, რომლებიც რუსებმა ააყვავეს და მიიჩნევს, რომ ყაზახეთის სამხრეთი რეგიონები ძირითადად ყაზახებით არის დასახლებული და თუ მათ გამოყოფის სურვილი ექნებოდათ, მათ ამის გაკეთება უნდა შეძლებოდათ.

სოლჟენიცინი 2008 წლის 3 აგვისტოს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება არ უდარდიათ ყაზახეთში, სადაც მინიმალურად გააშუქეს ეს ამბავი. მას ხშირად უმადურობაში სდებდნენ ბრალს, რადგან მათი აზრით, სოლჟენიცინი გადასახლებაში ყაზახეთში, სწორედ აქაურებმა შეიფარეს.

კიდევ ვინ რა „იცის“ ყაზახეთის ისტორიაზე?

ვლადიმერ ვოლფოვიჩი – რუსი პოლიტიკოსი ალმა-ათიდან

აწ გარდაცვლილი ოდიოზური პოლიტიკოსი, ლიბელარულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ვლადიმირ ჟირინოვსკი, რომელიც ალმა-ათაში დაიბადა, ალბათ ყველაზე გამორჩეული ფიგურაა, ვისაც ყაზახეთის შესახებ განცხადებები გაუკეთებია.

2014 წლის 23 თებერვალს „Россия 24“-ის პირდაპირ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ „არ არსებობს არანაირი რესპუბლიკები შუა აზიაში. შუა აზიის ფედერალური ოლქი – მთავარი ქალაქი – ვერნი! დღეს მას უცხო სახელი ქვია, ალმათი – ჩემი მშობლიური ქალაქი. უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი მოიგონეს“. ჟირინოვსკის განცხადებამდე, ერთი დღით ადრე, უკრაინის პარლამენტმა პრორუსი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გადააყენა, რამდენიმე დღეში კი, მოსკოვმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია დაიწყო.

2014 წლის აგვისტოში ჟირინოვსკიმ კიდევ ერთი ცნობილი განცხადება გააკეთა რუსი კოლონისტების მიერ ყაზახური ქალაქების აშენების შესახებ. მისი შეფასებით, ყაზახეთში რუსოფობიური განწყობების კულტივირებას ახდენდნენ და ყაზახეთის ყველა ახალ სახელმძღვანელოში ანტირუსული განწყობები შეინიშნებოდა.

ლიმონოვის პასუხი ყაზახეთს

2014 წლის 21 თებერვალს, როდესაც იანუკოვიჩმა კიევი დატოვა, მწერალმა და ნაციონალისტმა პოლიტიკოსმა, ედუარდ ლიმონოვმა, გამოაქვეყნა სტატია – „ჩემი პასუხი ყაზახეთს“, სადაც ურალსკზე (ყაზ. ორალი), აქტიუბინსკზე (ყაზ. აქტობე), პეტროპავლოსკზე (ყაზ. პეტროპავლი), სემიპალატინსკზე (ყაზ. სემეი), პავლოდარზე და უსტ-კამენოგორსკზე (ყაზ. ოსკემენი) წერს, რომ „ესენი რუსული ქალაქებია. ყაზახებს საერთოდ არ ჰქონდათ ქალაქები, მათ ტრადიციული მომთაბარე კულტურა აქვთ.“ მან ყაზახებს მოუწოდა „დაებრუნებინათ სხვისი საკუთრება“.

ზატულინის მუქარა

მას შემდეგ რაც ცხადი გახდა, რომ ყაზახეთი უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას არ აღიარებდა (ყაზახეთის პოზიციის შესახებ საჯაროდ ცნობილი 2022 წლის 17 ივნისს, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, ქვეყნის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის განცხადებიდან გახდა), რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრმა, კონსტანტინ ზატულინმა გამოთქვა მოსაზრება ყაზახეთში შესაძლო შეჭრის თაობაზე.  ზატულინის თქმით, „მათ [ყაზახებმა] ძალიან კარგად იციან, რომ მთელ რიგ ოლქებს, სადაც ძირითადად რუსული მოსახლეობა ცხოვრობს, სუსტი კავშირი ჰქონდა იმასთან, რასაც ყაზახეთი ქვია“. ზატულინი დაიმუქრა, რომ „იმ შემთხვევაში თუ მოკავშირე სახელმწიფოებს მეგობრობა, თანამშრომლობა და პარტნიორობა აქვთ რუსეთთან, მათთან ურთიერთობაში ტერიტორიული საკითხების პრობლემა არ წარმოიქმნება. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია, როგორც უკრაინის შემთხვევაში.“

რას ფიქრობს მოლოტოვის შვილიშვილი

2020 წლის 10 დეკემბერს, სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ნიკონოვმა, რომელიც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელმომწერის, ვიაჩესლავ მოლოტოვის შვილიშვილია, რუსეთის „პერვი კანალზე“, სატელევიზიო გადაცემაში – „დიდი თამაში“ მონაწილეობისას განაცხადა, რომ „ყაზახეთი უბრალოდ არ არსებობდა. ჩრდილოეთ ყაზახეთი საერთოდ არ იყო დასახლებული. ისინი არსებობდნენ, მაგრამ უფრო სამხრეთით. ყაზახეთის ტერიტორია – ეს რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მხრიდან დიდი საჩუქარია.“

ნიკონოვის სიტყვებს ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან საპროტესტო ნოტა მოჰყვა. მოგვიანებით, ნიკონოვმა განმარტა, რომ ყაზახეთის ტერიტორიაზე თავის განცხადებაში გულისხმობდა, რომ ქვეყნის ინტერესები სრულად იყო დაცული ყაზახეთის სსრ-ის საზღვრების დადგენის დროს.

ნიკონოვს მალევე გამოექომაგა თავისი კოლეგა, ნაციონალისტი დეპუტატი ევგენი ფედოროვი, რომელმაც განაცხადა, რომ ნიკონოვს არაფერი არ უთქვია ახალი და აქამდე მსგავსი რამ პუტინმაც თქვა, თუმცა პუტინს არ დაუსახელებია ქვეყანა თუ ვის აჩუქა რუსეთმა ტერიტორიები. ფედოროვმა ყახაზეთს „თაღლითი-მეგობარი“ უწოდა, რომელსაც არ ახსოვს რუსეთის მიერ გაკეთებული საჩუქრები. ფედოროვის აზრით, თუკი ყაზახეთი თავის ტერიტორიებს რუსეთის საჩუქრად არ აღიარებს, რუსეთმა აუცილებლად უნდა მოითხოვოს მიწების დაბრუნება.

2021 წლის 5 იანვარს ყაზახეთის პრეზიდენტმა სამთავრობო გაზეთში გამოაქვეყნა სტატია, სადაც იგი წერს, რომ „ყაზახებისთვის ეს დიდი ტერიტორია გარედან არავის გადაუცია საჩუქრად“. ტოკაევმა თავისი სტატიით რუს დეპუტატებს უპასუხა. ტოკაევის შეფასებით, მსგავსი პროვოკაციული შეფასებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაფუჭებას ისახავს მიზნად. მისი თქმით, ყაზახეთმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს უცხოეთის ზოგიერთი მოქალაქის პროვოკაციულ ქმედებებს, რომლებიც მეზობლური ურთიერთობების გაფუჭებას ცდილობენ.

თქვა თუ არ თქვა მედვედევმა?

2022 წლის 1 აგვისტოს რუსულ სოციალურ ქსელში (ВКонтакте), ყოფილი პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის გვერდზე ცოტა ხნით გამოქვეყნდა პოსტი, სადაც ეჭვის ქვეშ იყო დაყენებული ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტის საკითხი. პოსტი სულ ათი წუთით იყო ხელმისაწვდომი და მალევე წაიშალა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მედვედევის ანგარიში გატეხეს. პოსტის მიხედვით, „უკრაინაში გამარჯვების შემდეგ მოსკოვმა უნდა დაიბრუნოს დაკარგული მიწები, რომლებიც მეზობელ ქვეყნებს ეკუთვნით, რის შედეგადაც აღდგება ერთიანი, ძლევამოსილი და დაუმარცხებელი რუსი“. პოსტში გამოთქმული მოსაზრებით, საქართველო „საერთოდ არ არსებობდა“ 1800-იან წლებში რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მის შექმნამდე, ყაზახეთი „ხელოვნურ სახელმწიფოდ“ იყო მოხსენიებული, ყაზახები კი „რუსების გენოციდში“ იყვნენ დადანაშაულებული.

სოლოვიოვის შოუ

2022 წლის ნოემბერში რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის შოუში ერთ-ერთ სტუმარმა განაცხადა, რომ „ჩვენ ახლა ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ შემდეგი პრობლემა ყაზახეთია, რადგან იქაც შეიძლება დაიწყოს იგივე ნაცისტური პროცესები, რაც უკრაინაშია“. გადაცემაში ისიც ახსენეს, რომ 2022 წელს ყაზახეთმა 9 მაისის აღნიშვნის ღონისძიებები  გააუქმა.

რისი ეშინიათ ყაზახეთში?

2008 წელს რუსეთმა საქართველოსთან ომი ე.წ. სამხრეთ ოსეთში საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოტივით გაამართლა. 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და 2022 წლიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი მოტივიც რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენაა. ამ მოვლენების ფონზე, ყაზახეთში, რომლის ჩრდილოეთ რეგიონებს მჭიდრო ისტორიული და ეთნიკური კავშირები აქვს რუსეთთან, გაძლიერდა შიში, რომ რუსეთმა მისთვის ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს შექმნის შემთხვევაში, მსგავსი ნაბიჯი შესაძლოა მათ წინააღმდეგაც გადადგას. ყაზახეთში კარგად იციან რუსეთში ყაზახეთის ჩრდილოეთი რეგიონების მიმართ გავრცელებული დამოკიდებულების შესახებ, რომელიც ქვეყნის ამ ნაწილს რუსულენოვან სამყაროს მიაკუთვნებს. სწორედ “რუსული სამყაროს” გავლენის პოტენციურ გაძლიერებას შიშობს 2022 წელს გამოკითხული ყაზახების 30%. შესაბამისად, რუსეთის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების მხრიდან მსგავს ტერიტორიულ პრეტენზიებზე ყაზახეთში მტკივნეულად რეაგირებენ და შესაძლო რუსული აგრესიის პრევენციაზე ფიქრობენ.

რას აპირებს ასტანა?

ლოკალურ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებების გარდა, ყაზახეთი საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის მკვეთრი ცვლილების გარეშე, ახალ პარტნიორებსა და მარშრუტებს ეძებს, რაც მისი აზრით, მომავალში ყაზახეთს რუსეთის შესაძლო ზეწოლისგან მეტად დაიცავს. მითუმეტეს, რომ რუსეთზე დაწესებული სანქციები და კრემლის პოლიტიკური თუ ეკონომიკური იზოლაცია, ასტანას ახალი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების გზების ძიებისკენ უბიძგებს.

ახალი კავშირების ძიების პოლიტიკის ერთ-ერთი შედეგია ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების გაფართოება. ჩინეთთან ვაჭრობის ზრდის გარდა, ჩინეთი ყაზახური ნავთობის მსხვილი იმპორტიორიც გახდა, რითაც პეკინი რუსეთის მარშრუტის კონკურენტად ყალიბდება. ყაზახეთში მიაჩნიათ, რომ ჩინეთის მძლავრ ეკონომიკურ შესაძლებლობებს რეგიონში რუსეთის ძალის დაბალანსების შესაძლებლობა გააჩნია.

ყაზახეთი და საქართველო

ახალი პოლიტიკური თუ ეკონომიკური კავშირების ძიების კონტექსტში საყურადღებოა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის, ალიხან სმაილოვის ვიზიტი საქართველოში 22 ივნისს. ვიზიტის ფარგლებშიც „შუა დერეფნის“ ინიციატივის განვითარებაზეც იმსჯელეს. დერეფნის, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოს და ყაზახეთს მოიცავს, განვითარების მიზანია ტვირთების ტრანსპორტირებისთვის მარშრუტის მიმზიდველობის გაზრდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, ყაზახეთი ცდილობს უფრო აქტიურად გამოიყენოს აზერბაიჯან-საქართველოს ტერიტორია ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებისთვის, განსაკუთრებით მას  შემდეგ რაც რუსეთის ტერიტორიის გავლით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება რამდენჯერმე შეფერხდა. ყაზახეთში ეჭვობენ, რომ ეს შემთხვევეთი არ იყო და კრემლი, უკრაინის კონფლიქტიში ასტანის ნეიტრალური პოზიციის გამო, მსგავსი ნაბიჯით მათზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებას ცდილობდა. „შუა დერეფნის“ განვითარებით კი ყაზახეთი ახალი კავშირების ჩამოყალიბებას და რუსეთის გავლენის შემცირებას იმედოვნებს.

მსგავსი/Related

Back to top button