ხიდჩატეხილობის პრობლემა
17 ივლისის ღამეს, აფეთქება მოხდა ყირიმის ხიდზე. რუსული მხარის ინფორმაციით, ხიდზე იერიში მიიტანეს უკრაინის მართვადმა უეკიპაჟო საზღვაო კატერებმა – ე.წ. საზღვაო დრონებმა. აფეთქების შედეგად, დაიღუპა რუსეთის ორი მოქალაქე და საგრძნობლად დაზიანდა საავტომობილო ხიდის მონაკვეთი. ამასთან, მომხდარიდან რამდენიმე საათში, უკრაინელებმა 30-მდე უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს თავად ყირიმის ნახევარკუნძულს, თუმცა მათი დრონების უმრავლესობა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოიგერია. ყირიმის ხიდსა და თავად ნახევარკუნძულზე მიტანილმა იერიშებმა დამფრთხალი რუსი დამსვენებელი კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ ყირიმის მიწაზე მათ მოსვენება არ უწერიათ, მოსკოვს კი შეახსენა, რომ ანექსირებული ნახერვარკუნძული ისეთივე საომარი მოქმედებების ზონაა, როგორც უკრაინის სხვა ოლქები.
მარცვლეულის ჩაშლილი გარიგება
17 ივლისის დილას, რუსეთმა „მარცვლეულის გარიგებაში“ მონაწილეობა შეაჩერა, შავ ზღვაზე ნაოსნობის უსაფრთხოების გარანტიებზეც უარი თქვა და შავი ზღვის აკვატორია საბრძოლო მოქმედებების ზონად გამოაცხადა. დიმიტრი პესკოვი ამტკიცებს – ყირიმის ხიდის აფეთქება აქ არაფერ შუაშია, უბრალოდ უკრაინული მარცვლეულის უდიდესი ნაწილი ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად კი არა, მდიდარი და გახრწნილი დასავლეთის ქვეყნებში ილექებაო. ამასთან, კრემლში ამბობენ – რუსულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას სანქციებით გუდავენ და გასაქანს არ აძლევენ, კიივი კი – საზღვაო ჰუმანიტარულ კორიდორს სამხედრო პროვოკაციების მოსაწყობად იყენებსო. „მარცვლეულის გარიგებიდან“ რუსეთის ცალმხრივ გასვლას „გახრწნილი დასავლეთის“ გარდა გამოეხმაურა თურქეთი და ჩინეთიც. მათ მოსკოვს გონივრულობისკენ მოუხმეს და გადაწყვეტილების გადახედვა ურჩიეს.
ბულგარეთის ფერისცვალება
სოფიაში ვოლოდიმირ ზელენსკის სტუმრობიდან სულ რაღაც ერთ კვირაში, ბულგარეთმა უკრაინის სამხედრო დახმარება აღმოუჩინა. ოფიციალურმა სოფიამ თავის ძველ საწყობებს ლუქი ახსნა და უკრაინას 100-მდე ერთეული შეჯავშნული ქვეითთა საბრძოლო მანქანა გაუგზავნა. მართალია ეს საკმაოდ ძველი – 40 წლის წინანდელი სამხედრო ტექნიკაა, რომელიც ჯერ კიდევ კომუნისტურ ბულგარეთს შეუძენია საბჭოთა რუსეთისგან, თურქი წარმომავლობის ბულგარელების “გონზე მოსაყვანად,” თუმცა უკრაინელ სამხედროებსაც ალბათ მშვენივრად წაადგებათ რუსეთის მოგერიების საქმეში. ნიშანდობლივია, რომ აქამდე ნატო-ს წევრი ბულგარეთი უკრაინას მხოლოდ ფარულად თუ აწვდიდა გარკვეული რაოდენობის ტყვია-წამალს, ღია სამხედრო მხარდაჭერას კი, თავს არიდებდა. როგორც ჩანს, ბულგარეთი რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებას დიდად აღარ ადარდებს და მზადაა თავის ნატო-ელ მოკავშირეებს ღიად ამოუდგეს მხარში უკრაინის სამხედრო დახმარების საქმეში.
ესტონური თადარიგი
საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე ფიქრობს პატარა, მაგრამ თადარიგიანი ესტონეთი. რამდენიმე დღის წინ, ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ხანო პევკურმა შეიარაღებული ძალების განვითარების სამწლიანი გეგმა დაამტკიცა, რომელიც თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 3%-მდე გაზრდას ითვალისწინებს. ამასთან, ველური და აგრესიული მეზობლის შემყურე ესტონეთი არ მალავს, რომ უახლოეს ხანში 1.2 მილიარდი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალის შეძენას აპირებს. ხანო პევკურს სამწლიანი გეგმის დამტკიცებისას, ისიც უთქვამს – გაზრდილ სამხედრო ხარჯებს ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განვითარებასა და სარაკეტო კომპლექსების შეძენას მოვახმართო.
ესპანეთის პოლიტიკური პაპანაქება
სულ რამდენიმე დღეში – 23 ივლისს, სიცხისგან დაფუფქულ ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ბოლო გამოკითხვების შედეგებს თუ დავეყრდნობით, მაღალი ალბათობით, პრემიერი პედრო სანჩესის მემარცხენე, კოალიციური მთავრობა ხელისუფლებას გამოემშვიდობება და მინისტრთა კაბინეტში მათ მემარჯვენე ძალები ჩაანაცვლებენ. მართალია პედრო სანჩესის „ესპანელ სოციალისტ მშრომელთა პარტიას“ იგივე – 28%-იანი მხარდაჭერა აქვს, რაც 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჰქონდა, მაგრამ მისი უმცროსი პარტნიორის – მემარცხენე გაერთიანება „სუმარის“ პოპულარობა 15%-დან 13%-მდეა შემცირებული. სამაგიეროდ, წინა არჩევნებთან შედარებით, 21%-დან 35%-მდეა გაზრდილი მემარჯვენე ცენტრისტული „სახალხო პარტიის“ მხარდაჭერა. მიუხედავად ამისა, „სახალხო პარტიას“ კოალიციური მთავრობის შესაქმნელად, ულტრა-მემარჯვენეებთან დაწყვილებაც დაჭირდება. აღდგომა და ხვალეო – ერთად ვნახოთ რა ბედი ეწევა პედრო სანჩესის კოალიციურ მთავრობას კვირა დღეს.
გამოცხადებული გადადგომის ქრონიკა
რამდენიმე დღის წინ, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ ვოლასმა ინტერვიუში თქვა – უახლოეს ხანში პოსტსაც დავტოვებ და პოლიტიკასაცო. 2019 წლიდან მოყოლებული, ბენ ვოლასი ერთგულად ემსახურებოდა სამეფო გვირგვინს და სამ პრემიერს. უკრაინაში ომის ფონზე, მან გვარიანი სახალხო კეთილგანწყობაც მოიხვეჭა და საერთაშორისო ავტორიტეტიც. საიდუმლო არ არის ისიც, რომ ბენ ვოლასს ნატო-ს გენმდივნის პოზიციის მორგება სურდა, რასაც დიდი ბრიტანეთიც აქტიურად ლობირებდა, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. სავარაუდოდ, უკვე სექტემბერში ბენ ვოლასი მისი უდიდებულესობის მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობაში აღარ იქნება წარმოდგენილი. პოლიტიკაზე იმედგაცრუებული ვოლასი არც მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას. ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის თითქმის გამოთავისუფლებულ პოზიციას კი, უკვე არაერთი კონსერვატორი პოლიტიკოსი უმიზნებს.