skip to content
ევროპაევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 2 ივლისი

ჟენიას დაჩუტული ამბოხი

23-24 ივნისს, რუსეთის სამხედრო სარდლობაზე გულმოსული ჟენია პრიგოჟინი თავის „ვაგნერელებთან“ ერთად, მოსკოვისკენ დაიძრა, გზად როსტოვის, ვორონეჟისა და ლიპეცკის ოლქის სამხედრო ობიექტები დაიკავა, რუსეთის რამდენიმე საფრენი საშუალება, მათ შორის სადაზვერვო თვითმფრინავიც ჩამოაგდო და მოსკოვამდე სულ რაღაც 200-იოდე კილომეტრით არმისული, უკან გამობრუნდა. როგორც თავად ამბობს – მოსკოვის სიახლოვეს სისხლის სუნი ვიგრძენი, რუსების სისხლს კი, მე არ დავღვრიდი, ამიტომ უკან გამოვბრუნდიო. არადა, სხვადასხვა ინფორმაციით, მის სამხედრო ამბოხს 20-მდე რუსი სამხედრო პილოტი შეეწირა. ალექსანდრე ლუკაშენკას შუამავლობით, გამოვაჭრებული გარიგებით, პრიგოჟინი და მისი გარემოცვა რუსეთსაც გაეცალა, უკრაინის ფრონტსაც და ეხლა ბელარუსში დასცა ბანაკი. რა საქმიანობით დაკავდება ავაზაკების ეს ჯგუფი ბელარუსში ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცხადია, რომ ერთ დროს სახელოვან „ვაგნერს“  კრემლის კეთილგანწყობა, ნდობა და სახსრები ერთდროულად გამოეცალა. რამ უბიძგა და ვისი იმედი ჰქონდა ჟენია პრიგოჟინს  ამ ამბოხში ჯერ რთული სათქმელია, მაგრამ დაკვირვებული თვალი შენიშნავდა, რომ მოსკოვისკენ დაძრულ „ვაგნერის“ კოლონას მართალია გზად სამხედრო წინააღმდეგობა დიდად არ შეხვედრია, მაგრამ მის მხარეზეც არავინ გადასულა, რაც შესაძლოა გახდა კიდეც ამბოხის ჩაფუშვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.  

ფრონტის ხაზი

უკრაინული კონტრშეტევა მძიმედ და სისხლიანად, მაგრამ წინ მიიწევს. ამასთან, ბოროტი ხმები ამბობენ კიივის კონტრშეტევის ნელი სვლით დასავლეთში ცოტა იმედგაცრუებულები არიანო, რაზეც ამას წინათ, უკრაინის გენშტაბის უფროსს, ვალერი ზალუჟნის დაცდენია – ცოტა გონს მოეგეთ, ფილმს კი არ უყურებთ კინოთეატრშიო. სამხედრო საქმეებში ჩახედული ხალხი კი ამბობს, რომ ყველაფერი წინ არის, რადგან კონტრშეტევაში ჯერ არ ჩართულან უკრაინის ძირითადი სამხედრო შენაერთები და დასავლური ტექნიკით შევსებული ჯავშანსატანკო ბრიგადები. სამხედრო ექსპერტების მოსაზრებით, კონტრშეტევას ისიც ართულებს, რომ უკრაინელებს არ გააჩნიათ საჰაერო უპირატესობა. ამასთან, რუს სამხედროებს რამდენიმე თვე ჰქონდათ თავდაცვითი ზღუდეებისა და ბარიების მოსაწყობად, რაც მათ გონივრულად გამოიყენეს კიდეც, ამიტომ იოლი და სწრაფი გარღვევების დრო როგორც ჩანს, წარსულს ჩაბარდა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ სხვადასხვა ინტენსივობით, უკრაინული კონტრშეტევა ზაფხულის ბოლომდე და შემოდგომის დასაწყისშიც კი, გაგრძელდება. უშუალოდ ამბოხების დღეებში, „ვაგნერის“ ამბოხს უკრაინის ფრონტის ხაზზე რაიმე საგრძნობი გავლენა არ მოუხდენია, თუმცა შესაძლოა მომავალში დაამჩნიოს თავის კვალი და გვარიანად წაადგეს კიდეც.

სწორება იულიუსის კალენდარზე

საერო და საომარი საქმეების პარარელურად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საეკლესიო საქმეებისთვისაც მოიცალა და რადაში შეიტანა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, უკრაინა ქრისტესშობის დღესასწაულს 7 იანვრის ნაცვლად, 25 დეკემბერს, იზეიმებს. თუ ზელენსკის კანონპროექტს რადა დაამტკიცებს, რაც სავსებით მოსალოდნელია, შემდეგ შობას უკრაინა დანარჩენ ევროპასთან ერთად – 25 დეკემბერს აღნიშნავს. ქრისტეშობასთან ერთად, ზელენსკიმ ორიოდე სხვა საერო დღესასწაულიც ევროპულ კალენდარს დაუახლოვა. საერო და საეკლესიო დღესასწაულების გადატანა-გადმოტანასთან ერთად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადაში შეიტანა კიდევ ერთი კანონპროექტი, რომლითაც უკრაინაში ინგლისურ ენას ოფიციალური სტატუსი მიენიჭება. კანონპროექტის თანახმად, საბაზისო ინგლისურის ცოდნა სავალდებულო გახდება მაღალი დონის საჯარო მოხელეებისთვის, საკონტრაქტო სამხედრო ოფიცრებისთვის, საშუალო და მაღალი რანგის პოლიციელებისთვის, პროკურორებისთვის, ასევე საგადასახადო და საბაჟო სამსახურების თანამშრომლებისთვის.

ჯანყი საფრანგეთში

მას შემდეგ, რაც კვირაზე მეტი ხნის წინ, საფრანგეთის ქალაქ ნანტერში პოლიციელმა 17 წლის ახალგაზრდა მოკლა, ქვეყანა ჯანყისა და ცეცხლის ალში გაეხვა. მკვლელობაში ეჭვმიტანილ პოლიციელს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა კი მიუსაჯა, მაგრამ ამან სახალხო მღელვარების აგორება ვერ შეაჩერა და 17 წლის ბიჭის მკვლელობას მძლავრი და ძალადობით გაჯერებული მასიური პოლიტიკური პროტესტი მოჰყვა. ფრანგების ცეცხლს ნავთი იმანაც დაუმატა, როდესაც საკუთარი პრეზიდენტი, დემონსტრაციების დაწყებიდან ორიოდე დღეში ელტონ ჯონის გამოსამშვიდობებელ კონცერტზე დალანდეს. ბევრ ქალაქში ახალგაზრდებმა მანქანები და მერიის შენობები გადაწვეს, ხოლო მაროდიორებმა მაღაზიების ლეწვა და ქურდობა დაიწყეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ პოლიციელის მიერ მოკლული ახალგაზრდას ბებიამ დემონსტრანტებს ძალადობის შეწყვეტისა და დაცხრობის თხოვნით მიმართა. პრეზიდენტმა მაკრონმა ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაც მიატოვა და გერმანიაში სახელმწიფო ვიზიტიც გააუქმა, რათა მატინიონის სასახლეში მთავრობა შეეკრიბა და შექმნილ საგანგაშო მდგომარეობაზე ემსჯელა. მღელვარება თითქოს ნელ-ნელა ცხრება, მაგრამ მეხუთე რესპუბლიკის თავკაცები შეთანხმდნენ, რომ სერიოზულად დაფიქრდებიან იმაზე, თუ რა მოხდა ფრანგების თავს და რამ გამოიწვია ასეთი სახალხო ჯანყი.  

დაფერფლილი ყურანი

შვედეთის სასამართლომ უმსჯელია და დაუდგენია, რომ ყურანის დაწვა დანაშაული არ არის და შესაბამისად, აკრძალვასაც ვერ დაექვემდებარებაო. სასამართლო ამ გადაწყვეტილებით შეგულიანებულმა ორმა დემონსტრანტმა სტოკჰოლმის მთავარ მეჩეთთან, პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ, ყურანი საჯაროდ დაწვა. სტოკჰოლმის მეჩეთთან ყურანის დაწვა თურმე ახალგაზრდა ერაყელმა ლტოლვილმა ითავა, რომელიც შვედეთში ყურანის აკრძალვას ითხოვს და ფიქრობს, რომ ის შვედურ დემოკრატიას ემუქრება. ერაყელი ახალგაზრდა იმედოვნებს, რომ თავისი ნამოქმედარით ის შვედურ საზოგადოებას შეაფხიზლებს. სტოკჰოლმში ყურანის საჯარო დაწვა ყურბან-ბაირამის დღესასწაულს დაემთხვა, რაც მუსლიმურ ქვეყნებს, განსაკუთრებით კი, თურქეთს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. როგორც მოსალოდნელი იყო, ყურანის დაწვას პროტესტი მოჰყვა ერაყსა და ირანში, სადაც შვედეთის დროშები დაწვეს და სტოკჰოლმს ანგარიშსწორებითაც დაემუქრნენ. ნიშანდობლივია, რომ წლის დასაწყისში შვედეთში უკვე დაწვეს ერთი ყურანი თურქეთის საელჩოსთან, რამაც თურქეთი ფრიად გააღიზიანა, ერდოღანმა კი სტოკჰოლმს შეუთვალა – ნატო-ში თქვენს წევრობაზე ჩემი თანხმობის იმედი დიდად ნუ გექნებათო. უნდა ვივარაუდოთ, რომ დაფერფლილი ყურანის ფურცლები არც ამჯერად დაახლოვებს შვედეთს ნატო-სთან, რომლის შესასვლელ კარიბჭესაც რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფხიზლად დარაჯობს.

ლიეტუვას გერმანული ამოსუნთქვა

რუსეთის აგრესიული სამეზობლო პოლიტიკით შეწუხებულმა გერმანელებმა გადაწყვიტეს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგი გააძლიერონ და ამ მიზნით ლიეტუვაში მუდმივად განთავსონ ოთხი ათას კაციანი გერმანული ბრიგადა. ეს ამბავი, ლიტვაში ვიზიტით მყოფმა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ვილნიუსში გაახმოვანა. ლიეტუვას ფლანგი არც აქამდე ყოფილა მოშიშვლებული – იქ განთავსებულია ნატო-ს 1600 კაციანი საბრძოლო შენაერთი, რომელთაგან ნახევარი ბუნდესვერის ჯარისკაცები არიან, დანარჩენები კი – ნიდერლანდების, ბელგიის, ჩეხეთის, ნორვეგიის, ხორვატიისა და ერთი ციცქნა ლუქსემბურგის სამხედროები. ბერლინს ადრეც ჰქონდა ნათქვამი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგს დიდწილად ჩემს თავზე ავიღებო, მაგრამ გაურკვეველი იყო გერმანული დანაპირების ვადები და მასშტაბები. ჯანმრთელი, სრულყოფილი გერმანული ბრიგადის სამუდამო განთავსებით კი, ლიეტუვაც შვებით ამოისუნთქავს და დანარჩენი ბალტიის ქვეყნებიც უფრო დაცულად იგრძნობენ თავს.

მსგავსი/Related

Back to top button