ევროპამთავარი თემა

გამოსვლა ჩრდილიდან: ჰაკან ფიდანი

თურქეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილ უფროსს, ჰაკან ფიდანს, პრეზიდენტ რეჯებ ტაეპ ერდოღანის შავი საქმეების ოსტატისა და უერთგულესი კარისკაცის სახელი ჰქონდა დავარდნილი. დღეს ფიდანი ჩრდილიდან გამოვიდა და თუკი საგარეო მინისტრის როლს წარმატებით მოირგებს, ეგებ მისი ბატონის მემკვიდრედაც მოგვევლინოსო, ამბობენ თურქეთში.


ჰაკან ფიდანი ცამეტი წლის მანძილზე გულმოდგინედ ირჯებოდა თავისი მფარველის ჩრდილქვეშ. ყოველთვის იქ იყო, სადაც ეს ერდოღანს სჭირდებოდა: შეხვედრები იქნებოდა, კულისებს მიღმა საუბრები, თუ საპროტოკოლო ფოტოების გადაღება. ოღონდაც პატრონისაგან ყოველთვის საპატიო მანძილზე ეჭირა თავი. როცა პრეზიდენტი ერდოღანი თავის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან ერთად მოგზაურობდა, ფიდანიც იქ იყო, დელეგაციის წევრად, როგორც პოლიტიკური ბინდ-ბუნდის უფლისწული, ეფექტური, მაგრამ მოკრძალებული.

აწ უკვე საგარეო მინისტრად ნაკურთხ ჰაკან ფიდანს ბევრი არასოდეს ულაპარაკია, მაგრამ თურქულ სადაზვერვო სამსახურს (MIT) სანამ ედგა სათავეში, მისი სათქმელი ყველაზე მნიშვნელოვან სამიზნეს – სახელმწიფოს მეთაურის ყურს – უტყუარად აღწევდა. იმდენად, რომ თურქეთში ერდოღანის შემდეგ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსადაც თვლიდნენ. უერთგულესი მოხელე, რეჟიმის ყველაზე იდუმალი საქმეების მომგვარებელი და ეგებ პრეზიდენტის შესაძლო მემკვიდრეც?! აკი, ამ უკანასკნელმა ერთხელ მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა, ფიდანი “ჩემი შავი ყუთიაო”?

ასეა თუ ისე, ხელახლა არჩეულმა ერდოღანმა თავისი ქვეშევრდომი ჩრდილიდან თაკარა მზის გულზე გამოიყვანა და საგარეო სამინისტროს თავკაცად დანიშნა. ამ გადაწყვეტილებას ანკარაში გაკვირვება არ მოჰყოლია – კარგა ხანია, ამგვარი დანიშვნის ვარაუდი ჭორად დადიოდა. დაზვერვაში ყოფნისას, ფიდანს ახლო აღმოსავლეთში თურქეთის პოლიტიკის გავარვარებული საქაღალდე ებარა: ეგვიპტესთან და საუდის არაბეთთან ურთიერთობების აღდგენა სწორედ მისი ნახელავია. სწორედ ფიდანი ხლართავდა კავშირებს ლიბიასა და სირიაშიც, სადაც ერდოღანი – მოსკოვის შუამავლობით – ასადთან მოწამლული ურთიერთობების აღდგენას დღესაც ცდილობს.

სტრაგეგიული ავტონომია

5 ივნისს, როცა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად იბარებდა, ჰაკან ფიდანმა თქვა, მეო, “საგარეო პოლიტიკის ეროვნულ ხედვას მივსდევო”. კარგა ხანია, ანკარა საგარეო პოლიტიკას “სტრატეგიული ავტონომიის” ჭრილში უცქერს, ანუ მიზნად ის დაუსახავს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ქცევა დამოუკიდებლად, გარეშე ზეგავლენის ანდა შეზღუდვების გარეშე განსაზღვროს. ამგვარი მიდგომა ფიდანს ისე ერგება, როგორც რკინის თათმანი დაკუნთულ ხელს.

21 ივნისს, ლონდონში უკრაინის აღდგენის თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ახალმა საგარეო მინისტრმა ასეთი რამ თქვა: “თურქეთი მზადაა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი იყოს, ყირიმის ჩათვლით, რომელიც თურქი თათრების სამშობლოაო”. ეს უკანასკნელი დაზუსტება კარგად ასახავს, თუ რა ღრმადაა ჩართული თურქეთი უკრაინის საქმეებში. არც თავის ახალ კოლეგებთანაა ფიდანი უცხოდ, ლონდონშივე, აშშ სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან საუბარში ახალი მინისტრი შინაურულად გრძნობდა თავს და ძალდაუტანებლად დააგდო საუბარში, “მადლობა, ტონი…”

არც მკაცრად საუბარს უფრთხის – როცა სტოკჰოლმში კიდევ ერთხელ დაწვეს ყურანი, ფიდანმა “ამგვარი აქტების შეწყნარება თანამონაწილეობის ტოლფასიაო” შეუთვალა შვედეთს, რომლის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა სულ უფრო ბუნდოვანი და შორეული ხდება უნგრული და თურქული წინააღმდეგობის გამო. ამგვარი პოზიციით, ფიდანმა ისლამისტ ნაციონალისტებს, ერდოღანის ერთგულ ამომრჩევლებსაც ოსტატურად გაუგორა კოჭი.

ამას გარდა, 54 წლის ჰაკან ფიდანს ფრიად იშვიათი უპირატესობა გააჩნია: ჯარს ხომ იცნობს და იცნობს, მაგრამ თურქული ბიუროკრატიის ჩახლართულ კორიდორებშიც ადვილად იგნებს გზას. ის ანკარაშია დაბადებული, მამამისი ქურთული წარმოშობისა გახლდათ, 18 წლის ასაკში სამხედრო აკადემია და უცხო ენების სამხედრო ინსტიტუტი დაასრულა. თხუთმეტი წელი ჯარში მსახურობდა და სამხედრო კარიერა გერმანიაში გაასრულა, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების მეთაურის მოადგილის რანგში.

სამოქალაქო კარიერა

ფიდანს ორი დიპლომი აქვს – მენეჯმენტის მაგისტრისა მერილენდის უნივერსიტეტიდან და საერთაშორისო ურთიერთობის დოქტორისა, ბილკენტის უნივერსიტეტიდან, ანკარაში. დიპლომი ირანის ენერგეტიკულ პოლიტიკაზე დაიცვა და სამოქალაქო კარიერაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) დაიწყო, ვენაში. შემდეგ გაეროს განიარაღების კვლევის ინსტიტუტში მუშაობდა, ჟენევაში. ბოლოს, ფიდანი თურქეთის საგარეო თანამშრომლობისა და განვითრების სააგენტოს, TIKA-ს შეუერთდა, რომლის მთავარი ამოცანაც თურქული გავლენის გავრცელებაა განვითარებად ქვეყნებში. წარმატებული ახალგაზრდა სწრაფადვე შეამჩნიეს და 2007 წელს ის უკვე რეჯებ ტაეპ ერდოღანის, მაშინ ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის, კაბინეტში აღმოჩნდა, სახელმწიფო მდივნის მოადგილის რანგში, როგორც საგარეოპოლიტიკური მრჩეველი.

2009 წელს, როცა ანკარა ცდილობდა, დასავლეთის ქვეყნებსა და ირანს შორის თეირანის ატომურ პროგრამაზე შუამავლის როლი ეთამაშა, ჰაკან ფიდანი მოლაპარაკებებში აქტიურად ჩაერთო და იცავდა თეირანის უფლებას, სამოქალაქო დანიშნულების ატომური ენერგეტიკის პროგრამა დაუბრკოლებლად გაეგრძელებინა. მომდევნო წელს, ის თურქული დაზვერვის თავკაცად დაინიშნა.

დანიშვნისთანავე, ფიდანმა სადაზვერვო სააგენტოს რეორგანიზაციას მიჰყო ხელი, სამხედრო დაზვერვაც დაიქვემდებარა და ამით დაზვერვა კიდევ უფრო გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებითაც და თანამდებობითაც ჩრდილოვან როლს თამაშობდა, ფიდანის სახელმა არაერთხელ ამოყვინთა საგაზეთო პოლემიკაში. 2013 წელს, დავიდ იგნაციუსის სტატია გამოქვეყნდა ვაშინგტონ პოსტში, რომლის თანახმადაც, ისრაელი ფიდანს თეირანის მეგობრად თვლიდა და სწორედ მას აბრალებდა ირანში ისრაელის ათზე მეტი აგენტის ჩავარდნას. შვეიცარიულ ნოიე ციურიხერ ცაიტუნგში ამასწინათ გამოქვეყნებული სტატია იმასაც ამტკიცებს, ფიდანს ახლო ურთიერთობა ჰქონდაო ირანის რევოლუციის მცველთა გენერალ ღასემ სოლეიმანისთან, რომელიც აშშ-ს დარტყმამ შეიწირა 2020 წელს.

საჩოთირო საქაღალდეები

დაზვერვის შეფს აუცილებლად ექნებოდა შეხება სირიაში, ამბოხებულებისათვის 2012 წლიდან იარაღის მიწოდების საქმესთან. თურქეთის ოპოზიციურ გაზეთ ჯუმჰურიეთში მაშინ სენსაციური სტატია გამოქვეყნდა, რის თანახმადაც იარაღს არა მხოლოდ “სირიის თავისუფალი არმია” იღებდა, არამედ ადგილობრივი რადიკალი ისლამისტებიც. ამ სტატიისთვის გაზეთის რედაქტორი, ჯან დიუნდარი პასუხისმგებლობაში მისცეს და საბოლოოდ ბერლინში გადახვეწით უშველა თავს.

ჰაკან ფიდანი ამ საჩოთირო საქაღალდეებს უშუალოდ ქვეყნის მეთაურთან ერთად ფურცლავდა. წლების განმავლობაში, სწორედ ფიდანი წარმოადგენდა პრეზიდენტს ქურთ ამბოხებულებთან საიდუმლო საუბრებში. ის პირადად იყო მისული ციხეში თურქეთის მშრომელთა პარტიის (PKK) ტუსაღ ლიდერთან, აბდულა ოჯალანთან და მისი ნდობაც დაიმსახურა. ოჯალანი იმდენად უხვად გასცემდა კომპლიმენტებს, რომ ანკარაში სასამართლომ საქმეც კი აღძრა ფიდანის წინააღმდეგ “ტერორისტთან უკანონო ურთიერთობის” ბრალდებით.

ერდოღანმა მაშინ პირადად დაიცვა თავისი პროტეჟე და თავის თავზე აიღო ოჯალანთან მოლაპარაკებებზე პასუხისმგებლობა. მოგვიანებით ცხადი გახდა, რომ ეს საუბრები იმ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის ნაწილი იყო, რომელსაც ერდოღანი კონსერვატორ ფეთულა გიულენის გავლენის აღმოსაშანთად აწარმოებდა სახელმწიფო ინსტიტუტებში, გიულენისა, რომელიც ყოველთვის თავს არიდებდა ქურთულ საკითხს. სხვა ბიუროკრატებისაგან განსხვავებით, ფიდანს გიულენისადმი არანაირი სიმპათია არ აკავშირებდა და გიულენისტების განადგურების საქმეში ერდოღანის საყრდენადაც სწორედ ის იქცა.

ჩაგდებული გამოცდა

ამ ბრძოლის კულმინაციური მომენტი 2016 წელს დადგა, როცა სამხედროების ნაწილი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეეცადა და ჩაფლავდა. ჰაკან ფიდანმა ამ მოვლენებში საკვანძო როლი ითამაშა. 15 ივლისს, ნაშუადღევს, მას საეჭვო მოძრაობების შესახებ აცნობეს ანკარასთან ახლოს განლაგებულ საჰაერო ძალების ერთ-ერთ ბაზაზე. ამის შესახებ დაზვერვის შეფმა გენშტაბის უფროსს, ჰულუსი აქარს 16 საათისათვის კი აცნობა, მაგრამ სამოქალაქო ხელისუფლებას ან თავის უფროსს – არა. მიმდინარე მოვლენების შესახებ ჩემმა სიძემ გამაგებინაო, 20 საათისთვისო, მოყვება ამ ამბების დასრულების შემდეგ რეჯებ ერდოღანი, რომელიც მარმარისში ისვენებდა და პუტჩის დაწყებიდან სამი საათის შემდეგღა მოაქცია იქედან სამთავრობო თვითმფრინავით გაქცევა.

როცა ვითარებაზე კონტროლი აღადგინა, ერდოღანმა თავის მარჯვენა ხელს მიუგდო – “ამ გამოცდაზე ჩაიჭერიო”, მაგრამ გადადგომის განცხადება კი არ მიიღო – ცხენებს ბრძოლაში არ ცვლიანო, უთხრა მაშინ მედიას. დღესაც არ ვიცით, ფიდანი იმიტომ შეყოყმანდა, რომ სადაზვერვო ინფორმაციას არ ენდო, თუ განგებ აცალა პუტჩისტებს თავის გამოაშკარავება, რომ მეტი შეთქმული მოხვედრილიყო სპეცსამსახურების კაკანათში.

ყოველდღიურ გაზეთ ჰურიეთის ცნობით, პრეზიდენტთან ამ საქმის გარჩევა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა, ერდოღანს უთქვამს “ახლა თქვენს კარიერას ლაქა აცხიაო”, – “რასაც მიბრძანებთ, იმას მოვიმოქმედებო”, უპასუხია ფიდანს. ამ ამბის შემდეგ, დაზვერვის შეფი უმოწყალოდ სდევნიდა ქურთული პარტიისა და გულენის მომხრეებს. სიტყვის ამოუღებლად, როგორც თავკაცის – “რაისის” – ერთგული ჯარისკაცი.

მისი აღმასვლა ხელისუფლების იმ მრუმე დერეფნებში დაიწყო, სადაც დაზვერვის სპეციალისტები ბუდობენ. ოღონდაც ახლა, პრეზიდენტის “შავი ყუთი” პროჟექტორების შუქქვეშ აღმოჩნდა და ამ ახალ ვითარებასთან შეჩვევა დასჭირდება.

პირველწყარო
En Turquie, Hakan Fidan, le nouveau chef de la diplomatie, prince des ténèbres de la politique

მსგავსი/Related

Back to top button