ევროპამთავარი თემა

სასიკვდილო გასროლა: საფრანგეთი პოლიციის მიერ იარაღის გამოყენებაზე შფოთავს

რა ხდება?

27 ივნისს საპატრულო სამსახურის პოლიციელმა საბუთების შესამოწმებლად გაჩერება მოსთხოვა და დაუმორჩილებლობის გამო სასიკვდილოდ დაჭრა 17 წლის ნაელი პარიზის გარეუბან ნანტერში. მკვლელობამ ბუნტი გამოიწვია, რომელიც მეცხრე დღეა გრძელდება. ამავე დროს, ფრანგების ყურადღებიც ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა პოლიციის მიერ იარაღის გამოყენების პრობლემა.

როდის შეუძლია ფრანგ პოლიციელს იარაღის გამოყენება?

2017 წლის ეროვნული უსაფრთხოების კოდექსით, პოლიციელს იარაღის გამოყენება ოთხ შემთხვევაში შეუძლია:

  • თუკი საფრთხე ემუქრება მათ სიცოცხლესა და ფიზიკურ უსაფრთხოებას, ანდა შეიარაღებული პირი ან პირები საფრთხეს უქმნიან მისი ან სხვა პირების სიცოცხლეს.
  • მაშინ, როცა ორი ხმამაღალი გაფრთხილების შემდეგ, მათ არ შეუძლიათ იმ ადგილის (შენობის, ოთახის) სხვა გზით დაცვა, სადაც ისინი ან მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები არიან.
  • მაშინ, როცა, ორი ხმამაღალი გაფრთხილების შემდეგ, მათ სხვა გზით არ შეუძლიათ დაკავების ან გამოძიების წარმოებისას დაკავებული პირის ან პირების შეჩერება, რომლებიც გაქცევის შემთხვევაში საფრთხეს შეუქმნიან საკუთარ ან სხვათა სიცოცხლეს ან ფიზიკურ უსაფრთხოებას.
  • მაშინ, როცა მათ იარაღის გამოყენების გარდა, სხვაგვარად არ ძალუძთ ავტომობილის, ნავის ან სხვა სატრანსპორტო საშუალების შეჩერება, თუკი მათი მძღოლები არ ემორჩილებიან შეჩერების ბრძანებას და თუკი მათში მსხდომნი სავარაუდოდ საფრთხეს შეუქმნიან საკუთარ ან სხვათა სიცოცხლეს ან ფიზიკურ უსაფრთხოებას.
  • რათა უშუალოდ ჩადენილი მკვლელობის შემდეგ, თავიდან აირიდონ კიდევ ერთი ან რამდენიმე მკვლელობა მაშინ, თუკი მათ გააჩნიათ არსობრივი და ობიექტური ინფორმაცია რათა ივარაუდონ, რომ დამნაშავე მზადაა იარაღი გამოიყენოს.

რა შეიცვალა 2017 წელს?

ადრე, მსგავსი მიზეზებით (გარდა ბოლო პუნქტისა) იარაღის გამოყენების ნებართვა მხოლოდ სპეციალური დანიშნულების, შეიარაღებულ საპოლიციო დანაყოფებს ჰქონდათ. 2017 წელს ეს უფლება ყველა პოლიციელს მიეცა.

ამის საბაბი გახდა 2016 წლის ოქტომბერში პოლიციელებზე თავდასხმა, როცა ორი პოლიციელი მძიმედ დაიჭრა. პოლიციის პროფკავშირებმა მთავრობისაგან იარაღის გამოყენების გაადვილება მოითხოვეს.

2017 წლამდე “ჩვეულებრივ” პოლიციელზე იგივე წესი ვრცელდებოდა, რაც ჩვეულებრივ მოქალაქეზე – იარაღის გამოყენება დანაშაულად ითვლებოდა, თუკი არ დადასტურდებოდა, რომ ეს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში არ მოხდა.

რა მოყვა ამას?

წესების შეცვლის შემდეგ, სასიკვდილო გასროლების რიცხვმა იმატა, განსაკუთრებით გზებზე შემოწმების დროს დაუმორჩილებლობის გამო. 2022 წელს ამგვარ გასროლებს 13 ადამიანი შეეწირა. ფრანგები გერმანელებზე ორჯერ და ბრიტანელებზე ხუთჯერ უფრო ადვილად შეიძლება იქცნენ პოლიციელის გასროლის მსხვერპლად.

პოლიციის გენინსპექციის ოფიციალური ცნობით, 2012-2015 წლებში “მოძრავი ავტომობილების” მიმართ წლის განმავლობაში 115 გასროლა ფიქსირდებოდა, ხოლო 2020-2021 წლებში – 150.

კვლევამ უჩვენა, რომ 2017 წლის რეფორმამდე, გაჩერების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში გასროლების მხოლოდ 0.06% იყო სასიკვდილო, ხოლო რეფორმის შემდეგ – 0.32%, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა. მკვლევარები ხაზს უსვამენ, რომ რეფორმის შემდეგ დაუმორჩილებლობის ანდა გასროლის შემთხვევები კი არ გაიზარდა მნიშვნელოვნად, არამედ სწორედ სასიკვდილო გასროლები.

რაა საკვანძო პრობლემები?

საფრანგეთში სასიკვდილო გასროლების ზრდის მიზეზს ასახელებენ.

  • პირველ რიგში, საპატრულო პოლიციელები ბევრად უფრო ნაკლებად პროფესიულად ეპყრობიან იარაღს, ვიდრე სპეციალური, შეიარაღებული რაზმები, შესაბამისად, გაუფრთხილებლობით ანდა სროლის ტექნიკის დარღვევით სასიკვდილო გასროლის შესაძლებლობა იზრდება.
  • მეორე, 2020 წლიდან ჩვეულებრივი პოლიციელების წვრთნის ვადები 12-დან 8 თვემდე შემცირდა და კრიტერიუმებიც მოირღვა – თუკი ადრე 50 კანიდადტიდან პოლიციაში ერთს იღებდნენ, ახლა ხუთიდან ერთს იღებენ. ამის მიზეზია საპოლიციო ძალების გაზრდის დირექტივა.
  • მესამე, შეცვლილი კანონი პოლიციელებისაგან მოელის, შეაფასონ მოსალოდნელი ქცევა, რაც იურისტების აზრით არარეალისტურია. რამდენად და როგორ შეუძლია პოლიციელს განსაზღვროს, რომ ავტომობილში მჯდომი, რომელიც არ გაჩერდა, გაქცევის შემთხვევაში თავს ან ვინმე სხვას სასიკვდილოდ დააზიანებს?! თუკი დამატებითი რეგულაცია არ არსებობსო, ამბობენ იურისტები და ყოფილი პოლიციელები, პოლიციელს აქვს ცდუნება მინიჭებული უფლება მაქსიმალურად გამოიყენოს და გაისროლოს.

არსებობს უფრო ზოგადი საკითხებიც, რომელიც ამ პრობლემის კონტექსტს განსაზღვრავს:

  • განსაკუთრებით 2005 წლიდან, პოლიციელებს სულ უფრო ხშირად უწევთ ძალადობრივი ამბოხის შეკავება. პარალელურად, პოლიციელების რაოდენობა მცირდება (პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის დროს 20 ათასი პოლიციელი დაითხოვეს და სულ ახლახანს დაიწყეს მათი რაოდენობის კვლავ გაზრდა) ხოლო მათი აღჭურვილობა სულ უფრო სასიკვდილო ხდება.
  • ფრანგ პოლიციაში რასიზმის ტრადიცია არსებობს – აშშ-საგან განსხვაგებით, ის კოლონიებიდან წამოსულების ძალადობრივი კონტროლის ტაქტიკიდან მოდის. ამას ემატება გარეუბნებიდან პოლიციის ფაქტიური გაქრობა, რასაც მრავალი სოციოლოგიური და პოლიტიკური მიზეზი აქვს. კვლევები უჩვენებს, რომ პოლიციელების მიერ იარაღის გამოყენების შანსები იზრდება, თუკი მათ წინაშე აპრიორი “სახიფათოდ” მიჩნეული პირები არიან, ეს დადასტურებულად მოიცავს მოზარდებსა და ახალგაზრდებს. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული პოლიცია დამნაშავეების რასობრივი წარმომავლობის რეგისტრაციას არ აწარმოებს (ეს კანონითაა აკრძალული) სოციოლოგიური და სამეცნიერო კვლევები უჩვენებს, რომ არაბული ან აფრიკული გარეგნობის მქონე ახალგაზრდებს პოლიცია ბევრად უფრო ხშირად აჩერებს და უფრო ძალადობრივადაც ექცევა. კვლევები უჩვენებს ასევე ულტრამემარჯვენე იდეოლოგიების გავლენის ზრდას პოლიციელებს შორის.

მასალა მომზადებულია “Le Monde”-ს სტატიებზე დაყრდნობით

პირველწყარო
Under what circumstances are police officers allowed to use firearms?

მსგავსი/Related

Back to top button