მთავარი თემა

M15: მეგობრობის მაგისტრალი

მოლდოვასთან ერთ დროს პრობლემური ავტომაგისტრალი უკრაინისთვის სიცოცხლის გზად გადაიქცა და ამ საქმეში ევროკავშირის კეთილი გავლენა ფრიად მნიშვნელოვანი იყო.

რა არის M15?

M15 ავტომაგისტრალის სიგრძე 295.2 კმ-ია. ის E87 საერთო-ევროპული ავტომაგისტრალის ნაწილია. მაგისტრალი უკრაინის ოდესის ოლქში მდებარეობს და ქალაქ ოდესას ქალაქ რენთან აკავშირებს. საგულისხმოა, რომ ამ გზით შეიძლება მოხვედრა იზმაილშიც, დუნაის სანაპიროზე მდებარე უკრაინის უდიდეს პორტთან. ავტომაგისტრალის მცირე მონაკვეთი მოლდოვის ტერიტორიას კვეთს.

ამ გზას თუ გინდათ გზა აუქციოთ, შავი ზღვის სანაპიროს უნდა გაუყვეთ ქ. ბელგოროდ-დნესტროვსკში, მაგრამ ეს გზა უფრო რთული და გრძელია, ხოლო 2022 წლიდან არაერთხელ გახდა რუსული რაკეტების სამიზნე.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის პირობებში M15 სამხრეთ-დასავლეთ უკრაინასთან ევროპის დამაკავშირებელ ერთადერთ შედარებით უსაფრთხო მარშრუტად გადაიქცა.

პრობლემური მაგისტრალი?

რეგიონი, რომელსაც ოდესა ამ გზით უკავშირდება, პოლიტიკურად მგრძნობიარე ადგილია. საქმე ისაა, რომ სამხრეთ-დასავლეთ უკრაინა ბესარაბიის სახელითაც არის ცნობილი, ხოლო ისტორიული ბესარაბიის დიდი ნაწილი მოიცავს თანამედროვე მოლდოვის იმ ტერიტორიას, რომელიც მდებარეობს მდინარეებს დნესტრსა და პრუტს შორის.

უკრაინული ბესარაბია მრავალეთნიკური რეგიონია, სადაც ომამდე პრორუსული განწყობები ჭარბობდა. კრემლის პროექტით, დონეცკისა და ლუჰანსკის სეპარატისტული რესპუბლიკების ანალოგიურად ბესარაბიის სეპარატისტული რეგიონიც უნდა შექმნილიყო, რაც დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რესპუბლიკასთან რუსი სამხედროებისთვის სახმელეთო კავშირს უზრუნველყოფდა.

M15-ის მოლდოვური მონაკვეთი

M15 ავტომაგისტრალის მცირე მონაკვეთი მოლდოვის უკიდურეს აღმოსავლეთში, შტეფან-ვოდას რაიონში მდებარე სოფ. პალანკაზე გადის. პალანკაში M15 ავტომაგისტრალის 7.7 კილომეტრიანი მონაკვეთი უკრაინის საკუთრებაშია. სანაცვლოდ კი მოლდოვამ მდინარე დუნაიზე მდებარე ჯურჯულეშტის პორტისთვის სანაპირო ზოლის მცირე მონაკვეთი მიიღო. ტერიტორიების გაცვლას წინ უძღოდა 1990-იან წლებში დაწყებული ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები. პალანკაში საავტომობილო გზის საკითხი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში პრობლემურად მიიჩნეოდა და დათმობას თითქოს არავინ აპირებდა.

უკრაინულ-მოლდოვური მოლაპარაკებები

გავრცელებული მოსაზრებით, 1990-იანი წლების ბოლოს, მოლდოვის პრეზიდენტი პეტრ ლუჩინსკი უკრაინის პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას ზეპირად შეუთანხმდა, რომ მოლდოვის პალანკის მონაკვეთს გადასცემდა. უკრაინა M15 ავტომაგისტრალის მცირე მონაკვეთს მიიღებდა, სანაცვლოდ კი მოლდოვას დაუთმობდა დუნაის სანაპირო ზოლის მოკაკვეთს სოფ. ჯურჯულეშტთან პორტის ასაშენებლად.

1999 წლის 18 აგვისტოს, კიევში, მოლდოვა-უკრაინის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმების დამატებით პროტოკოლს. მისი ძალით, სოფ. პალანკაში უკრაინის საკუთრებაში M15 ავტომაგისტრალის მონაკვეთი გადავიდა სოფლებს მაიაკისა და უდობნოეს შორის. განისაზღვრა მისი ექსპლუატაციის რეჟიმიც.

სანაცვლოდ მოლდოვამ მიიღო დუნაის სანაპირო ზოლის 450 მეტრიანი მონაკვეთი და ჯურჯულეშტში საზღვაო პორტისა და ნავთობტერმინალის მშენებლობა წამოიწყო. ამ პორტით, მოლდოვას შესაძლებლობა შეექმნა ნავთობი საზღვაო გზითაც მიეღო. ამით მცირდებოდა დამოკიდებულება რუსეთზე – სწორედ აქედან შემოდიოდა მოლდოვაში ნავთობის დიდი ნაწილი, უკრაინის გავლით, რკინიგზით. ნავთობის შეწყვეტას რუსეთი პოლიტიკური ზეწოლის იარაღადაც იყენებდა.

ჯურჯულეშტის პორტი კი აშენდა, მაგრამ მოლდოვამ პალანკაში მიწის მონაკვეთის უკრაინისთვის გადაცემის პროცესი გააჭიანურა. საბოლოოდ, 2011 წლის 30 ივნისს, კიშინაუში ხელი მოაწერეს აქტს, რომელმაც პალანკაში გზის მონაკვეთის უკრაინისთვის გადაცემა დაადასტურა. ავტომაგისტრალისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ექსპლუატაცია და მომსახურება უკრაინის პასუხისმგებლობა გახდა. მოლდოვამ შეინარჩუნა გზის აღნიშნული მონაკვეთის უფასოდ გამოყენების, პალანკას მაცხოვრებლებმა კი, გზის მეორე მხარეს მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწების (დაახლოებით 900 ჰექტარი) შეზღუდვების გარეშე გამოყენების უფლება.

პროექტის მოწინააღმდეგეები

უკრაინაში ყველას არ მოსწონდა მოლდოვისთვის დუნაის სანაპირო ზოლის გადაცემა და ჯურჯულეშტის პორტის მშენებლობა, რადგან მათი აზრით, ახალი მოლდოვური პორტი კონკურენციას გაუწევდა  დუნაიზე მდებარე უკრაინულ პორტებს – რენსა და იზმაილს. გარდა ამისა, უკრაინელებს ისიც არ ეპიტნავათ, რომ ოდესიდან იზმაილში მგზავრობისას მოლდოვური სასაზღვრო პოსტის გავლა იქნებოდა საჭირო. თავის მხრივ, პალანკაში უკრაინისთვის გზის გადაცემის მოწინააღმდეგეები მოლდოვაშიც იყვნენ. ადგილობრივმა მოსახლეობამ ამ საკითხზე საპროტესტო აქციებიც მოაწყო.

ერთობლივი მართვა

M15 უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი კია, მაგრამ გზა საბჭოთა პერიოდის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში არ შეკეთებულა. ამის გამო გზა ხშირად გაუვალი ხდებოდა, ხოლო 2016 წელს კი სულაც ნახევარი წლით ჩაიკეტა.

ინფრასტრუქტურა ერთია, მაგრამ მთავარ პრობლემად გზაზე გასავლელად ხანგრძლივი ბიუროკრატიული და საბაჟო პროცედურები ითვლებოდა.

ეს პრობლემა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომსახურების დანერგვით დასრულდა. „პალანკა-მაიაკი-უდობნოეს” გამშვებ პუნქტზე ერთობლივი უკრაინულ-მოლდოვური სასაზღვრო-საბაჟო კონტროლის პროექტი 2017 წლის 19 დეკემბერს დაიწყო. პუნქტის რეკონსტრუქცია ევროკავშირმა დააფინანსა, გაეროს განვითარების პროგრამამ კი აღმოსავლეთის პარტნიორობის ინტეგრირებული სასაზღვრო მართვის ინიციატივის ფარგლებში განახორციელა. გახსნის ცერემონიას მოლდოვის პრემიერ-მინისტრი და უკრაინის პრეზიდენტიც ესწრებოდნენ.

„პალანკა-მაიაკი-უდობნოეს” სასაზღვრო-გამშვები პუნქტი

ახალი პუნქტის გახსნის შემდეგ ცხოვრება გამარტივდა იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც გზის მეორე მხარეს სასოფლო-სამეურნეო მიწები აქვთ. მათ სასაზღვრო კონტროლის პროცედურების გავლა უფრო სწრაფად შეუძლიათ.

ომის დაწყების შემდეგ

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ M15 ავტომაგისტრალმა სამხრეთ-დასავლეთ უკრაინასთან დასაკავშირებლად სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა. ომის საწყის ეტაპზე რუსეთის მიერ უკრაინის შავი ზღვის პორტების ბლოკადისა და ზატოკის დასახლებაში სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდზე სარაკეტო დარტყმების გამო, 2022 წლის 6 მარტს ოდესის ოლქში შეიზღუდა ტრანსპორტის გადაადგილება სოფ. ზატოკასა და ქ. ბელგოროდ-დნესტროვსკის გავლით. სწორედ ამ გზის ალტერნატივაა M15. მიუხედავად იმისა, რომ M15 ავტომაგისტრალის დატვირთვა გაიზარდა და სატვირთო მანქანის მძღოლებს რიგში დგომა უწევთ, დღეს ოდესასა და რენს შორის გავლა მეტნაკლებად უსაფრთხოდ შეიძლება.

სოფ. ზატოკასთან ხიდი რუსულმა რაკეტებმა რამდენჯერმე დააზიანეს. პირველად 2022 წლის 26 აპრილს, მეორედ – 27 აპრილს, მესამედ კი – 2 მაისს. 2023 წლის 8 მაისსაც გავრცელდა ინფორმაცია ხიდის დაზიანების შესახებ. ხიდი მდინარე დნესტრის შესართავზეა გადებული.

ფოტო: ხიდი ზატოკაში და მისი გეოგრაფიული მდებარეობა

სოფ. პალანკაში მდებარე საერთო სასაზღვრო გამშვები პუნქტი ომის დასაწყისში იმითაც გახდა მნიშვნელოვანი ადგილი, რომ მოლდოვაში უკრაინელი ლტოლვილები აქედანაც შეედინებოდნენ. ეს ადგილი 2022 წლის 14 მარტს მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმაც მოინახულა. ციცქნა მოლდოვა დღეს მუდმივად 110 ათასზე მეტ უკრაინელ ლტოლვილს მასპინძლობს, კიდევ უფრო მეტმა კი მოლდოვის გავლით მიაშურა მეზობელ ქვეყნებს.

ეპილოგის ნაცვლად

თუკი ევროკავშირის ფუნდამენტური იდეალი ეკონომიკური კავშირების წყალობით კონფლიქტის მოგვარებაა, უკრაინასა და მოლდოვას შორის ამ ბოლო დროს ჩამოყალიბებული მჭიდრო ეკონომიკური კავშირები – მიუხედავად მიზეზის დრამატულობისა – ამისთვის კარგ მაგალითად გამოდგება. ორი ქვეყნის მთავრობა ევროკავშირისკენ იხედება და ინფრასტრუქტურული კავშირებიც ფართოვდება. 14 ივნისს, ორი ქვეყნის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ახალი ხიდის მშენებლობას, რომელიც დასავლეთ უკრაინულ იამპილს მოლდოვის კოსაუტისთან დააკავშირებს. 1400-მეტრიანი, ოთხზოლიანი საავტომობილო ხიდი მდინარე დნესტრზე გაიდება. ისევე როგორც წინა პროექტებს, სავარაუდოდ, მასაც ერგება ევროპის ინფრასტრუქტურული განვითარების ფონდები.

მსგავსი/Related

Back to top button