skip to content
ახალი ამბები

„TI საქართველო“: 18 სახელმწიფო უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს

არასამთვრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TIG) მიერ 30 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევით, გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს 18 სახელმწიფო უწყება არ აქვეყნებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ცნობით, მათ შორის არიან, მთავრობის ადმინისტრაცია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს), სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს), საქართველოს დაზვერვის სამსახური და სხვ.

ორგანიზაციის ცნობით, ამ უწყებებმა გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების გამოქვეყნება სხვადასხვა დროს შეწყვიტეს და ზოგიერთ მათგანს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე კონტრაქტი აქვს გასაჯაროებული.

„იმის ალბათობა, რომ ეს ორგანიზაციები გამარტივებული შესყიდვების გზით კონტრაქტებს არ აფორმებენ, ძალიან დაბალია. ის, რომ კონტრაქტები არსებობს, მაგრამ არ ქვეყნდება, 2019 წლის ოქტომბერში შსს-ს 100-ზე მეტი კონტრაქტის ერთობლივად გამოქვეყნებამაც დაადასტურა“, – განმარტავენ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის თქმით, კონტრაქტების არსებობაზე მიანიშნებს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის SMP მოდულიც, სადაც სახელმწიფო უწყებების მიერ შესყიდვების სააგენტოსთან გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობები ქვეყნდება.

ორგანიზაციის ცნობით, ამ მოდულში, 2020-2022 წლებში მაგალითად შსს-მ გამარტივებული გზით ჩატარების უფლება 269 შესყიდვაზე მოითხოვა, მათ შორის, 53 შესყიდვა იყო ისეთი, სადაც კონტრაქტის თანხა 100 000 ლარს აჭარბებდა.

კვლევის თანახმად, ამავე პერიოდში, მთავრობის ადმინისტრაციამ გამარტივებულად ჩატარების უფლება 19 შესყიდვაზე მოითხოვა; სუს-მა 36-ზე; სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 57-ზე.

ორგანიზაციის თქმით, საჯარო უწყებები მსგავს პრაქტიკას გასულ წლებშიც მიმართავდნენ. მაგალითად, ამავე შინაარსის 2017 წლის კვლევით, რომელიც 2015-2017 წლების სახელმწიფო შესყიდვებს მოიცავდა, გამოვლინდა 50-ზე მეტ შემსყიდველს გამარტივებული შესყიდვების არცერთი კონტრაქტი ჰქონდა გამოქვეყნებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განმარტებით, 2019 წელს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსადმი გაგზავნილი წერილის შემდეგ, ამავე წლის ოქტომბერში სისტემაში კონტრაქტების მხოლოდ ნაწილი (მაგალითად, შსს და მისი ქვეუწყებების) აიტვირთა. თუმცა, ისევ არ გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და საქართველოს დაზვერვის სამსახურის გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იმავე პრობლემაზე წერდა 2020 წლის კვლევაშიც.

რეკომენდაციები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და შემსყიდველ ორგანიზაციებს, მეტი ყურადღება მიაქციონ გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების გამოქვეყნების საკითხს.

ორგანიზაცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და შესაბამისად, ნორმატიული აქტებით დადგენილი საჯაროობის სტანდარტების პრინციპის უგულვებელყოფის სამართალდარღვევად ცნობის საჭიროებაზეც მიუთითებს.

იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების გარდა, „ფარული კონტრაქტები“ კორუფციული შეთანხმების რისკებს „მნიშვნელოვნად ზრდის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საკითხით დაინტერესებისკენ პროკურატურასაც მოუწოდებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button