დაწურულადევროპა

ბორის ჯონსონს პარლამენტის დატოვება მოუწია

რა ხდება:

გემახსოვრებათ, რომ პრემიერობას ბორის ჯონსონი გასული წლის ივლისში, სკანდალების სერიის შემდეგ დაემშვიდობა. მათ შორის იყო საპრემიერო რეზიდენციაში გაგანია საკოვიდე შეზღუდვების დროს წვეულებები და ქეიფი. იმავე ცოდვებმა ჯონსონს ისევ უწია და ამჯერად საპარლამენტო მანდატის დათმობაც მოუწია. მართლაც რომ მეტეორისებური დაღმასვლაა პოლიტიკოსისათვის, რომელმაც 2019 წელს საპარლამენტო არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო და ქვეყანა ევროკავშირიდან გაიყვანა.

რატომ ხდება:

დეპუტატის სავარძლის დატოვება ჯონსონს საკომიტეტო მოკვლევის გამო მოუწია, რომელმაც დაასკვნა, რომ თემთა პალატაში სკანდალების განხილვისას ჯონსონმა შეგნებულად მოატყუა დეპუტატები.

ბრიტანელი მინისტრის ქცევის კოდექსი ღაღადებს, რომ თუკი მინისტრს პარლამენტისადმი შეგნებულ ტყუილში გამოიჭერენ, მან მაშინვე უნდა დაწეროს გადადგომის შესახებ განცხადება. მიუხედავად იმისა, რომ ჯონსონი მინისტრი აღარაა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი მაინც დადგა.

ჯონსონი კი გადადგა, მაგრამ განაცხადა, უსამართლოდ დამდეს ბრალიო.

რას ამბობს ჯონსონი:

ჯონსონის თქმით, მან საპროცედურო კომიტეტიდან წერილი მიიღო რომელიც, მისდა გასაკვირად, აუწყებდა, რომ ზომებს მიიღებდნენ მისი პარლამენტარების რიგებიდან გასარიცხად.

  • ჯონსონი ამტკიცებს, რომ კომიტეტმა “ერთი მტკიცებულებაც კი ვერ წარმოადგინა”, რომ მან პარლამენტი შეცდომაში შეგნებულად შეიყვანა.
  • “მხოლოდ მე არ ვთვლი, რომ კუდიანებზე ნადირობა მიმდინარეობს, რათა შური იძიონ ბრექსიტისათვის და გააბათილონ 2016 წლის რეფერენდუმის შედეგებიო,” თქვა ჯონსონმა.
  • მან სიტყვა ახლანდელ პრემიერს, მის პარტიულ ამხანაგ რიში სუნაკსაც გადაჰკრა, რომელიც ჯონსონის პრემიერობისას ფინანსთა სამინისტროს ედგა სათავეში. ჯონსონმა თქვა, სუნაკიც იმ შენობაში მუშაობდა სადაც წვეულებები იმართებოდაო და ისიც დაამატა, რომ სუნაკის პოლიტიკური დღის წესრიგი ბრექსიტს არასაკმარისად ითვალისწინებსო.

სინამდვილეში?

ჯონსონი პარლამენტს არწმუნებდა, რომ კოვიდთან დაკავშირებული ზომებს დაუნინგ სტრიტის რეზიდენციაში “უნაკლოდ” ახორციელებდნენ, თუმცა საპოლიციო მოკვლევის თანახმად, ეს ასე სულაც არ იყო და ლონდონის პოლიციამ თავის დროზე ათზე მეტი ჯარიმაც გამოწერა. ჯონსონმა დაიჯინა, როცა პარლამენტში გამოვდიოდი, მეგონა სიმართლეს ვამბობდიო.

რას უნდა ველოდეთ?

ბორის ჯონსონმა წასვლის წინ განაცხადა, “ვწუხვარ, რომ პარლამენტს ვტოვებ – ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობითო.” ვნახოთ, თუკი მოახერხებს განკვეთილი ყოფილი პრემიერი კვლავ პოლიტიკურ ოლიმპზე აცოცებას.

პირველწყარო
Boris Johnson quits Parliament, claims "witch hunt" drove him out

მსგავსი/Related

Back to top button