ევროპაევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 18 ივნისი

შვეიცარიის ტანკები

შვეიცარიის ეროვნულმა საბჭომ მხარი დაუჭირა 25 ერთეული „Leopard 2“-ის ტანკის ჩამოწერას, რაც შესაძლებელს გახდის მათ გერმანიისთვის გადაცემას და იქიდან უკვე უკრაინაში გაგზავნას. „Leopard“-ების ჩამოწერას მხარი დაუჭირა ეროვნული საბჭოს 132-მა დეპუტატმა, 59-მა კი – წინააღმდეგ მისცა ხმა. შვეიცარიელი დეპუტატების ნაწილს ქვეყნის ნეიტრალიტეტის დარღვევა ეთანაღრებათ და თავდაცვისუნარიანობის შესუსტებაც აფიქრებთ. შვეიცარიის თავდაცვის მინისტრი, ვიოლა ამერდი კი ირწმუნება, რომ არსენალში არსებული 96 ტანკიდან 25-ის ჩამოწერა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობს არაფერს დააკლებს, თან შავი დღისთვის, სარეზერვო ტანკებიც გვყავს გადანახული საცავებშიო. ტანკების გარიგება შვეიცარიის კანტონების საბჭომაც (შვეიცარიის პარლამენტის მეორე პალატა) უნდა დაამტკიცოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიძრებიან შვეიცარიის კუთვნილი გერმანული ტანკები ჯერ წარმოების ქვეყნისკენ (გერმანია), შემდეგ კი – უკრაინისკენ. მაღალი ალბათობით, ტანკების გადაცემას მხარს დაუჭერს კანტონების საბჭოც, რადგან სწორედ ამ საბჭომ რამდენიმე კვირის წინ გადაწყვიტა, რომ რეექსპორტის მიზნით, მსგავსი ღირებულებების მქონე ქვეყნისთვის ტანკების გადაცემა პრობლემას არ წარმოადგენს და შვეიცარიულ ნეიტრალიტეტსაც დიდად არ დაარღვევს.


ფრანგული სიფხიზლე  

საფრანგეთის ყურადღებიანმა ხელისუფლებამ საკუთარ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი, რუსული სადეზინფორმაციო კამპანია გამოავლინა, რომელიც თურმე უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებაზე იყო ორიენტირებული. უცხო ქვეყნების მხრიდან ინფორმაციული მანიპულაციების წინააღმდებ ბრძოლაზე პასუხისმგებელმა სპეციალურმა სააგენტო „Viginum“-მა გამოავლინა, რომ რუსეთის საელჩოსთან დაკავშირებული დაწესებულებები და კულტურის ცენტრები სოციალურ ქსელებში შექმნილი ანგარიშების გამოყენებით, აქტიურად ცდილობდნენ დეზინფორმაციის გავრცელებას და ფრანგული საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. როგორც გამოირკვა, საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოსახდენად, რუსული ორგანიზაციები არ ერიდებოდნენ ისეთი ავტორიტეტული ფრანგული გამოცემების გამოყენებასაც, როგორებიც არიან – “Le Monde,” “Le Figaro” და “Le Parisien.” რუსი მავნებლები საკუთარ საინფორმაციო მასალებს სწორედ ამ ცნობილი ფრანგული გამოცემების ინფორმაციად ასაღებდნენ და უტიფრად ავრცელებდნენ სოციალურ ქსელებში. რუსული კამპანია ძირითად სადეზინფორმაციო აქცენტებს აკეთებდა ისეთ თემებზე, როგორიც არის – უკრაინის ხელისუფლების დისკრედიტაცია, დასავლური სანქციების არაეფექტურობა და უკრაინელი ლტოლვილების მიღების უარყოფითი შედეგები.  


ხმელთაშუაზღვის ჩაძირული სულები

გასული ოთხშაბათს, საბერძნეთის სამხრეთში მდებარე სანაპირო ქალაქ პილოსის მახლობლად გადაბრუნდა და ჩაიძირა მიგრანტებით დატვირთული სათევზაო ნავი, რომელზეც დაუდასტურებელი ინფორმაციით, შესაძლოა 750-მდე მგზავრი იმყოფებოდა. საბერძნეთის სანაპირო დაცვის მაშველებმა, სამხედრო ძალების დახმარებით, 100-მდე მიგრანტის გადარჩენა მოახერხეს. დღევანდელი მდგომარეობით, ნაპოვნია 80-მდე მიგრანტის ცხედარი, ხოლო რამდენიმე ასეული ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება და მათი სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ევროკავშირის საშინაო საქმეების კომისარი საფუძვლიანად ვარაუდობს, რომ ეს იყო ხმელთაშუაზღვის ყველაზე მსხვილმასშტაბიანი ტრაგედია. მიგრანტებით გადაძეძგილი სათევზაო ნავი თურმე ლიბიის ქალაქ ტობრუკიდან გამოსულა და იტალიისკენ აუღია გეზი, რა დროსაც ის ევროკავშირის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს თვითმფრინავს შეუნიშნავს და ინფორმაცია ბერძნული მხარისთვისაც გადაუცია. ბერძნები ამბობენ, რომ საერთაშორისო წყლებში მცურავმა სათევზაო ნავმა დახმარების შეთავაზებაზე უარი შემოგვითვალა და ცურვა განაგრძოო. ზოგიერთები კი, ფიქრობენ, რომ ბერძნულმა მხარემ არასაკმარისად იაქტიურა კრიზისულ სიტუაციაში. საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, ეს ტრაგედია ბერძნული პოლიტიკური დისკურსის ცენტრში მოექცა და საბერძნეთის დროებითი ხელისუფლებას გარკვეული უხერხულობაც შეუქმნა.


ბირთვული ბელარუსი

პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ვლადიმირ პუტინმა ამაყად თქვა, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის პირველმა პარტიამ წარმატებით ჩააღწია ბელარუსში და იქვე დაამატა – წლის ბოლომდე, დანარჩენ ბირთვულ შეიარაღებასაც მშვენივრად ჩავიტანთო. პუტინის განცხადების კვალდაკვალ, მოსკოვში სიარულით გულშეღონებულმა ლუკაშენკამ უმალ მოირგო ბირთვული სახელმწიფოს  მეთაურის როლი და დასავლეთს შეუთვალა – პუტინს კი არ დაუძალებია ბირთვული შეიარაღების ბელარუსში განთავსება, მე თავად მოვთხოვე და საჭიროების შემთხვევაში, გამოვიყენებ კიდეც ამ იარაღსო. ვლადიმირ ვლადიმერის ძემ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე პირველად 2023 წლის მარტში ისაუბრა. მისთვის საყვარელ ბირთვულ თემაზე საუბრისას, პუტინი მხოლოდ ბელარუსით არ შემოფარგლულა და დასავლეთსაც მორიგი მუქარა შეუთვალა – ნატო-ს ქვეყნებზე მეტი ბირთვული იარაღი გვაქვს და ბირთვული ქობინების შემცირებას სულაც არ ვაპირებთო. ბირთვული შეიარაღების შემცირების დასავლელ ქომაგებს კი, კრემლის მეპატრონემ პეტერბურგის ფორუმის პოდიუმიდან ასე მიმართა – „хрен им“.


უკრაინის ფრონტი

ამჯერად, რუსეთ-უკრაინის საომარი ვითარების შეჯამებისას, ბრიტანული სამხედრო დაზვერვის მონაცემებს დავეყრდნობით. ბრიტანელების დაკვირვებით, ბოლო დღეებში, უკრაინის კონტრშეტევის საკმაოდ დაძაბული ბრძოლების არეალად რჩება ზაპოროჟიეს ოლქი, დონეცკის დასავლეთ ნაწილი და ბახმუტის შემოგარენი. ნიშანდობლივია, რომ უკრაინელების კონტრშეტევა კვლავ საკმაოდ მძიმედ და მცირე წინსვლების ფონზე მიმდინარეობს, რაც იმასაც მოწმობს, რომ უკრაინის სამხრეთ რაიონებში რუსები კარგად არიან გამაგრებული და შედარებით ეფექტურ თავდაცვით ოპერაციებს აწარმოებენ. ამბობენ, რომ ორივე მხრიდან არის ძალიან დიდი მსხვერპლი და რუსული დანაკარგები თითქმის გაუთანაბრდა იმ დანაკარგებს, რაც მათ ბახმუტის სისხლიანი დღეების პიკზე იწვნიეს.

მსგავსი/Related

Back to top button