Placeholder canvas
ევროპაევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 5 ივნისი

ერდოღანის ახალი კაბინეტი

არჩევნებში ეხლახანს გამარჯვებულმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და უკვე მესამედ, ხუთწლიანი ვადით შეუდგა საპრეზიდენტო უფლებამოსილებების შესრულებას. ვადა ერდოღანმა მთავრობის შეცვლით დაიწყო. ჯანდაცვისა და კულტურის მინისტრების გარდა, სავარძლებთან გამომშვიდობება ყველას მოუწია, წასულებს შორისაა საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ და თავდაცვის მინისტრი, ჰულუსი აქარი. საგარეო მინისტრის პოსტზე დაზვერვის სამსახურის უფროსი, ხაკან ფიდანი დაინიშნა, ხოლო თავდაცვის უწყების ხელმძღვანელად ერდოღანმა თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, იაშარ გიულერი გაამწესა. ფიდანი, რომელმაც უმაღლესი განათლება აშშ-ი მიიღო, საჯარო ფიგურა არასდროს ყოფილა, მაგრამ ბოლო ცამეტი წელია თურქეთის დაზვერვას ხელმძღვანელობდა და ქურთებისა და თურქეთისთვის სხვა მგრძნობიარე თემებს კარგად იცნობს. მცოდნე ხალხი ამბობს, რომ ერდოღანმა პოლიტიკურ ცვლილებებზე ხალხის მოთხოვნა შეისმინა და მინისტრთა კაბინეტიც იმიტომ შეანჯრღიაო, რაც რეალობას მოკლებული მოსაზრება სულაც არ ჩანს, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურში ერდოღანს მოსახლეობის თითქმის ნახევარმა მხარი არ დაუჭირა.

დიდი კონტრშეტევის პირველი გაელვებები

უკრაინის მოსაზღვრე რუსული რაიონები და ქალაქები სულ უფრო მეტად ეხვევიან ომის ქარცეცხლში. ბელგოროდის ოლქი კვლავ დალაშქრეს უკრაინის მხარეზე მებრძოლმა რუსებისგან შემდგარმა სამხედრო ფორმირებებმა („რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ და „თავისუფლება რუსეთს“). გასულ დღეებში, ჯერ უკრაინის, მერე კი, ჩანს, რუსეთის მხრიდან დასცხეს საზღვრისპირა რუსული ქალაქი შებეკინოს, რომელიც მოსახლეობისგან თითქმის სრულად დაიცალა. შებეკინოს მერი თავად პუტინმაც შეაგულიანა სატელეფონო ზარით და მამაცობისთვის ჯილდოც გამოუწერა. მოსახლეობა მასიურად ტოვებს ბელგოროდის ოლქს. ამასობაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერს თუ დავუჯერებთ, უკრაინამ სამხრეთ დონეცკის მიმართულებით საკმაოდ მსხვილი კონტრშეტევა წამოიწყო, რასაც ჯერჯერობით წარმატებით ვიგერიებთ და ამ საქმეს ფრონტის ხაზის სამეთაურო პუნქტიდან პირადად ხელმძღვანელობს რუსეთის გენშტაბის უფროსი, ვალერი  გერასიმოვიო. თუმცა თავდაცვის სამინისტროს სპოუკსმენს ამ ომის დროს იმდენი ტყუილი აქვს ნათქვამი, ადამიანი ვერ ენდობა. კონტრშეტევითი ოპერაციების წამოწყება მოზომილად დაადასტურა ოფიციალურმა კიივმაც, თუმცა თქვა ეს შეპირებული დიდი შეტევა არააო.

ბელგიური  წყენა

უკრაინის მხარეზე მებრძოლი რუსული შეარაღებული ფორმირებების ხელში, რომლებმაც ბელგოროდის ოლქი უკვე არაერთხელ დალაშქრეს, ბელგიური შეიარაღება დალანდეს. ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ გაავრცელა, ჩანს, რომ ისინი ბელგიური წარმოების FN SCAR-ის შაშხანებს მოიხმარენ. ბელგიელებმა უკრაინელებს საყვედური შეუთვალეს – ჩვენ ეს იარაღი უკრაინის ტერიტორიის რუსების შემოტევისგან დასაცავად გამოგიგზავნეთ და არა ნეონაცისტური ჯუფებისთის გადასაცემად, რომელთაც რუსეთთან საკუთარი შურისძიების გეგმები ამოძრავებთო. ბელგია აპირებს გამოარკვიოს თუ სად მიდის მისი იარაღი. კიივი კი ამბობს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ სახმელეთო თავდასხმებთან პირდაპირი შეხება არ აქვს, თუმცა ეს ძნელი დასაჯერებელია.

პრიგოჟინის რუსული მოგზაურობა

მას შემდეგ, რაც დასისხლიანებულმა „ვაგნერმა“ უკრაინული ქალაქი ბახმუტი დატოვა, მისი თავკაცი, ევგენი პრიგოჟინი უკრაინულ ფრონტს დროებით მოწყდა და საკუთარი პოლიტიკური ფორტუნის საძიებლად რუსეთის რეგიონებს მიაშურა. პრიგოჟინი ეკატერინბურგს, ვლადივასტოკს, ნოვოსიბირსკსა და ნიჟნი ნოვგოროდს სტუმრობდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სხვადასხვა მედია ღონიძიებაც გამართა. რუსეთის სიღრმეში მყოფი პრიგოჟინის საუბრები შემდეგ ძირითად გზავნილებს უტრიალებდა  – ომი დიდხანს გაგრძელდება, სასწრაფოდ საჭიროა საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება, აუცილებელია სიკვდილით დასჯის შემოღება და ეკონომიკის ომის რელსებზე გადაყვანა. ამასთან, პრიგოჟინი ამბობს, რომ მას პოლიტიკა არ აინტერესებს, და არც საკუთარი პარტიის შექმნასა და არჩევნებში მონაწილეობას აპირებს თუმცა შოიგუსა და გერასიმოვის დედმამიშვილების აუგად მოხსენიების შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს. რა სამომავლო გეგმებიც არ უნდა ჰქონდეს ამ ავაზაკს, ცხადია, რომ „ვაგნერის“ თავკაცი რუსულ მედია სივრცეში სულ უფრო ნათლად ჩანს და მისი სითავხედეც იმატებს – აკი გუშინ რუსული მოტომსროლელი ბრიგადის ვიცე-პოლკოვნიკი აიყვანეს ვაგნერელებმა ტყვედ – ბახმუტიდან გამოსვლისას გვესროლაო. ეშმაკმა უწყის რით დასრულდება ფათერაკიანი ავაზაკის აფრიკაში დაწყებული სამხედრო-პოლიტიკური ლაშქრობა, თუმცა რუსეთი ნელნელა ემსგავსება ბანდფორმირებების ხელში ჩავარდნილ ქვეყანას.

თაგვმა თხარა თხარაო…

კატა გამოთხარა ფრანგი მემარჯვენე რადიკალების ლიდერმა, მარინ ლე პენმა, როცა პრო-რუსულობის ბრალდების ჩამოსარეცხად, უცხოური გავლენის შესასწავლი საპარლამენტო კომისია შექმნა. ექვსთვიანი მუშაობისა და 50-მდე მოსმენის შემდეგ, კომისიამ, რომელსაც სათავეში ლე პენისვე პარტიის წარმომადგენელი უდგას, დაასკვნა, რომ ხშირ შემთხვევებში ლე პენისა და მისი “ეროვნული ერთობის” განცხადებები “სიტყვა სიტყვით იმეორებს რუსეთის გზავნილებსა და ოფიციალურ პოზიციას. კომისიის მუშაობისას, ლე პენს ფიცის ქვეშ უთქვამს რუსეთის გავლენის ქვეშ სულაც არ ვიმყოფებიო, უკრაინაში რუსეთის შეჭრაც დაუგმია, თუმცა იქვე ისიც დაუმატებია, ყირიმი რუსეთმა კანონიერად შეიერთაო. საპარლამენტო კომისიის 218-გვერდიანი ანგარიში უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება და როგორც ამბობენ, მასში ლე პენისა და მისი პარტიის რუსული კონტაქტები და ფინანსური ურთიერთობა კრემლთან დეტალურადაა მიმოხილული. ეს პოლიტიკური პროცესი ზოგმა შესაძლოა ფრანგული დემოკრატიის ტრიუმფად შეაფასოს, ზოგმა კი, ლე პენის პოლიტიკურ სიბეცედ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ფრანგი რადიკალი მემარჯვენეების ლიდერს კრემლთან კურკური გვარიან ხათაბალად დაუბრუნდა უკან.  

მსგავსი/Related

Back to top button