ევროპაევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 31 მაისი

პატრიარქის შემოდგომა თუ სულთნის გაზაფხული?

გასულ კვირას, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც გამარჯვება თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოიპოვა. თურქეთის საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით, ერდოღანს ამომრჩეველთა 52%-მა დაუჭირა მხარი, მის მეტოქეს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი – 47.86%-მა. თურქეთში საარჩევნო უბნების დახურვიდან მალევე, ერდოღანი სტამბოლში გამართულ მის მხარდამჭერ სახალხო შეკრებაზე გამოჩნდა, არჩევნებს „დემოკრატიის ზეიმი“ უწოდა, თავი გამარჯვებულად გამოაცხადა და მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.  ხალხის გასაგონად, მან დასავლეთსაც გაკრა კბილი და თქვა – ჩემმა გამარჯვებამ დასავლეთის დედაქალაქებში ბევრს გაუცრუა მოლოდინებიო. ამასობაში, ქემალ ქილიჩდაროღლუ გადაჭრით არ უარყოფს არჩევნების შედეგებს, მაგრამ გაიძახის – ეს ბოლო წლების ყველაზე უსამართლო არჩევნები იყოო. მოკლედ, ერდოღანის რამდენიმე საპროცენტო პუნქტით გამარჯვებამ დემოკრატიული თურქეთის გულშემატკივრებს გული ატკინა, თუმცა ისიც ნათლად გამოკვეთა, რომ თურქეთში არჩევნებს მნიშვნელობა სულაც არ დაუკარგავთ და ვეღარც მხცოვანი ერდოღანი სარგებლობს ძველებური მხარდაჭერით.

შფოთი კოსოვოში

მღელვარებამ მოიცვა კოსოვოს ჩრდილოეთი, რომელიც ეთნიკური სერბებით არის დასახლებული. კოსოვოში მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 26 მაისს საკუთარი უფლებამოსილებების შესასრულებლად სამსახურებში გამოცხადდნენ ადგილობრივი ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელები, რომლებიც ჯერ კიდევ აპრილში აირჩიეს. პროტესტის ნიშნად, სერბებმა რამდენიმე ქალაქში ადგილობრივი ადმინისტრაციების ბლოკირება სცადეს და არჩეულ წარმომადგენლების შესვლას შეეწინააღმდეგნენ. საქმე იმაშია, რომ კოსოვოს სერბული თემის უმრავლესობამ ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო, შედეგად კი, ადგილობრივ ორგანოებში ალბანური თემის წარმომადგენლები აირჩიეს. სერბების პროტესტს ადგილობრივ პოლიციასთან შეხლა-შემოხლა და დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარებიც გამოიყენეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ორშაბათს, ადმინისტრაციული შენობების დასაცავად, ადგილობრივ პოლიციასთან ერთად, ნატო-ს საერთაშორისო კონტიგენტი KFOR-იც გამწკრივდა და ქვები თუ კვამლის ბომბებიც იგემა. ამ დავიდარაბაში 25 პოლიციელი დაშავდა. სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრე ვუჩიჩი ყველაფერზე პასუხისმგებლობას კოსოვოს აკისრებს და ამბობს, რომ მათი მიზანი სერბეთისა და ნატო-ს ერთმანეთზე წაკიდებაა. ვითარება კვლავაც დაძაბულია, ვუჩიჩი კი მოსახლეობას პირდება, რომ კოსოვოელ სერბებს არავის დააჩაგვრინებს.

სიყვარულით კიივიდან?

30 მაისის დილას რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში აფეთქებების ხმები გაისმა, მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვს თავს უპილოტო საფრენი აპარატები (დრონები) დაესხნენ. რუსული მხარის ინფორმაციით, უშუალოდ ქალაქის საჰაერო სივრცეში რვა დრონმა შეაღწია, რომლებიც მოსკოვის საჰაერო თავდაცვის სისტემამ წარმატებით მოიგერია. მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინს თუ ვენდობით, ამ თავდასხმის შედეგად, სერიოზულად არავინ დაშავებულა და მხოლოდ რამდენიმე შენობამ მიიღო გარკვეული დაზიანებები. მოსკოვში ხმები დადის, რომ რვა კი არა და 30-მდე დრონი იყოო. რთული სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის დედაქალაქი პირველად აღმოჩნდა შედარებით მასირებული საჰაერო თავდასხმის სამიზნე და პირველად მცირედით მაინც შეიგრძნო თავისივე წამოწყებული ომის მოხრაკულის სუნი. ერთი საინტერესო დეტალი ისაა, რომ თავდასხმის სამიზნე პუტინთან დაახლოვებული ბოიარების დაჩებით სავსე “სოფლები” იყო.

კუდიანებზე ნადირობა პოლონურად

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდრჟეი დუდამ ხელი მოაწერა საკმაოდ წინააღმდეგობრივ კანონპროექტს რუსული გავლენების აღმოსაფხვრელი კომისიის შექმნის შესახებ. ახალ კომისიას უფლება ექნება სასამართლოსა და პროკურატურის გვერდის ავლით, შეისწავლოს რუსული გავლენა პოლონურ პოლიტიკაზე და მთელი ათწლეულით აუკრძალოს ამა თუ იმ პოლიტიკოსს სახელმწიფო თანამდებობის დაკავება. დუდა და მისი “კანონისა და სამართლიანობის” პარტია კომისიის შექმნას რუსი გავლენის აგენტების გამოააშკარავებით ამართლებენ, ოპოზიცია კი, შიშობს, რომ მსგავსი ხრიკები პოლიტიკური მოწინააღმდეგეების გასანეიტრალებლად იქნება გამოყენებული. შემოდგომაზე, პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და არის საფუძვლიანი ეჭვები, რომ ეს კომისიაც სწორედ წინაასაარჩევნოდ გააქტიურდება. კომისიის შექმნის გადაწყვეტილება ალბათ კიდევ უფრო გააუარესებს ისედაც ფინთ ურთიერთობებს ვარშავასა და ბრიუსელს შორის, რაც პოლონეთს კიდევ უფრო დააშორებს იმ გაყინულ პანდემიის ფონდის მილიარდებს, რომელზეც წვდომას ევროკავშირი დემოკრატიული გზიდან გადახვევის გამო უზღუდავს. დუდას ხელმოწერილი კანონი საკონსტიტუციო ტრიბუნალშია გადაგზავნილი და სანამ ეს ტრიბუნალი სხვაგვარად არ გადაწყვეტს, მანამდე კანონი ამოქმედებულად ითვლება. არადა, თურმე საკონსტიტუციო ტრიბუნალს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და სხდომების ჩატარებას ვერ აბამს თავს.   

ლატვიის ახალი თავიკაცი

მას შემდეგ, რაც ლატვიის მოქმედმა პრეზიდენტმა, ეგილს ლევიტსმა არჩევნებში ხელმეორედ მონაწილეობა იუარა, ლატვიის პარლამენტმა ახალ პრეზიდენტად ედგარს რინკევიჩი არიჩია. ახალი პრეზიდენტის ასარჩევად, ლატვიის საეიმას 3 კენჭისყრის ჩატარებამ მოუწია.  49 წლის რინკევიჩი ლატვიის დიდი ხნის საგარეო საქმეთა მინისტრია და ის ძლიერი ევროკავშირისა და ნატო-ს მომხრეა. რინკევიჩი საკმაოდ თანმიმდევრულ და სტაბილურ პოლიტიკოსად ითვლება, როგორც სახლში, ისე ევროპაში. 2011 წლიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მუშაობამ მას საკმაოდ კარგი საერთაშორისო კონტაქტებიც დაუგროვა. მართალია ლატვიაში პრეზიდენტს უფრო ფორმალური როლი აქვს, მაგრამ კონსტიტუციით სწორედ პრეზიდენტი ითვლება სახელმწიფოს მეთაურად და უმაღლეს მთავარსარდლადაც. ამავე დროს, ედგარს რინკევიჩი ლატვიის პირველი გეი პრეზიდენტია, მან 2014 წელს, ჯერ კიდევ საგარეო საქმეთა მინისტრობისას, თქვა, რომ რომ ის გეია და მშვენივრად განაგრძო საკმაოდ წარმატებული მუშაობა თავისი პატარა ლატვიის საკეთილდღეოდ. ასე რომ, ვილნიუსის ნატო-ს სამიტზე ლატვიურ დელეგაციას სწორედ ახალი პრეზიდენტი წაუძღვება.

მსგავსი/Related

Back to top button