ევროპაევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 20 მაისი

პრიგოჟინის ოცნებების სასაფლაო

შაბათის ნაშუადღევს, ბოევიკმა ევგენი პრიგოჟინმა თავის მორიგ საჯარო მიმართვაში გამოაცხადა, რომ „ვაგნერის“ მებრძოლებმა ქალაქი ბახმუტი სრულად დაიკავეს. ეს ინფორმაცია უკრაინულმა მხარემ არ დაადასტურა და დაამატა – ქალაქის ზოგიერთ ნაწილში მძიმე ბრძოლები კვლავინდებურად გრძელდებაო. პრიგოჟინის გამოცხადებულ გამარჯვებას პირველ საათებში დუმილით უპასუხა მოსკოვმა, ბახმუტის აღების ინფორმაცია არც რუსულ სახელმწიფო მედია საშუალებებს აუტაცებიათ. ბახმუტის აღება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ გვიან საღამოს დაადასტურა და ვაგნერის ძალისხმევასთან ერთად, მიღწეულ წარმატებაში რუსული ავიაციისა და არტილერიის როლიც აღნიშნა. მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს დასტურის კვალდაკვალ, გავრცელდა ვლადიმირ პუტინის სამადლობელი სიტყვებიც, რომელშიც მან „ვაგნერის“ მებრძოლებსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ქალაქის „გათავისუფლებისთვის“ მადლობა გადაუხადა და დაჯილდოვებას დაპირდა. როგორიც არ უნდა იყოს ბახმუტის ბედი, ცხადია, რომ ამ პატარა ქალაქისთვის 8 თვიანმა გააფთრებულმა ბრძოლამ, უკრაინაზე იოლი გამარჯვების მოპოვების რუსული ოცნებები, ათასობით რუს ჯარისკაცთან ერთად სამუდამოდ დაასამარა. სამხედრო საქმეში ჩახედული ხალხი იმასაც ამბობს, რომ ამ უკანასკნელ ხანებში უკრაინის საფლანგო კონტრშეტევის შედეგად უკრაინელები პარტახად ქცეულ ბახმუტს გადაჰყურებენ და აწი რუსებს კურდღლებივით გაჟუჟავენო.


ჯიდადან და ჰიროშიმამდე

მანამ სანამ პრიგოჟინი ბახმუტის ნანგრევებს უტევდა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საგარეო პოლიტიკური თუ ეკონომიკური მხარდაჭერის გასამრავალფეროვნებლად საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში შეიარა, სადაც არაბული ლიგის სამიტის მონაწილეებს მიმართა. ჯიდაში მყოფი ზელენსკი, შედარებით ნეიტრალურად განწყობილ არაბულ ქვეყნებთან საერთო ენის გამონახვას ცდილობდა, რაშიც მას მასპინძელი ქვეყნის ტახტის მემკვიდრე პრინცი, მუჰამედ ბინ სალმანი ეხმარებოდა. ჯიდაში, ზელენსკი სირიის სისხლისმსმელ სულთანს, პუტინის ვასალ ბაშარ ალ ასადსაც გადაეყარა, რომელიც 12 წლიანი პაუზის შემდეგ, ამავე სამიტზე გახლდათ მიწვეული. ასადმა პატრონს იხტიბარი არ გაუტეხა თურმე და ზელენსკის გამოსვლის დროს ყურსასმენები მოიხსნა, აქაოდა მისი მოროშილი არ მაინტერესებსო. არაბეთის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა იაპონიას მიაშურა, სადაც ის დიდი შვიდეულის ქვეყნების გარდა, ბრაზილიისა და ინდოეთის ლიდერებსაც შეხვდა. ჰიროშიმაში ბაიდენმა როგორც იქნა დაადასტურა, რომ აშშ ამერიკული წარმოების F-16-ების პილოტებს გაწვრთნის, თუმცა თავად თვითმფრინავების გადაცემაზე ჯერჯერობით არაფერს ამბობს, თუმცა ის კი განაცხადა, სხვებს წინ არ გადავეღობებითო. პირველ რიგში, ბელგია, დანია და ნიდერლანდები მოიაზრებიან ამ მრავალფუნქციური გამანადგურებლების დონორებად. პილოტების მომზადების საქმეში უკრაინას დახმარება დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმაც აღუთქვეს.

ელადა პარლამენტს ირჩევს

კვირას, საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ახალად არჩეულმა პარლამენტმა წესით, საბერძნეთის ახალი მთავრობის შემადგენლობაც უნდა განსაზღვროს. წინასაარჩევნო გამოკითხვებს თუ დავეყრდნობით, საარჩევნო რბოლაში მოქმედი პრემიერის, კირიაკოს მიცოტაკისის კონსერვატიული შეხედულებების „ახალი დემოკრატიის“ პარტია ლიდერობს, რომელიც მემარცხენე ოპოზიციურ „სირაზის“ პარტიას დამაჯერებლად უსწრებს. მესამე ადგილზე კი, „პასოკის“ სოციალისტური პარტია გადის. მიუხედავად ამისა, ბერძნული პოლიტიკის ექსპერტების ვარაუდით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ახალი პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ უმრავლესობისთვის საკმარისი 45%-იანი ბარიერი გადალახოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბერძნებს ივლისის დასაწყისში შეიძლება კვლავ მოუწიოთ არჩევნებზე წასვლა. აქვე, არ არის გამორიცხული, რომ მმართველი „ახალი დემოკრატიისა“ და მესამე ადგილოსანი „პასოკის“ პარტია კოალიციაზე მორიგდნენ და მთავრობა ერთად დააკომპლექტონ. ამ ბერძნულ არჩევნებს მატარებლების შეჯახების ტრაგიკული აჩრდილი დატრიალებს, რომელსაც 57 ადამიანი ემსხვერპლა და მოქმედი მთავრობის მიმართ ნდობა გაანელა.


ფანტომური ტკივილები

გასულ კვირას, რეიკიავიკმა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტს უმასპინძლა. სამიტზე ევროკავშირის კანდიდატი ალბანეთის პრემიერს, ედი რამას ძველმა იარებმა თავი შეახსენა და ევროპის საბჭოდან იმ ანგარიშის გაწვევა მოითხოვა, რომელშიც ნათქვამია, რომ კოსოვო-სერბეთის კონფლიქტის ბოლო ეტაპზე, ალბანეთი და კოსოვო ადამიანის ორგანოებით ტრეფიკინგში არიან შემჩნეული. რეიკიავიკში, ედი რამა ალბანეთის გარდა, კოსოვოს ყოფილ პრეზიდენტს, ჰაშიმ ტაჩისაც გადაეფარა – ორგანოების ტრეფიკინგში არაფერი ბრალი მას არ მიუძღვისო. რამამ ანტი-რუსული ფონითაც მშვენივრად ისარგებლა და დაამატა, რომ ასეთი ბინძური და დაუსაბუთებელი ბრალდებების უკან ევროპის საბჭოს აწ უკვე ყოფილი წევრი რუსეთი იდგაო. მართალია რუსეთის ბინძური ხელიც ერია, მაგრამ  ევროპის საბჭოს იმ ანგარიშს, რის გაწვევასაც ედი რამა ითხოვს შვეიცარელმა პროკურორმა დიკ მარტიმ მოამზადა და მას საფუძვლად ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო ტრიბუნალის პროკურორის, კარლა დელ პონტეს წიგნში გამოთქმული ვარაუდები დაედო. კოსოვოში ევროკავშირის მისია კი ამბობს – ამ მძიმე ბრალდებების დამადადასტურებელ მტკიცებულებები არ მოგვეპოვებაო.


იტალია წვიმებს და წყალდიდობას ებრძვის

კოკისპირული წვიმები და დიდი წყალდიდობა დაატყდა თავს იტალიის ჩრდილოეთ რაიონებს, რის შედეგადაც სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა. განსაკუთრებით სერიოზულად დაზარალდა ჩრდილოეთ იტალიის ემილია რომანიის რეგიონი, სადაც ნახევარი წლის ნალექი სულ რაღაც დღენახევარში მოვიდა, სახლები თუ შენობა-ნაგებობები ძლიერად დატბორა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაც მოარღვია. ამინდის მცოდნეები ამბობენ – ამ მხარისთვის, ეს ბოლო ასი წლის ყველაზე მძლავრი და საზიანო წყალდიდობა არისო. წყალდიდობის შედეგად, მიღებული ზარალი მილიარდებს ითვლის. დიდი შვიდეულის შეხვედრის დროზე ადრე დატოვება მოუწია იტალიის პრემიერს, ჯორჯია მელონის, რომელსაც სტიქიური უბედურების შედეგებთან გასამკლავებლად, იტალიის ბიუჯეტიდან არაერთი მილიარდი ევროს გამონახვა და საერთო-ეროვნულ დახმარების გაძღოლაც მოუწევს. სინოპტიკოსებიც დამამშვიდებელს ვერაფერს ამბობენ  და კვლავ წვიმებს პროგნოზირებენ.

მსგავსი/Related

Back to top button