ევროპაევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 14 მაისი

თურქული გამბიტი

დაძაბული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებია მეზობელ თურქეთში, სადაც ერთმანეთის მთავარი მეტოქეები რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ქემალ ქილიჩდაროღლუ არიან. საპარლამენტო არჩევნებზეც ძირითადად სწორედ ამ ორი პერსონის უკან მდგომი პოლიტიკური პარტიები გაეჯიბრებიან ერთმანეთს. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, სექსუალური შინაარსის ვიდეოჩანაწერების გავრცელების კვალობაზე, თურქეთის საპრეზიდენტო რბოლას, მესამე ადგილოსანი მუამერ ინჯე გამოეთიშა. ოპოზიციის მთავარმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი, რუსეთი წინასაარჩევნო პროცესებში ბინძური ხრიკებით ჩარევაში დაადანაშაულა და მოსკოვს თურქული საქმეებიდან თავის შორს დაჭერა ურჩია. საარჩევნო დინამიკას არ ჩამორჩა ერდოღანიც, რომელმაც თავის მეტოქეს, ქილიჩდაროღლუს “ლოთი“, “ტერორისტი“ “ელჯიბითი“ და “უღმერთო“ უწოდა. ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტოს არჩევნების ბედი მეორე ტურში, 28 მაისს გადაწყდება.

უკრაინული ცეცხლით ჩამოღვენთილი ნეიტრალიტეტი

უკრაინის თავგანწირულმა წინააღმდეგობამ ოფიციალური ბერნი საკუთარ ნეიტრალიტეტზე იმდენად დააფიქრა, რომ შვეიცარიის პარლამენტის ორივე პალატამ, ეროვნულმა საბჭომ და ქალაქების საბჭომ ხანგრძლივი პროცედურის გავლის შემდეგ, დაამტკიცეს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც უკრაინისთვის შვეიცარული იარაღისა და ტყვია წამლის მიწოდებას შესაძლებელს გახდის. შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა და აქამდე, შვეიცარული კანონი კრძალავდა კონფლიქტის მონაწილე ქვეყნებისთვის შეიარაღების მიწოდებას, რამაც ცოტა ხნის წინ მოყოყმანე გერმანიაც კი გააღიზიანა. შვეიცარული იარაღი და განსაკუთრებით საბრძოლო მასალები ფრიად გამოადგებათ უკრაინელ მებრძოლებს, რომლებიც შეტევაზე გადასვლისთვის ემზადებიან.

შავი შაბათი

უჩვეულოდ შავი შაბათის უქმე გაუთენდა რუსეთის სამხედრო-კოსმოსურ ძალებს, რომელთაც ერთ დილას და დაახლოებით 40 კილომეტრის რადიუსში ერთბაშად ოთხი საჰაერო საშუალება დაკარგეს.  13 მაისს, გავრცელდა ცნობები, რომ უკრაინის მოსაზღვრე ბრიანსკის ოლქში აფეთქდა და ჩამოვარდა ორი მი-8 ტიპის სამხედრო ვერტმფრენი, ერთი სუ-34-ისა და ერთიც სუ-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი. ოთხივე საჰაერო საშუალების ეკიპაჟი დაღუპულად ითვლება. რუსულ მხარეს გავრცელებული ვიდეოების ფონზე, მოგვიანებით მოუწია ამ მძიმე დანაკარგის აღიარება. წინასწარი ინფორმაციით, ოთხივე საფრენი საშუალება ერთი სამხედრო-საჰაერო შენაერთის შემადგენლობაში შედიოდა და საბრძოლო მისიის შესასრულებლად, უკრაინისკენ ჰქონდათ გეზი აღებული. უკრაინელები ამბობენ, ოთხივე თავისივე მეზენიტეებმა ჩამოაგდესო. თავდაპირველად ყველამ ჩათვალა, რომ კიივის მცველები ბოროტად ხუმრობდნენ, თუმცაღა იგივეზე გადაუკრა სიტყვა ბოევიკმა პრიგოჟინმაც.

ბახმუტი და ორი პოლკოვნიკი

საჰაეროს გარდა, რუსეთის შეიარაღებული ძალებს არცთუ სახარბიელო მდგომარეობა აქვთ სახმელეთო ფრონტზეც. როგორც ჩანს, პირველად რამდენიმე თვიანი მძიმე თავდაცვითი ბრძოლების შემდეგ, უკრაინელები ბახმუტის რაიონში, ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე კონტრ-შეტევაზე გადავიდნენ და წინაც წაიწიეს. ეს ცნობები ორი დღის დაგვიანებით დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც, რომელსაც შაბათს, ბახმუტის მიდამოებში ორი პოლკოვნიკის დაღუპვის აღიარებაც მოუწია. თავად ბახმუტიდან, სადაც პრიგოჟინის „ვაგნერი“ კვლავაც ცდილობს წინ წაიწიოს ცეცხლგამჩენი საშუალებებით დაბომბვის აპოკალიპტური სურათები ვრცელდება.

მეფის რისხვა

დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც უკრაინას Storm Shadow/SCALP-D-ს ტიპის საჰაერო ბაზირების მაღალი სიშორის ფრთოსანი რაკეტები გადასცა. ამ რაკეტებს, აქამდე მიუწვდომელ მტრის ზურგში განლაგებული სამიზნეების მიგნება და განადგურება შეუძლიათ 250 კილომეტრის რადიუსში, რაც ამერიკული HIMARS-ის რაკეტების წვდომას სულ მცირე სამჯერ აღემატება. ბრიტანულ რაკეტებს ერთი პირობა მოჰყვა – უკრაინამ ისინი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დასაბომბად არ უნდა გამოიყენოს. თუმცა, რუსეთის ტერიტორიაში ბრიტანეთი და ნატო-ს სხვა მოკავშირეები ყირიმის ნახევარკუნძულს არ მოიაზრებენ. ოფიციალური კიივი მაღალი სიშორის რაკეტებს რახანია ითხოვს, მაგრამ აშშ და ნატო-ს სხვა ქვეყნები მას უარს ეუბნებოდნენ, მიზეზად კი, კონფლიქტის ესკალაციას ასახელებდნენ. როგორც ჩანს, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა (რაკეტები ერთობლივადაა წარმოებული, ამიტომ ლონდონს პარიზს ნებართვაც დასჭირდებოდა) რუბიკონი გადალახეს.

რომი-ბერლინი-პარიზი

მანამ სანამ, უკრაინელი ჯარისკაცებს რუსებისთვის ჯერ ნელი ცეცხლი ჰქონდათ შენთებული, მათმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი შეტევისთვის სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის მოსაპოვებლად რომს, ბერლინსა და პარიზს ჩამოურბინა. მას შემდეგ, რაც რომში სრული მხარდაჭერის დაპირებები მიიღო, ზელენსკიმ ბერლინს მიაშურა, სადაც ოლაფ შოლცმა მას 2.7 მილიარდიან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტი უფეშქაშა, რომელშიც ტანკებთან, ჯავშანმანქანებთან და დიდი რაოდენობით ტყვიაწამალთან ერთად საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T-ს ოთხი ახალი გამშვებიც შევა, რომელიც უკრაინელებმა უკვე გამოსცადეს და დიდად უმადლიან. ვნახოთ, რითი გაუმართავენ ხელს უკრაინას პარიზში, რომელსაც თავისი დახმარებებით ხმამაღალი ტრაბახი დიდად არ უყვარს, თუმცაღა ბერლინისგან განსხვავებით სახვეწარი ჯერ არაფერი გაუხდია კიივისთვის.  

მსგავსი/Related

Back to top button