ევროპამთავარი თემა

თურქეთი: წინასაარჩევნო ბურუსი

რა ხდება?

ხვალ თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

გიორგი ბილანიშვილი, საგარეო პოლიტიკის მკვლევარი

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

2003 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ერდოღანმა და მისმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ თურქეთის ხელისუფლების სადავეები ხელში აიღეს, ხვალინდელ არჩვენებზე  პირველად ჩნდება მათი დამარცხების რეალური შანსი. ექსპერტთა უმეტესობის ვარაუდით, თუკი ასეთი რამ მოხდება, თურქეთი დაუბრუნდება საპარალამენტო მმართველობასა და რესპუბლიკის სეკულარულ საწყისებს. ეს სიმბოლურიც იქნება, რადგან არჩევნები ემთხვევა ქემალ ათათურქის მიერ თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 100 წლიან იუბილეს, რომელმაც ეს ქვეყანა სწორედ სეკულარიზმის პრინციპებზე დააფუძნა.

ვინ არიან არჩევნებში მთავარი კონკურენტები?

  • საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი ფალავნები არიან მოქმედი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ოპოზიციის ლიდერი, ქემალ ქილიჩდაროღლუ.
  • საპარლამენტო არჩევებს რაც შეეხება, აქ ერთმანეთს მეტოქეობას ერდოღანის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტია და ქილიჩდაროღლუს ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტია გაუწევენ.   

როგორია წინასაარჩევნო პროგნოზები?

სოციოლოგიური გამოკითხვების უმეტესობითმ საპრეზიდენტო არჩვენებში ქილიჩდაროღლუს უპირატესობა აქვს, თუმცაღა მხოლოდ 4-5%-ის ფარგლებში. სადავოა ისიც, მოახერხებს თუ არა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო 51%-იანი  ზღურბლის გადალახვას. შესაბამისად, იმის მაღალი ალბათობა არსებობს, რომ თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მერე ტური დაინიშნება. აქ კი ერდოღანს მოწინააღმდეგის გასაშავებლად საქმეში ადმინისტრაციული, პარტიული და პროპაგანდისტული რესურსების ჩართვით კვლავაც შეუძლია უპირატესობა მოიპოვოს.

რაც შეეხება საპარალამენტო არჩევნებს, აქ ერთი შეხედვით, სურათი თითქოს უფრო ნათელია. თუმცა საპარლამენტო არჩვენების სისტემა თურქეთში საპრეზიდენტოსთან შედარებით ბევრად უფრო რთულია. ის პარტიების ინდივიდუალურ მონაწილეობასთან ერთად წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ალიანსების შექმნასაც ითვალისწინებს, რასაც არა მხოლოდ პარლამენტის ფორმირებაზე აქვს გავლენა, არამედ უშუალოდ არჩევნებში ამა თუ იმ პარტიის მიერ მიღებული ხმების საბოლო რაოდენობაზეც.

  • სოციოლოგიური კვლევების თანახმად: პოპულარობით, მმართველი, სამართლიანობისა და განვითარების პარტია ლიდერობს ხმათა 32%-ით, ეს პარტია მმართველი რესპუბლიკური ალიანსის (Cumhur İttifakı) წევრია;
  • 27.6%-იანი მხარდაჭერით, მეორე ადგილზეა რესპუბლიკური სახალხო პარტია, რომელიც თავის მხრივ ოპოზიციურ სახალხო ალიანსშია (Millet İttifakı) გაწევრიანებული;
  • 10.7%-ით მესამე ადგილს იკავებს პრო-ქურთული სახალხო დემოკრატიული პარტია, რომელიც არც მმართველი და არც ოპოზიციური ალიანსის წევრი არ არის, მაგრამ ოპოზიციური სახალხო ალიანსის პოტენციურ მხარდამჭერად მოიაზრება.
  • მეოთხე ადგილზეა სახალხო პარტია ოპოზიციური სახალხო ალიანსიდან, რომელსაც 10.5% უჭერს მხარს.
  • ხუთეულს 6.5%-იანი რეიტინგით კრავს ნაციონალისტური მოძრაობის პარტია, რომელიც მმართველი რესპუბლიკური ალიანსის წევრია.

თუკი ეს გამოკითხვა გამართლდა, მმართველმა რესპუბლიკურმა ალიანსმა ჯამში ალბათ ყველაზე მეტი ადგილი უნდა მოიპოვოს თურქეთის პარლამენტში, მაგრამ პრო-ქურთული სახალხო დემოკრატიული პარტია თუ ოპოზიციური სახალხო ალიანსს მიემხრობა, რაც სავსებით მოსალოდნელია, ამ შემთხვევაში სურათი ოპოზიციის სასარგებლოდ შეიცვლება.

რომელი არჩვენების შედეგია უფრო მნიშვნელოვანი?

მართალია საპარალამენტო არჩვენებზე უფრო მეტი ვისაუბრეთ, არავინ დავობს, რომ მთავარი საპრეზიდენტო არჩვენების შედეგი იქნება.

საქმე ისაა, რომ თურქეთი 2017 წელს ერდოღანის ინიციატივით განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ სუპერ-საპრეზიდენტო რესპუბლიკად გადაიქცა. შესაბამისად, პარლამენტი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სიმბოლურ როლსღა ასრულებს. უფრო მეტიც, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ერდოღანი, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხევაში, ავტორიტარიზმის გაღრმავებას განაგრძობს და შეეცდება არჩევნები თურქეთში უბრალო ფორმალობად აქციოს.

ამ მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადადგმულია. 2022 წელს, მმართველმა პარტიამ ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის მხარდაჭერით პარლამენტში გაიტანა ცვლილებები, რომლის შედეგად, შემოიღეს უზენაეს საარჩვენო საბჭოში მოსამართლეთა დანიშვნის ისეთი წესი, რომელიც მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია. მანამდე, ერდოღანმა ისიც მოახერხა, რომ სასამართლო სისტემა მისთვის არასასურველი მოსამართლეებისგან გაეწმინდა, რითაც საბოლოოდ მოახდინა ხელისუფლების ყველა შტოზე საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაცია.

ამ ფონზე, გასაკვირი არაა, რომ თურქეთში ხელისუფლებისგან განსხვავებული აზრი თუ პოზიცია სულ უფრო მკაცრი კონტროლის ქვეშ ექცევა.        

რაზე ქონდათ ლიდერებს ძირითადად აგებული წინასაარჩევნო კამპანია 

ერდოღანმა, წინასაარჩევნო კამპანია ოპონენტების დისკრედიტაციასა და პოპულიზმზე ააგო. იგი ამომრჩევლებს ეუბნებოდა, რომ არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვება ხელისუფლების სათავეში LGBT თემის წარმომადგენელთა მოყვანას ნიშნავს, საკუთარ თავს თურქეთში სტაბილურობის გარანტად წარმოაჩენდა და ხშირად საუბრობდა იმ მსხვილ პროექტებზე, რომლებიც მისი მმართველობის პირობებში განხორციელდა. ერდოღანი უხვად გასცემდა დაპირებებს ხელფასებისა და პენსიების გაზრდის თაობაზე, რაც განსაკუთრებით აქტუალური საკითხია ბოლო წლებში თურქული ლირას უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში კატასტროფული დევალვაციისა და ძალზედ მაღალი ინფლაციის ფონზე.

რაც შეეხება ქილიჩდაროღლუს, თავის წინასაარჩევნო კაპმპანიაში ის ყურადღებას ამახვილებდა თურქეთში შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ამომრჩეველს მის გამოსწორებას პირდებოდა. ქილიჩდაროღლუ ამბობს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში თურქეთში დემოკრატიული მმართველობა და პლურალიზმი დაბრუნდება, ხოლო სახელმწიფოს მართვაში მთავარ როლს არა ცალკეული პიროვნებები, არამედ ინსტიტუტები შეასრულებენ.

თურქეთის არჩვენები და საგარეო პოლიტიკის საკითხები          

ექსპერტთა აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანის გამარჯვების შემთხვევაში, თურქეთის საგარეო კურსი უცვლელი დარჩება. ეს კი იმას გულისხმობს, რომ ერდოღანის მთავრობა შეინარჩუნებს დასავლეთთან და პრინციპში რუსეთთანაც ურთიერთქმედება-კონფრონტაციის პოლიტიკას. ასევე შენარჩუნდება, მეზობელ ქვეყნებსა და მომიჯნავე რეგიონებში პოზიციების გამყარებისა და გავლენის გაძლიერების პოლიტიკაც.

რაც შეეხება ქილიჩდაროღლუს, მისი გამარჯვების შემთხვევაში თურქეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში სავარაუდოდ დაბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. მოხდება დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება, რუსეთთან კი თურქეთი არსით ურთიერთობების იმ ტენდენციას შეინარჩუნებს, რომელიც ერდოღანის პრეზიდენტობისას დამკვიდრდა, რადგან ის თურქეთის რეგიონული ინტერესებითაა განპირობებული და არა პიროვნებების სურვილით. ეს მთელ რიგ საკითხებში ანკარასა და მოსკოვს შორის თანამშრომლობას გულისხმობს, ხოლო ზოგიერთ საკითხში, რომლებსაც ეს ქვეყნები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, მაგრამ განსხვავებული მიდგომები გააჩნიათ ანკარა და მოსკოვი ურთიერთსაპირისპირო პოზიციებზე დარჩებიან, რაც კონფრონტაციასაც არ გამორიცხავს.

საბოლოო ჯამში, დასავლეთი უფრო ქილიჩდაროღლუს ხილვას ამჯობინებს თურქეთის სათავეში, რუსეთს კი დასავლეთთან უფრო დაძაბულ ურთიერთობაში მყოფი ერდოღანის გამარჯვება ურჩევნია.

რას უნდა ველოდოთ საქართველოსთან მიმართებაში?!

საქართველოს თემა არ ყოფილა თურქეთის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, მით უმეტეს, რომ ამ საარჩევნო კამპანიაში, ბუნებრივად შიდაპოლიტიკური საკითხები დომინირებდა. თურქეთის არჩვენების შედეგების მიუხედავად, საქართველოსთან მიმართებაში თურქეთის საგარეო პოლიტიკაში არსებითი ცვლილება ნაკლებად მოსალოდნელია.         

მსგავსი/Related

Back to top button