ევროპაევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 11 მაისი

უკრაინული კონტრშეტევის გაჭიანურებულ მოლოდინში

10 მაისს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ბახმუტის მიდამოებში მოწინააღმდეგეს ორიოდე კილომეტრით უკან დაახევინეს. ბახმუტში რუსების უკან დახევა ავადსახსენებელი „ვაგნერის“ თავკაცმა, ევგენი პრიგოჟინმაც დაადასტურა და თან რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილებიც უკვე ტრადიციულად მიალანძღა, გარბიანო. ბახმუტის მნიშვნელოვან ნაწილს კვლავ რუსები აკონტროლებენ. დიდი უკრაინული კონტრშეტევაც ჯერ არ დაწყებულა. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, მასირებულ შეტევაზე გადასვლისას, უკრაინელ ჯარისკაცებს შორის დიდი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, მეტი სამზადისია საჭირო. ამასობაში, გავრცელდა და დადასტურდა ცნობები, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას მაღალი სიშორის (250 კმ) წვდომის ფრთოსანი რაკეტები გადასცა.


შოლცს “გახსნილი ევროპა” სურს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ევროპარლამენტს სიმბოლურად 9 მაისს მიმართა და მომავალი ევროპის გერმანული ხედვაც წარმოადგინა. მისი თქმით “ნებისმიერი, ვინც ნოსტალგიით ებღაუჭება ევროპული დომინანტობის ოცნებებს, ვინც ხალხს საკუთარი ერის სიდიადის შესახებ ფანტაზიებით კვებავს, წარსულშია ჩარჩენილი. ვერც ისინი დაიმკვიდრებენ მომავალს, ვინც მუდმივად ევროპის გარდაუვალ დაღმასვლაზე გვეჩიჩინებიან.” მცოდნე ხალხი ამბობს, ამით შოლცმა ემანუელ მაკრონის ფრანგულ პოლიტიკას გადაჰკრაო შოლტი, რომელიც “ევროპული ბლოკის,” ჩინეთისა და აშშ-ს ბრძოლაში მესამე პოლუსად ევროპის შემოყვანის იდეებს ავითარებს. შოლცს ასევე მხარი დაუჭერია გაფართოებისათვის და უთქვამს: “ჩვენ ვუთხარით დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვის და, სამომავლოდ, საქართველოს ხალხსაც: თქვენი ადგილი ჩვენთანაა. ჩვენ გვინდა ევროკავშირის ნაწილად გიხილოთ. და ეს ალტრუიზმის გამო არ გავაკეთეთ,” არამედ რუსული აგრესიით გამოწვეული ფუნდამენტური ცვლილებების შედეგიაო.


სულთნის საარჩევნო ფეშქაში

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ფიზიკური და პოლიტიკური ფორმიდან ცოტა ამოვარდნილმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კლასიკური ხრიკები მოიხმო და თურქ საჯარო მოხელეებს ხელფასები 45%-ით გაუზარდა. წინასაარჩევნოდ გაცხადებული მატების შემდეგ, თურქი საჯარო მოსამსახურის მინიმალური ხელფასი დაახლოებით 770 აშშ დოლარი იქნება. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ 2023-2024 წლებში ასევე იგეგმება საჯარო სამსახურში ზეგანაკვეთური შრომის, ღამის ცვლის მუშაკებისა და ვეტერანების ანაზღაურების გაზრდა. 14 მაისს, თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიამართება, სადაც ერდოღანს პოლიტიკურ მეტოქეობას, რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერი, 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუ გაუწევს.


უკრაინულ-ბელარუსული გადაზიდვების პოლონური ტკივილები

სამაგალითო სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობისგან განსხვავებით, თანდათან უარესდება პოლონურ-უკრაინული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. უკვე ერთი კვირაა, რაც სატვირთო-გადამზიდავი ავტომანქანების პოლონელმა მძღოლებმა პოლონეთი-უკრაინის ერთ-ერთი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ჩაკეტეს და უკრაინელ კოლეგებს გადმოსვლის საშუალებას არ აძლევენ. პოლონელი გადამზიდავების დიდი უკმაყოფილების მიზეზი ის გახლავთ, რომ პოლონეთში გავლით მყოფი, უკრაინული სატვირთოების მძღოლები თურმე სატრანსპორტო მომსახურებას საერთო ევროპულზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასებში სთავაზობენ კლიენტებს, რაც პოლონელ გადამზიდავებს დაკვეთების გარეშე ტოვებს. პოლონელი გადამზიდავები ბრიუსელისგან სათანადო ყურადღებასა და უკრაინელი გადამზიდავების თავნებობის შეზღუდვას მოითხოვენ. მსგავსი პრობლემაა აქვთ პოლონელებს თურმე ბელარუს გადამზიდავებთანაც. სანქცირებული, მაგრამ გაქნილი ბელარუსები ფირმებს პოლონეთში არეგისტრირებენ, მერე კი, მთელ ევროპაში ეზიდებიან ნისიად, ფასებით პოლონელი გადამზიდავებისთვის აწკაპნილ ტვირთებს. ამიტომ, ერთი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი პოლონელმა გადამზიდავებმა ბელარუსსაც ამოუქოლეს – იქნება და ეხლა მაინც მოგვაქციოს ყურაღება, როგორც ბრიუსელმა, ისე საკუთარმა ხელისუფლებამო.


ევროკავშირის პოლონური თავმჯდომარეობის პრიორიტეტები

ეკონომიკურად და სამხედრო-პოლიტიკურად საგრძნობლად წელგამართული პოლონეთი უკვე 2025 წლის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე ფიქრობს, რაც 2025-ში მოუწევს. ვარშავა ამბობს, რომ მისი თავმჯდომარეობის დღის წესრიგის მთავარი საკითხი ევროკავშირისა და აშშ-ს ურთიერთობების გაღრმავება იქნება. პოლონეთის თავმჯდომარეობა დიდ ყურადღებას დაუთმობს ევროკავშირის გაფართოების თემას და ყველაფერს იღონებს, რათა მისი თავმჯდომარეობის პერიოდში, როგორც ბალკანეთის ქვეყნებმა, ისე მოლდოვამ და უკრაინამ არსებითად წინ წაიწიონ ევროკავშირში გაწევრიანების ეკალ-ბარდიან გზაზეო, თქვა პრეზიდენტმა დუდამ და, ჩვენდა სავალალოდ, ამ კონტექსტში საქართველო არ უხსენებია.


შვეიცარული ნეიტრალიტეტი

მზარდი საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე, შვეიცარიას საკუთარი სამხედრო ნეიტრალიტეტი ეფიქრება და ევროკავშირის რამდენიმე თავდაცვით პროექტში მონაწილეობას განიხილავს. ოფიციალური ბერნი ამბობს, რომ ყურადღებით აკვირდება ევროკავშირის ფარგლებში არსებულ სამხედრო თანამშრომლობის პროექტებს და დაინტერესებულია სამხედრო მობილობისა და კიბერ თავდაცვის პროექტებში მონაწილეობით. სამხედრო მობილობის პროექტი, პროექტის წევრებს შორის ჯარებისა და ტექნიკის სწრაფ, შეუფერხებელ გადაადგილების ხელშეწობასა და თავსებადობის ამაღლებას ითვალისწინებს. კიბერ თავდაცვის პროექტი კი, რომელსაც თურმე პატარა ესტონეთი თაოსნობს, ეროვნული კიბერ უსაფრთხოების შესაძლებლობების გაერთიანებას ითვალისწინებს. შვეიცარიას კიბერ თავდაცვის პროექტი განსაკუთრებით ხიბლავს, რაც მას კარგ საშუალებას მისცემს ესტონეთთან, ფინეთთან, საფრანგეთთან და იტალიასთან ერთად, კიბერ თავდასხმების მოგერიებისთვის საჭირო ერთობლივი წვრთნები, რისკების ანალიზი, ტრეინინგები და მოწყობილობების გამოცდები ჩაატაროს.

მსგავსი/Related

Back to top button