ახალი ამბები

საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა ქართველ ხალხს ევროპის დღე მიულოცეს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 9 მაისს ევროპის დღესთან დაკავშირებით ათონელის საპრეზიდენტო სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე ქართველ ხალხს მიმართეს.

საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა

ქართველი ხალხისადმი მიმართვის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე პარტნიორების მხარდაჭერისა და დახმარების მიღმა „დანარჩენი ჩვენი გასაკეთებელია“. „ჩვენი, ესე იგი, პირველ რიგში, საზოგადოების. ჩემი დახმარებით ჩვენ ერთად უნდა გავიაროთ ეს გზა, რომელიც მიდის ჯერ ამ წლის ბოლომდე, და შემდეგ ასე არ დამთავრდება, კიდევ სხვა ეტაპებიც იქნება, მაგრამ ეს გზა უნდა გავიაროთ. ყველანაირად უნდა ვაიძულოთ ყველა, რომ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ“.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს ჰყავს ოჯახი ევროპაში ან სხვდასხვა მიზნით თავად არის იქ ნამყოფი ან წასვლის იმედი აქვს. „მაგრამ ჩემი იმედი სხვანაირია, ჩემი იმედია, რომ ჩვენ ევროპა აქ შემოვიყვანოთ, აქ მივიღოთ ყველაფერი ის, რისთვისაც მივდივართ ევროპაში. აქ იყოს ცხოვრებისა და სამუშაოს ის სტანდარტი და კეთილდღეობა, რასაც ვეძებთ სხვაგან“, – ხაზი გაუსვა მან.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საერთო გვაქვს ევროპასთან, „ჩვენი ქვეყანა არანაკლებია და აქ შემოვიყვანოთ ევროპელები“. მისივე განცხადებით, სწორედ ის შავი ზღვა იქნება საქართველოსა და ევროპის გამაერთიანებელი, რომელიც „მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში გვაშორებდა, როგორც კედელი, დღეს უკვე ხიდია, ხიდი, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი რამ მოუტანოს არამხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპასაც“.

„ძალიან კარგად ესმით ჩვენი სტრატეგიული ადგილი, ჩვენი სამომავლო როლი. თუ ჩვენ შევძლებთ ვიყოთ იქ, სადაც საჭიროა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თვით ევროპისთვის“, – ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ „ევროპა არის მშვიდობა, ეს ისტორიაში ქვეყნების ერთადერთი ასეთი გაერთიანებაა, რომელმაც სრულად შეუნარჩუნა ამ ქვეყნებს თავიანთი იდენტობა და მშვიდობა, არცერთ ქვეყანას არ დაესხა თავს“.

„ეს არის ნამდვილი მშვიდობიანი მომავალი, რაც არ უნდა ლაპარაკობდნენ რაღაც ფრონტებზე, რაც სრულიად გაუგებარია, ჩვენი მშვიდობიანი და თავისუფალი მომავალი მათთან ერთადაა, მაგრამ ჩვენი იდენტობით, ჩვენი ღირებულებებითა და რაც მთავარია, ჩვენი განვითარებით“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ევროპა ტოტალიტარიზმის დამარცხება და თავისუფლებაა.

სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით თქვა, რომ სანამ ბოლო ტოტალიტარიზმი არ დამარცხდება, სანამ ყველა ოკუპირებული ტერიტორია არ იქნება გათავისუფლებული, საბოლოო გამარჯვება არ იქნება. „და გამარჯვების ამ გზაზე, ჩვენ ვართ გზა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისთვის, ჩვენი აფხაზი და ოსი მოსახლეობისთვის, ჩვენ ვართ გზა ევროპისკენ, ჩვენ ვართ გზა მშვიდობისკენ, ჩვენ ვართ გზა თავისუფლებისკენ“.

„მე ყველას გისურვებთ ამ თავისუფლებას, ამ ევროპელობას, ოღონდ აქ, საქართველოში, აღარ დაგჭირდეთ სადმე წასვლა იმისთვის, რომ იყოთ ევროპელები’, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვის დასასრულს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიმართვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს მოქალაქეებს ევროპის დღე ვიდეომიმართვით მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა გააკეთა „მკაფიო არჩევანი, მკაფიო არჩევანი ევროპული ღირებულებებისათვის, მკაფიო არჩევანი თავისუფლებისათვის და ამიტომაა, რომ თქვენი მომავალი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია“.

„ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ! ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, თქვენ ყველას გვერდით! გილოცავთ ევროპის დღეს!“, – უთხრა მან ქართველ ხალხს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button