ევროპაევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 29 აპრილი

ზარი პეკინიდან

გასულ კვირას, ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა თავისი სტრატეგიული დუმილი დაარღვია და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველად შეეხმიანა ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით. ჩინეთისა და უკრაინის თავკაცებმა საათზე მეტ ხანს ისაუბრეს და საუბრით ორივე მხარე თითქოს კმაყოფილი ჩანდა. თუმცა, ზარს კონტკრეტული შედეგები არ მოჰყოლია. როგორც ამბობენ, სი ძინპინმა ტელეფონში ჩინეთივით დიდ, ბუნდოვან და წინააღმდეგობრივ 12 პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზეც ისაუბრა, რომელიც უკრაინისთვის არც უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფს, არც ოკუპირებულ ტერიტორიებიდან რუსული ჯარების გასვლას, მაგრამ რუსეთის საწინააღმდეგო საერთაშორისო სანქციების გაუქმებას კი ითვალისწინებს. სის უთქვამს – ჩინეთი ზედმეტად დიდი მოთამაშეა იმისთვის, რომ უკრაინაში დანთებულ ცეცხლს უბრალოდ შორიდან უცქიროს, ზედმეტად პასუხისმგებლიანი რომ ამ ცეცხლს ნავთი დაასხას და საკმარისად მდიდარი იმისთვის, რომ ამ კონფლიქტზე ხელი მოითბოსო. ამ ეტაპზე, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ომის უკრაინის სასარგებლოდ და ზოგადად ომის მალე დასრულებისთვის ჩინეთი დიდად არ გაირჯება. თუმცაღა ზელენსკის და დანარჩენ დასავლეთს იმის იმედი აქვთ, რომ პეკინი რუსეთისადმი ქედმაღალ ნეიტრალიტეტს მაინც შეინარჩუნებს და იარაღით თუ ტყვიაწამლით არ გაუმართავს ხელს.  


გენოციდის სამხილები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთში უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში „გენოციდის სამხილი“ დაინახა და შესაბამისი რეზოლუციის მიღებაც არ დააყოვნა, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინელი ბავშვების იძულებითი გადასახლება რუსეთში და მათი შემდგომი „რუსიფიკაცია“ იურიდიულად განსაზღვრული გენოციდური აქტებიდან ერთ-ერთია. ამასთან, საპარლამენტო ასამბლეა აღნიშნავს, რომ უკრაინელი ბავშვების იძულებით გადასახლებას რუსეთი სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე ახორციელებს იმ გაცხადებული მიზნით, რომ უკრაინული იდენტურობა გაანადგუროს. ასამბლეა მიესალმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა უფლებების ვაი-დამცველის, მარია ბელოვას დაკავების ორდერების გაცემას.


ღამე მუზეუმში

გასულ კვირას, კრემლის თავკაცმა რუსეთის თავდაცვის, კულტურისა და განათლების სამინისტროებს ოფიციალურად  „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ თემაზე სახელმწიფო მუზეუმების შექმნა და მათი ომის არტეფაქტებით უზრუნველყოფა დაავალა. მინისტრების გარდა, მუზეუმის გახსნის თემაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა რუსეთის ისტორიკოსთა კავშირის თავმჯდომარეს, სერგეი ნარიშკინს, რომელიც შეთავსებით რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურსაც ხელმძღვანელობს.  ომის მუზეუმის შექმნის სამუშაოებზე პირველი ანგარიში მინისტრებმა და ნარიშკინმა პუტინს წლის ბოლოსთვის უნდა ჩააბარონ.


შეუსრულებელი მისია

რუსეთის საფრთხეებთან გასამკლავებლად, ევროკავშირი მოლდოვაში ფრიად თავისებურ სპეციალურ მისიას გააგზავნის. დასავლეთის დაზვერვის სამსახურები თანხმდებიან, რომ რუსი აგენტები მოლდოვაში ქაოსის დათესვას ცდილობენ და დახმარების გარეშე,  ოფიციალურ კიშინაუს რუსულ ჩარევასთან გამკლავება გაუჭირდება. ამიტომ, ბრიუსელი დათანხმდა მოლდოვაში ევროკავშირის მისიის გაგზავნას, რომელიც მოლდოვას ხელისუფლებას დაეხმარება ისეთ სფეროებში, როგორიც არის – კრიზისების მართვა, ჰიბრიდული და კიბერ საფრთხეები, უცხო ქვეყნის დეზინფორმაციის კამპანიები, ინფორმაციული ჩარევები და მანიპულაციები. ეს ამბავი დაადასტურა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თავკაცმა, ჟოზეფ ბორელმაც. გასულ კვირას გავრცელებულ განცხადებაში ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირი მოლდოვას უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაში დაეხმარება.

მსგავსი/Related

Back to top button