ახალი ამბები

საქსტატი: საქართველოს მოსახლეობა 3.736 მლნ-ს შეადგენს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ 27 აპრილს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 736 400-ს შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.3%-ით მეტია. ამასთან, 2022 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-6 799) და დადებითი მიგრაციული სალდო (54 509).

წყარო: საქსტატი

საქსტატის ცნობით, საქართველოს მოსახლეობის 48% კაცია, 52% კი – ქალი. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. ამასთან, წინა წელთან შედარებით, 2022 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2.3 ერთეულით გაიზარდა და 73.7 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 69.4 წელი, ხოლო ქალებისათვის – 78.1 წელი. საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი 38 წელს შეადგენს.

ამავე ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 15.6% 65 და ზემოთ ასაკისაა, 20.7% 0-14 წლის, 63.8% კი – 15-64 წლის.

2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მოსახლეობის 60.4% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს. ამასთან, დედაქალაქის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს. რაც შეეხება მოსახლეობის რეგიონების მიხედვით გადანაწილებას, ყველაზე მეტი მოსახლე – 463 100 – იმერეთის რეგიონში ცხოვრობს. შემდეგ მოდიან: ქვემო ქართლი – 442 800 მოსახლით; აჭარა – 361 400 მოსახლით; კახეთი – 306 200 მოსახლით; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 299 300 მოსახლით; შიდა ქართლი – 249 800 მოსახლით; სამცხე-ჯავახეთი – 147 400 მოსახლით; გურია – 104 300 მოსახლით; მცხეთა-მთიანეთი – 93 300 მოსახლით; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27 100 მოსახლით.

2022 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.3%-ით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9%-ით გაიზარდა და 179 778 ადამინი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 84.3% და ემიგრანტების 86.7%, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. 2022 წელს, იმიგრანტების 30.3%, ხოლო ემიგრანტების 80.5% საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, დანარჩენთა უმრავლესობა რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და ბელარუსის.

წინა, 2019 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3 723 500-ს შეადგენდა. კიდევ უფრო წინა, 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის მიხედვით, მოსახლეობის მთლიანი რაოდენობა 3.7 მლნ იყო. 2002 წელს ჩატარებული აღწერის თანახმად, მოსახლეობის რაოდენობა 4.4 მლნ-ს შეადგენდა, რაც 1989 წელს ჩატარებული აღწერის მაჩვენებელზე ერთი მლნ-ით ნაკლებია.

*მოცემული მაჩვენებელი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობას არ მოიცავს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button