ევროპაევროპის მოამბე

ევროპის მოამბე – 27 აპრილი

ბატონი ავად გამხდარა

25 აპრილის საღამოს, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯებ თაიფ ერდოღანს პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს, გული შეუღონდა. დაახლოებით 15 წუთში, ერდორანი  სატელევიზიო ეთერს დაუბრუნდა, ტელემაყურებლებს მოუბოდიშა და უთხრა, რომ ვერაგმა ვირუსმა, წინასაარჩევნო გადაღლილობასთან ერთად, ის ცოტა შეუძლოდ გახადა. ექიმებმა მას რამდენიმე დღით მოსვენება ურჩიეს, ამიტომ თურქეთის პრეზიდენტი 26-27 აპრილის წინასაარჩევნო ღონისძიებებს გამოაკლდა. 14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ამბობენ, რომ ოპოზიციის მზარდი პოპულარობის ფონზე, ერდოღანისთვის ეს საკმაოდ რთული არჩევნები იქნება. ბოლო გამოკითხვების თანახმად, მთავარი ოპოზიციონერი კანდიდატი, ქემალ ქილიჩდაროგლუ მას 3-4%-ით უსწრებს. დანარჩენი კანდიდატები მართალია გვარიანად ჩამორჩებიან ქილიჩდაროგლუსა და ერდოღანს, თუმცა მათ მიერ აღებული ხმების რაოდენობაც შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს, როგორც თურქეთის შეღონებული პრეზიდენტისთვის, ისე მისი მთავარი მეტოქისთვის.



დამოუკიდებლობის ეკალ-ბარდები

კოსოვო თავისი დამოუკიდებლობის გასამყარებლად ევროპულ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრებას ცდილობს და სერბეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, წინ მიიწევს. კვირის დასაწყისში, კოსოვომ წარმატებით გაიარა ევროპის საბჭოში გაწევრების პირველი ეტაპი. 46 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ორმა მესამედმა კოსოვოს გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, შვიდმა ქვეყანამ წინააღმდეგ მისცა ხმა და ხუთმა თავი შეიკავა. ხმების ასეთი გადანაწილება სავსებით, საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რათა ორგანიზაციას კოსოვოს წევრობის განაცხადი მიეღო და შემდგომი კენჭისყრისთვის საპარლამენტო ასამბლეისთვის გადაეგზავნა. მართალია მინისტრთა საბჭოს კენჭისყრა ანონიმური იყო, თუმცა დიპლომატებში ხმა გავარდა, რომ კოსოვოს წევრობის წინააღმდეგ ხმა მისცეს კოსოვოს დამოუკიდებლობის ისეთმა ტრადიციულმა მოწინააღმდეგეებმა, როგორებიც არიან სერბეთი, უნგრეთი, ესპანეთი, რუმინეთი, კვიპროსი, აზერბაიჯანი და საქართველო. თავშეკავებულთა ხუთეულში კი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, მოლდოვა და ბოსნია-ჰერცოგოვინა არიან თურმე. ამიერიდან, ამ საკითხის განხილვა საპარლამენტო ასამბლეაში გადაინაცვლებს და ალბათ მწვავე გამოსვლების მომსწრენიც გავხდებით. ცოტა ხნის წინ, თითქოს ბელგრადი და პრიშტინა ბრიუსელის 12 პუნქტიან გეგმაზე შეთანხმდნენ, რომლის თანახმადაც სერბეთი აღარ უნდა შეწინააღმდეგებოდა კოსოვოს საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებას – თუმცა ეგებ ბელგრადი ცდილობს მთლად ფიანდაზიც არ დაუგოს პრიშტინას და ყასიდად მაინც შეეწინააღმდეგოს.

ფრთილად მზვერავია!

საფრანგეთის ეროვნული დაზვერვის სამსახური ფრანგ პოლიტიკოსებს რუსული კონტაქტების მაქსიმალურ შეზღუდვას ურჩევს და მათ სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ფრანგული დაზვერვა მიიჩნევს, რომ საფრანგეთში შერჩენილი ათეულობით რუსი მზვერავი აქტიურად და აგრესიულად ცდილობს ფრანგულ პოლიტიკურ სისტემაში ხელის ფათურს და პოლიტიკოსების გადაბირებას. საფრანგეთის დაზვერვის ეროვნული სამსახური თურმე უამრავ საინფორმაციო შეხვედრას ატარებს ფრანგ პოლიტიკოსებთან და დეპუტატებთან, რათა აამაღლოს მათი ცოდნა რუსი მზვერავების საქმიანობისა და გადაბირების ტაქტიკების შესახებ. სადაზვერვო საქმიანობის მხრივ, საფრთხეს წარმოადგენს ჩინეთიც, მაგრამ ფრანგი მზვერავები ამბობენ აგრესიულობით ჩინელები რუსებთან ახლოსაც ვერ მივლენო. ამასთან, ჩინელები სადაზვერვო საქმიანობისას თურმე უფრო ტექნოლოგიებს იყენებენ, რუსები კი ძველებურად – ცოცხალ ძალას. საგულისხმოა, რომ შარშან საფრანგეთმა ქვეყნიდან დიპლომატიური სტატუსიის საფარქვეშ მომუშავე 35 და ღრმა შეფარვის 6 მზვერავი გააძევა, ასევე დახურა  რუსეთის საკონსულო წარმომადგენლობა სტრასბურგში, მაგრამ რუსი მსტოვრები საფრანგეთს მაინც არ ეშვებიან.   

გვალვის სოლიდარობა

გასული წელი ეროპისთვის, განსაკუთრებით კი, ესპანეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი და გვალვიანი გამოდგა, რამაც ესპანელ ფერმერებს მოსავლის დიდი ნაწილი მოუსპო და ისინი საგრძნობლად აზარალა. ძალზე ცხელ ევროპულ ზაფხულს უჩვეულოდ თბილი და უნალექო ზამთარიც მოჰყვა, რამაც ფერმერებს გამოცარიელებული სარწყავი წყლის რეზერვუარების მხოლოდ ნახევრად შევსების საშუალება მისცა. დღეს, ესპანეთის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 27% გვალვებისგან სრულად განადგურებულ და მოსავლისთვის უვარგის ზონად არის გამოცხადებული. ამ ყველაფრის ფონზე,  გამომშრალი მადრიდი ევროკავშირის კრიზისის სარეზერვო ფონდიდან დამატებითი დახმარების მიღებას ითხოვს. ესპანური წუხილი გულთან ახლოს მიიტანა მეზობელმა საფრანგეთმა და მადრიდს ევროკავშირის დახმარების მიღების საქმეში ხელის გამართვასაც დაპირდა. ევროპელი მეტეოროლოგები წელსაც საკმაოდ ცხელ ამინდებს პროგნოზირებენ და არა მხოლოდ ესპანელ ფერმერებს კარგს არაფერს უქადიან. ამიტომ, ევროპული სოლიდარობა და სარეზერვო ფონდებზე წვდომა თუ დააძვრენს ესპანელ, პორტუგალიელ თუ ფრანგ ფერმერებს გვალვით გამოფიტვისაგან. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკრაინაში ომის შემდეგ, საგრძნობლადაა გაზრდილი სასუქების ფასები, რაც დამატებითი ტვირთად აწევს ევროპელ ფერმერებს.

მსგავსი/Related

Back to top button