skip to content
ახალი ამბები

საქართველომ და იტალიამ მაღალი დონის დიალოგის შესახებ დეკლარაცია გააფორმეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, რომელიც 20-23 აპრილს სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას სტუმრობს, 21 აპრილს, იტალიელ კოლეგას, იტალიელ კოლეგას, ანტონიო ტაიანის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის დიალოგის დაწყების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრა ორი ქვეყნის საგარეო მინისტრებმა ვრცლად განიხილეს იტალია-საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები. მათვე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგზეც იმსჯელეს და ამ კონტექსტში კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა და გადადგმული ნაბიჯები მიმოიხილეს. „შეხვედრაზე იტალიის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას და აღინიშნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა“.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების ვითარებაზეც გაამახვილეს ყურადღება. საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „იტალიის მხრიდან აღინიშნა რეგიონის მიმართ მზარდი ინტერესი, როგორც პოლიტიკური,ასევე სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით“.

თავის მხრივ, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ანტონიო ტაიანიმ Twitter-ზე ორ ქვეყნას შორის გაფორმებული დეკლარაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რაც მისივე თქმით, „აძლიერებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და აღრმავებს სამეცნიერო და კულტურულ თანამშრომლობას“. „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ გზას და მის ტერიტორიულ მთლიანობას“, – დასძინა იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მაღალი დონის დიალოგის დაწყების შესახებ დეკლარაცია

შეხედრის შემდეგ ხელმოწერილი მაღალი დონის დიალოგის დაწყების შესახებ დეკლარაციით მხარეები აღიარებენ, საქართველო-იტალიის ორმხრივ ურთიერთობებში 1992 წლიდან მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც ქმნის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის გაძლიერებისა და გამრავალფეროვნების მყარ საფუძველს. ამასთან, მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ერთგულებას საერთო ღირებულებებისა და ინტერესების მიმართ და სწრაფვას, დაიცვან წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. გარდა ამისა, დეკლარაციის ფარგლებში, მხარეები გამოხატავენ მტკიცე ნებას უფრო მაღალ დონეზე აიყვანონ ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და დასახონ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.

ფორმატი ოთხი თემატური განზომილებისაგან შედგება, რომლებიც მოიცავს პოლიტიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებს. დიალოგის ფარგლებში შეხვედრებს, რომელიც გარკვეული პერიოდულობით გაიმართება, თანათავმჯდომარეობას გაუწევენ საგარეო საქმეთა მინისტრები. სესიებში მონაწილეობას მიიღებენ შესაბამისი დარგობრივი სამინისტროების/უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული დელეგაციები.

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი იტალიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ასევე, ქალაქ რომში ქართული ანბანისადმი მიძღვნილ გამოფენას დაესწრო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button