skip to content
ახალი ამბები

„TI საქართველო“: საქართველო რუსულ ელექტროენერგიაზე მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ (TIG) 5 აპრილს 2010-2022 წლებში საქართველოს ენერგეტიკის სექტორში გამოვლენილი ძირითადი ტენდენციების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ბოლო წლებში, რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტის ზრდის მიუხედავად, საქართველო რუსულ ელექტროენერგიაზე მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული და „რუსეთიდან ელექტროენერგიის სრულად შეწყვეტის შემთხვევაშიც კი ენერგოკრიზისი არ შეიქმნება“.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში ელექტროენერგიის შიდა მოხმარება გამომუშავებაზე მეტად გაიზარდა, რამაც იმპორტის ზრდა განაპირობა. თავის მხრივ, ელექტროენერგიის იმპორტის ზრდისა და ლარის გაუფასურების ფონზე „მნიშვნელოვნად გაიზარდა“ ტარიფიც. საყურადღებოა ისიც, რომ იმპორტში ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების შუამავალი კომპანიები არიან ჩართული, „რაც ასევე აძვირებს ელექტროენერგიას“.

ტარიფები და იმპორტი

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თქმით, ბოლო 10 წელში საქართველოში საყოფაცხოვრებო მოხმარების ელექტროენერგიის ტარიფები 40%-ით გაიზარდა. თბილისში, 2012 წლის შემდეგ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი საშუალოდ 40.5%-ით არის გაზრდილი, ბოლო მონაცემებით, თბილისში თვეში 101 კვტ საათამდე ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში 1 კვტ საათის ტარიფი 18 თეთრია (დღგ-ს ჩათვლით), 101-301 კვტ საათის მოხმარების შემთხვევაში 22.1 თეთრი და 301 კვტ საათზე მეტის მოხმარების შემთხვევაში 26.5 თეთრი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

რაც შეეხება რეგიონებს, აქ ამავე პერიოდში ელექტროენერგიის ტარიფმა 39.3%-ით მოიმატა. ბოლო მონაცემებით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის თვეში 101 კვტ საათამდე ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში 1 კვტ საათის ტარიფი 17.7 თეთრია (დღგ-ს ჩათვლით), 101-301 კვტ საათის მოხმარების შემთხვევაში 22.7 თეთრი და 301 კვტ საათზე მეტის მოხმარების შემთხვევაში 26.2 თეთრი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

2010 წელს ელექტროენერგიის მოხმარებაში იმპორტის წილი 2.6% იყო. 2021 წლისთვის ის 7.4%-მდე გაიზარდა, რისი მთავარი მიზეზიც „ენგურჰესის“ ნაწილობრივ გაჩერება იყო. მნიშვნელოვანია, რომ 2019-2021 წლებში იმპორტის ზრდაში მნიშვნელოვანი წილი ოკუპირებულმა აფხაზეთმა შეიტანა ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების და „ენგურჰესის“ გამომუშავების შემცირების გამო. აფხაზეთს რუსეთიდან ელექტროენერგია თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით მიეწოდება. 2022 წელს იმპორტის წილი მოხმარებაში 4.5%-მდე შემცირდა.

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, 2013 წლამდე რუსეთის წილი საქართველოს იმპორტში 95%-მდე იყო, რაც მომდევნო წლებში მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა აზერბაიჯანმა და 2017-2021 წლებში პირველ ადგილს იკავებდა 66%-იანი წილით. 2021 წელს, ელექტროენერგიის იმპორტში აზერბაიჯანის წილი 59% იყო, რუსეთის კი – 25%. 2022 წელს კი – რუსეთის წილი იმპორტში 58%-მდე გაიზარდა (აფხაზეთში მიწოდებული ელენერგიის გარეშე), ხოლო აზერბაიჯანის 20%-მდე შემცირდა. 22%-მდე გაიზარდა სომხეთიდან შემოტანილი ელექტროენერგიის წილი.

მიუხედავად რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის ზრდისა, რუსული ელექტროენერგიის წილი საქართველოს შიდა მოხმარებაში მაინც დაბალია. 2021 წელს ის 1.8% იყო, 2022 წელს კი – 2.6%. ამდენად, „რუსეთიდან ელექტროენერგიის სრულად შეწყვეტის შემთხვევაშიც კი ენერგოკრიზისი არ შეიქმნება“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

შუამავალი კომპანიები იმპორტში

ანგარიშში ელექტროენერგიის იმპორტში ჩართულ შუამავალ კომპანიებზეც არის ყურადღება გამახვილებული, რომლებსაც მოგების მიღების მიზნები აქვთ, რაც თავის მხრივ ტარიფს ზრდის. „პასუხგაუცემელია კითხვა, რატომ გაჩნდა ამ პროცესში შუამავლების ჩართვის აუცილებლობა“.

ანგარიშის მიხედვით, მაგალითად, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტში შუამავლად ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის მიერ დაფუძნებული კომპანია „Elgreen Holdings Incorporated“ არის ჩართული. რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტში კი – შუამავალი შპს „ლუქს ენერჯი ტრეიდინგია“ ჩართული, რომლის 50.01% რუსულ „ინტერ რაოს“ ეკუთვნის, ხოლო 49.99% საბოლოო ბენეფიციარი ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან, ივანე ჩხარტიშვილთან დაკავშირებული პირი ვახტანგ ამბოკაძეა, რომელიც 2019 წლამდე საქართველოს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკო) გენერალური დირექტორი იყო.

ელექტროენერგიის გამომუშავება და მოხმარება

2011-2022 წლებში საქართველოში ელექტროენერგიის შიდა გამომუშავება 42%-ით გაიზარდა, მოხმარება კი – 68%-ით. საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის 75%-მდე ჰეს-ებზე მოდის, 24% – თბოელექტრო სადგურებზე და 1%-მდე ქარის სადგურებზე. საქართველოში ელექტროენერგიის 26%-ს „ენგურჰესზე“ ენგურჰესი გამოიმუშავებს.

იმის გათვალისწინებით, რომ მაისი-სექტემბრის პერიოდში, ჰეს-ები მაღალი დატვირთვით მუშაობენ, საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტს ახორციელებს (თურქეთში და სომხეთში). მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, 2011-2022 წლებში 36%-ით არის შემცირებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

რეკომენდაციები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეკომენდაციით:

  • გამჭვირვალე უნდა იყოს, რამდენად ზრდის იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასს შუამავალი კომპანიების ფასნამატი. შუამავალი კომპანიების იმპორტში ჩართულობის საჭიროების დაუსაბუთებლობის შემთხვევაში, სახელმწიფომ ელექტროენერგია მათ გარეშე უნდა შეიძინოს.
  • საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარი მიზანი ელექტროენერგიის მოხმარების ეფექტიანობის და შიდა გამომუშავების ზრდა უნდა იყოს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button