ევროპაევროპის მოამბე

ევროპის მოამბე – 19 მარტი

გუდიანი კაცი

კვირის ბოლოს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინის სახელზე დაკავების ორდერი გასცა. რუსეთის თავკაცი ეჭვმიტანილია უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების რუსეთში დეპორტაციაში. პროკურატურის ხელთ 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული ბავშვების რუსეთში იძულებითი გადასახლების ფაქტებია, რასაც პუტინთან ერთად ძებნაში გამოცხადებული მარია ლვოვა-ბელოვა, რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისარი ედგა სათავეში. სასამართლომ დაადგინა, რომ პროკურატურის კრიტერიბუმები საკმარისია იმისათვის, რომ გაჩნდეს „გონივრული ეჭვი,“ რომ ვლადიმირ პუტინი პირადად მონაწილეობდა უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის ორგანიზებაში. რუსეთი არ არის რომის სტატუტის ხელშემკვრელი სახელმწიფო და არ აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას. თუმცა თუ რუსეთის ლიდერი იმ 123 ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩნდება, რომლებზეც სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება, მათ შორისაა საქართველოც, მის მიმართ შესაძლებელია საერთაშრისო სამართლით გათვალისწინებული ზომები გატარდეს.

თავისუფლების ფრთები

პოლონეთმა თავი მოაბა უკრაინისათვის საბჭოთა წარმოების მიგ-29 ავიაგამანადგურებლების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. უახლოეს ხანში, უკრაინის განკარგულებაში ოთხი ასეთი სრულად გამართული თვითმფრინავი იქნება, ხოლო დანარჩენები ჯერჯერობით შეკეთებას საჭიროებს. ვარშავა ამ თვითმფრინავებს აშშ და სამხრეთ კორეული მოდელებით ჩაანაცვლებს. პოლონეთის შემდეგ, მსგავსი გადაწყვეტილება საჯაროდ გამოაცხადა სლოვაკეთმაც, რომელიც უკრაინას ცამეტ მიგ-29-ს გადასცემს. ამასობაში უკრაინელი პილოტები დასავლურ მოდელებზე – F-16, Eurofighter Tornado და Mirage-2000-ზე ცდიან ძალებს და იმედია, მალევე მიიღებენ.

სულთნის წყალობა სუომის

თურქეთი და უნგრეთი ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას დაყაბულდნენ, შვედეთი კი კარში დატოვეს. პარასკევს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა  და უნგრეთის მმართველი ფიდესის საპარლამენტო ჯგუფის ლიდერმა ფინეთს საქციელი მოუწონეს და ფინეთის ნატო-ში წევრობის რატიფიცირებაზე კენჭისყრის ჩანიშვნასაც დაყაბულდნენ. ერდოღანის განმარტებით, შვედეთთან მოლაპარაკებები გაგრძელდება. ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე გადაწყვიტეს და შესაბამისი თხოვნით ნატო-ს მიმართეს. თურქეთი შვედეთს ქურთი სეპარატისტებისა და ტერორისტების მფარველობას ედავება და მათ გადმოცემას ითხოვს. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ შვედეთს ბრწყინვალე პორტისა და ჰუნთა კარვის მოთაფლვა ჯერ არ დაუსრულებია და ნატოს მისაღებში ყურყუტი მოუწევს.



ჭკუით, მოქალაქევ! 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და მისმა პრემიერმა, ელიზაბეტ ბორნმა მტკივნეული საპენსიო რეფორმის ეროვნული ასამბლეის კენჭისყრაზე გატანა ვერ გაბედეს და დეკრეტული წესით მიიღეს, რასაც ქუჩის დემონსტრაციების გამწვავება და პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა. მაკრონის რეფორმა საპენსიო ასაკის 62 წლიდან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. საფრანგეთის პრეზიდენტს პარლამენტში უმრავლესობა რახანია აღარ ჰყავს, ამიტომ ის სულ უფრო ხშირად მიმართავს საპრეზიდენტო დეკრეტების პრაქტიკას, რაც მეხუთე რესპუბლიკაში იშვიათი არაა, მაგრამ ყოველთვის იწვევს აღშფოთებას, პრეზიდენტს თავს გაუვიდაო. როგორც ხშირადვე ხდება, საფრანგეთის მთავრობისადმი ნდობის კენჭისყრა გაიმართება, რომელიც მეხუთე რესპუბლიკაში ასჯერ მომხდარა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ – წარმატებით. ფრანგები სულ უფრო დიდხანს სწავლობენ, სულ უფრო დიდხანს ცოცხლობენ და ყოველი შემდგომი თაობა რაოდენობრივან წინაზე მცირეა – ეს კი საპენსიო სისტემის შემოსავალ-გასავლის ბალანსს არღვევს და რეფორმის გარეშე, საფრანგეთის სოციალური დაცვის სისტემა შესაძლოა უკაპიკოდ დარჩეს. ეს ყველამ იცის, ოღონდ სწორედ ქუჩის მღელვარების შიშით, რეფორმაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ფრანგული მთავრობები წლებია თავს არიდებდნენ. მაკრონმა და მისმა გუნდმა უკვე მეორედ შებედეს საპენსიო რეფორმას და ვნახოთ, გადაურჩებიან თუ არა ამ პოლიტიკურ კრიზისს.

ბრიტანია ძველი ამფსონების ძიებაში

ახალ, მრავალმილიარდიან თავდაცვითი პაქტზე შესათანხმებლად, სან დიეგოში, წყალქვეშა ნავების ბაზაზე, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს და ავსტრალიის (AUKUS) ლიდერები შეიკრიბნენ. AUKUS-ის თავდაცვითი პაქტი ავსტრალიისთვის ბრიტანული კონსტრუქციის, ამერიკული ტექნოლოგიებით აღჭურვილი წყალქვეშა ხომალდების მშენებლობას ითვალისწინებს. ატომური წყალქვეშა გემებით ავსტრალიის გაძლიერების გარდა, ეს პაქტი ინდოეთი-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის შესაკავებლად, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის გაზრდილ სამხედრო ჩართულობასაც გულისხმობს. ევროკავშირიდან კარის გაჯახუნებით წამოსული ბრიტანეთი მღელვარე მსოფლიოში ახალ ადგილს ეძებს და მას ტრადიციულ პარტნიორეთან ერთად პოულობს კიდეც.

მსგავსი/Related

Back to top button