skip to content
რესპუბლიკა 100

სილიბისტრო ჯიბლაძის სიტყვა დამფუძნებელი კრების გახსნაზე

1919 წლის 12 მარტს გაიხსნა დამფუძნებელი საბჭოს პირველი სხდომა. სიტყვა წარმოთქვა საბჭოს თავმჯდომარემ, სილიბისტრო ჯიბლაძემ.

სილიბისტრო (სილვა) ჯიბლაძე – დაიბადა 1859 წელს ოზურგეთის მაზრაში. დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სემინარია და 1878 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1884 წელს თბილისის სასულიერო სემინარიიდან რექტორის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის გარიცხეს და ორი წლით სადისციპლინო ბატალიონში განამწესეს. 1880-იან წლებში ის დაუახლოვდა სემინარიაში არსებულ მემარცხენე ჯგუფებს და აქტიურად ჩაერთო ხალხოსნურ მოძრაობაში.

1892 წლის 25 დეკემბერს სილიბისტრო ჯიბლაძემ მონაწილეობა მიიღო ყვირილის კონფერენციაში და აქტიურად ჩაერთო “მესამე დასის” ჩამოყალიბებაში. 1894 წელს, ეგნატე ნინოშვილის საფლავზე სილიბისტრო ჯიბლაძის მიერ წარმოთმული სიტყვებით „მესამე დასის“  ჩამოყალიბება საჯაროდ გაცხადდე. მეოცე საუკუნის დასაწყისში ჯიბლაძე ქართული სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერია, დაკავებულია სააგიტაციო პარტიული მუშაობით, თანამშრომლობს მემარცხენე გაზეთებთან. 1917 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე ეროვნული ყრილობის მიერ არჩეული იქნა ეროვნულ საბჭოს წევრად, ხოლო 1919 წლის თებერვალში დამფუძნებელ კრების წევრად, სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ არ წასულა ემიგრაციაში, მალევე დააპატიმრეს ბოლშევიკებმა. 1922 წელს მძიმედ დაავდებული გაათავისუფლეს მეტეხის ციხიდან, გათავისუფლების შემდეგ მალევე გარდაიცვალა.

საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

პირველი სხდომა

ოთხშაბათი 1919 წლის მარტის 12. ტფილისი. სასახლე.

კრება იწყება ნაშუადღევს 12 საათსა და 12 წუთზე.

თავმჯდომარეობს უხუცესი წევრი დამფუძნებელ კრებისა სილიბისტრო ჯიბლაძე.

მდივნობს უუმცროსესი წევრი დამფუძნებელი კრებისა გიორგი ფაღავა (ს. – დ.)

სილიბისტრო ჯიბლაძის სიტყვა

ბატონებო!

ამ დღესაც მოვესწარი! ჩემს გრძელ ცხოვრების მიწურულში ბევრი ბედნიერი დღე გამთენებია, მაგრამ ეს ყველაზე უნეტარესია.

ჩემმა ხნოვანობამ წილათ მარგუნა გახსნა ამ დიადი, ამ ორმაგი დღესასწაულისა.

ბატონებო, დიდო ბატონებო!

დამფუძნებელი კრების წევრნო! უპირველეს ყოვლისა, ნება მიბოძეთ მოგიძღვნათ ჩემი გულწრფელი, გულის სიღრმიდან ამოღებული სალამი!

ნება მიბოძეთ მოგილოცოთ ეს დიადი დღე, დღე ჩვენი ხალხის დავაჟკაცებისა, მისი სრულ წლოვანობისა!

ნება მომეცით დიდის მოკრძალებით მივესალმო და დაბლა თავი დაუკრა უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს (ტაში).

სალამი დიდს ბრიტანეთს. (ტაში; დეპუტატები ფეხზე ადგომით მიესალმებიან ბრიტანიის წარმომადგენლებს) ამ აკვანს დემოკრატიისას (ტაში).

ნება მიბოძეთ მივესალმო საფრანგეთს, სამშობლოს რევოლუციისას (ტაშ და ოვაცია).

ნება მიბოძეთ მივესალმო, ამერიკის ბუმბერაზ შეერთებულ შტატებს, სიმბოლოს თავისუფლებისას (მხურვალე ტაში და ოვაცია).

პატარა შვეიცარიას, (ტაში და ოვაცია) ამ ყველა დევნილთა მფარველს.

მე მწამს და მჯერა, რომ დიდი და მაღალი კულტურა ამ კულტურულ სახელმწიფოებისა, მოჰფენს თავის ძლევა მოსილს სხივს ჩვენ ნორჩსა და პატარა რესპუბლიკასაც.

გაუმარჯოს რუსეთის ყველა ერებს, რომლებიც განთავისუფლდნენ თვითმპყრობელ მეფის ბრჭყალებისაგან (ტაში).

მივესალმები ჩვენ მეზობელ რესპუბლიკებს, ადერბეიჯანს, (ტაში) სომხეთს(ტაში) და მთიელთა რესპუბლიკას (ტაში) მივესალმები სპარსეთის წარმომადგენელს (ტაში) მივესალმები პოლონეთის ახალი რესპუბლიკის წარმომადგენლებს (ტაში) წარმომადგენელს ლიტვისა და უკრაინისა (ტაში), მივესალმები საბერძნეთს, ისპანიას, ნორვეგიას და ჰოლანდიას, (ტაში).

ახლა ნება მიბოძეთ მხურვალე სალამი მიუძღვნა ჩვენს მთავრობას და მის ბელადს ბატონ ნოე ჟორდანიას (მხურვალე ტაში). მათ ღირსეულათ ატარეს მძიმე ქუდი მონომახისა, რომელიც მათდა უნებურათ დაახურა მათ უჩვეულო მომენტმა.

ვაშა, ვაშა, თქვენ გამჭრიახობას და საქმიანობასა.

ბატონებო, დამფუძნებელ კრების წევრნო! ნება მიბოძეთ კვლავ თქვენ მოგესალმოთ! კეთილი იყოს თქვენი ფეხის შემოდგმა ამ თეთრ დარბაზში, სადაც, ვინ იცის რამდენი შავი საქმენი გაკეთებულა! ბედნიერი იყოს თქვენი აქ დაბინავება, აქ ამ თქვენ სახლში, რომელსაც სხვები ჰპატრონობდნენ, რომელშიაც ხალხის მტრები ხალხის ხარჯზე ქეიფობდნენ და დროს ატარებდნენ, ხალხის ბორკილებს სჭედნენ და ამაგრებდნენ.

კურთხეულ იყოს საფუძველი იმ ახალი სახელმწიფოებრივი შენობისა, რომლის ასაგებათ თქვენ ბრძანდებით მოწოდებული.

მეტად სერიოზულ მომენტში დაგაკისრა თქვენ დროთა ბრუნვამ ეს თქვენი მძიმე მოვალეობა. ჩვენ მოწმენი ვართ, ბატონებო, ისეთი ამბების, მოძრაობის, ცვალებადობისა, რომლის მსგავსი ასეთი ფართო მასშტაბით არ ახსოვს მსოფლიო ისტორიას. მოძრაობა – ცვალებადობა სულია ცხოვრების, მაგრამ ეს ყველასათვის გასაგები ჭეშმარიტება, წინათ თვით უდიდესი მეცნიერებისთვისაც წარმოუდგენელი და მიუწვდომელი საიდუმლოება იყო.  ფილოსოფოს არისტოტელეს ვერც კი წარმოედგინა სახელმწიფოებრივი ცხოვრება გარეშე მონობის ინსტიტუტისა. ეს ხდებოდა იმიტომ რომ პროცესი განვითარებისა, მოძრაობისა მეტის-მეტათ ნელი ნაბიჯით მიდიოდა. დღეს სხვა სურათი იშლება ჩვენს თვალ წინ. დღეს ისტორია თითქოს გამოერკვა საღათას ძილიდან, ამოიფშვინტა თვალები და პირველათ იხილა თავისი ცოდვები: ის საშინელი, გულშემზარავი სიზანტით და ზმორვით ჩოჩავს და ხოხავს. მან თითქოს იგრძნო მთელი სიმძიმე ამ ცოდვების და აი თავისი წარსულის ასანაზღაურებლათ აუშვა თავისი დაბმული მალი მერანი. ჩვენ ვხედავთ რა თავ-ბრუ დამსხმელი სისწრაფით მიეჩქარება წინ ეს მერანი, და ჩვენ ვხედავთ, რა საშინელ რყევას დანგრევას იწვევს არე-მარეში ეს მოძრაობა. ინგრევა სახელმწიფოები, ისპობა, თუმცა დრო-მოჭმული, მაგრამ, ჯერ კიდევ ძლევა მოსილი წოდებები, ნაფოტივით იმსხვრევა ტახტები ღვთის მიერ მირონცხებულთა. რომელთა ერთი სახელი შიშის ზარს სცემდა მთელ ქვეყნიერებას. ერთი სიტყვით ცხოვრება ვეღარ ეტევა თავის ტანში, გაფაციცებით კანს იცვლის განახლების-გადახალისების გზაზე დგება. საზოგადოებრივ ურთიერთობათა ახალი კვანძი ისკვნება.

თავის თავათ ისმება საკითხი, რა დავკარგეთ ჩვენ, და რა შევიძინეთ, ჩვენ ამ საერთაშირისო ორომტრიალში. პასუხი მოკლეა: დავკარგეთ ის, რის  დაკარგვა და დამარხვა ყოველთვის შეადგენდა ჩვენი დემოკრატიის საოცნებო საგანს, მის პირველ იდეალს, წყევლა-კრულვით გადუშვით მეფის თვითმპყრობელობა იმ უფსკრულში, რომლის პირამდის მიიყვანა მან მრავალ ტანჯული და წამებული მშრომელი ხალხი. აი, ბატონებო, სიდიადე თებერვლისა და მარტის რევოლიუციების.

ბედნიერი არის ეს ახალი თაობა, რომელმაც მხოლოთ იხილა დამარხვა, მაგრამ თავის ნორჩ სხეულზე არ უგრძვნია საშინელი ბრჭყალები ორთავიან არწივის რეჟიმისა. მაგრამ, ეს ცოტაა, ეს არ კმარა. არკმარა მარტო დანგრევა ძველისა. საჭიროა მეფის თვითმპყრობელობის ნანგრევებზე ხალხის თვითმპყრობელობის გამაგრება, ძველს საფლავზე ახალ, მტკიცე საძირკველის დაფუძნება. და აი აქედან წარმოდგება ჩვენი მეორე იდეალი: სრულ-უფლებიან დამფუძნებელი ყრილობა.

დამფუძნებელი ყრილობა  – ეს გვირგვინია რევოლიუციისა, მის მონაპოვართა გამტკიცებისა. მთელი 9 თვე ატარა რუსეთის დემოკრატიამ იდეა ამ ყრილობისა, ბოლოს დიდი ვაივაგლახით და ტანჯვით წარმოშვა მან ეს ყრილობა. მაგრამ, აქვე გამოაშკარავდა სისუსტე ამ დემოკრატიისა. მან ვერ შეძლო მისი მოვლა პატრონობა, და აი ერთ ცხოველისა არ იყოს – დაბადებისთანავე შთანთქა მშობელმა თავის შობილი. ოქტომბრის გადატრიალებამ გადაუშვა ანარქიის მორევში დიდი გემი რევოლიუციისა.

ლოცვა-კურთხევით მოიგონებს მომავალი თაობა, მადლიერი ჩვენს დემოკრატიას და მის მთავრობას, რომელმაც ერთად ერთმა არ დაჰკარგა გონება, არ მიეცა სასოწარკვეთილებას – ამ საერთო განცდის დროს. დიდი რევოლიუციის, დიდი გემისა, რომელზედაც მთელი 100 განმავლობაში მიკრული იყო მაგარი ჯაჭვით . მხოლოთ მან ერთმა ააცილა ეს ნავი ათასგვარ დაბრკოლებას და კლდეებს, ანარქიის უძირო ზღვაში ამოზიდულთ და მოიყვანა აქ, ამ სამშვიდობოში, ამ დიად ამ ძვირფას განძით, დამფუძნებელი კრებით. ცხადია ეს დიადი საქმე არის შედეგი არა უბრალო, ბრმა, და ბედნეირი შემთხვევის, როგორც ზოგიერთნი ფიქრობენ, არამედ ჩვენი დემოკრატიის იმ სწორი პოლიტიკური სიბრძნე-სიმწიფისა, რაზედაც ეს ეს იყო მოგახსენებდით. არ არის დარგი ისეთი რთული და საიდუმლოებებით მოცული, როგორც პოლიტიკა. და ვაი იმ ხალხს, რომლის პოლიტიკურ ხელმძღვანელებს არ შესწევს გამჭრიახობა ჩაიხედონ ამ საიდუმლოების სიღრმეში და გაიკვლიონ გზა ამ იშვიათ ხელოვნების ლაბირინტში. თვითოეულ ნაბიჯი მრუდეთ გადადგმული ამ სფეროში, შეიძლება გახდეს საბედისწერო  ნაბიჯად მთელი ხალხისათვის.

აბა რა ხეირი დააყარეს, ბატონებო, თავიანთ ხალხს იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც მხოლოდ სხვა ხალხის დაღუპვაზე, სხვის უბედურებაზე ოცნებობენ. მეორე ცოცხალი მაგალითი. რას ფიქრობენ და რას ცდილობენ ჩვენი ფეხ-მარდი კომუნისტ-ბოლშევიკები? მთელ ქვეყნიერებაზე და არა მარტო რუსეთის ცხოვრებაში, სოციალიზმის ხელათ განხორციელებაზე და ერთი მუჭა წითელ არმიელების ხიშტებით ვებერთელა რუსეთის გლეხთა ამ უმაღლეს სოციალურ სამეფოში გადატყორცნას.

სულ სხვა გზა აირჩია ჩვენმა დემოკრატიამ. კაცი-ჭამიაობას და მეზობელთა მძულვარებას მან დაუპირისპირა ჭეშმარიტი დემოკრატიული პრინციპი ერთა სოლიდარობისა და კეთილ-განწყობილებისა, კომუნისტთა დამღუპველ ექსპერიმენტებს, – წინ დახედულება და შორსმჭრეტელობა. ჩვენი სურვილი იყო რუსეთის დემოკრატიასთან ერთად ბრძოლა და ჭირსა და ლხინში მასთან ყოფნა, მასთან სიცოცხლე. მაგრამ მწარე სინამდვილემ გვიმტყუნა, და გაგვიცრუა ეს იმედები. ანარქიის ტალღებმა მოგვწყვიტა მას და ობლათ გაგვრიყა. და როცა ჩვენ ანგარიში გაუწიეთ ამ სინამდვილეს, მაგრათ შემოვიბარეთ, შემოვიბეკნეთ პირველად მთელ ამიერკავკასიის და შემდეგ ჩვენ რესპუბლიკის ფარგლებში. ჩვენმა „კეთილის მოსურნეებმა“ დაიწუნეს და დაგმეს ეს ჩვენი ტაქტიკა. შემდეგ როცა ჩვენი და ჩვენი განმარტოებულ რესპუბლიკის მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ დაისვა კითხვა ჩვენი ფიზიკური ყოფნა არ ყოფნისა და როცა ჩვენ არყოფნას იმავე ჩვენმა „კეთილის მსურველებმა“ არამც თუ დაგვიწუნეს, არამედ პირდაპირ და მალულად დემოკრატიული პრინციპის ღალატად ჩამოგვართვეს და ასტეხეს საშინელი განგაში: – ქვეყანა იქცევა, ჩვენ თან მივყვებით, თქვენ კი რაღაც საკუთარ არსებობაზე ფორჩიხობთო.

ასეთია, ბატონებო, ბუნება ბუშმენთა მორალისა. როდესაც ამოშიშვლებული ხმლებით თავს გესხმიან, კარგ საქმეს შვრებიან! როცა თავს იცავთ ვერაგული თავდასხმითგან ეს – ცუდზე უცუდესია! დავუტოვოთ ბუშმენებს მათი ბუშმენური მორალი და გავსწიოთ წინ, იმ ჩვენი გზით, რომელმაც არა ერთხელ გამოგვიყვანა გამოუსვლელი ჩიხიდგან, რომელმაც შეგვინარჩუნა ძვირფასი მონაპოვარი რევოლიუციისა.

ბატონებო, დღეს ამ რევოლიუციის, რუსეთის რევოლიუციის 2 წლის თავია. ჩვენი დემოკრატია, მადლიერი დემოკრატია არ დაივიწყებს დიდ ამაგს რუსეთის დემოკრატიისას. მუხლის მოდრეკით მოვიხსენიოთ ამ დემოკრატიის გმირებს, რომელთაც თავი დასდვეს საკაცობრიო სამსხვერპლოზე. 2 წელიწადია რაც მოპოვებულ ჩვენს თავისუფლებას ემუქრებიან ყოველ მხრიდან მოზღვავებული მტრები. სახელი და დიდება ჩვენ ხალხის რჩეულ შვილებს, – სახალხო გვარდია და ახალგაზრდა ჯარს, რომელთაც თავისი თავდადებული მამაცობით შეინარჩუნეს, დაიცვეს, შეგვინახეს და ჩაგაბარეს თქვენ ეს  თავისუფლება (ტაში). აწი, ბატონებო, თქვენს ხელთ არის ბედი ამ ჩვენ ქარცეცხლში გამოტარებული ავლა-დიდებისა. ვერ ვიტყვით, რომ სრულიად უზრუნველი, დაზღვეული იყოს ეს თავისუფლება მოსალოდნელი საშიშროებისაგან, ვინაიდან არ ჩანს დასასრული იმ ქაოსისა, რომლის ალში ჩააგდო მთელი განათლებული კაცობრიობა საშნელმა მსოფლიო ომმა. მაგრამ ერთი რამ კი შეიძლება აქ ითქვას  გადაჭრით: ხალხი, რომელსაც მრავალ საუკუნეთა განმავლობაში დაიცვა თავისი ვინაობა, ხალხი რომელსაც არ შეეშინდა ჩრდილოეთის სუსხიან  ზამთრის, რომელმაც გამოიჩინა უნარი თვითმპყრობელობის სქელი და ცივი ყინვის ქვეშ პოლიტიკური და მოქალაქეობრივი ზრდა განვითარებისა, ეს ხალხი არ დაიღუპება და არც დაღუპავს მოპოვებულ თავისუფლებას. მაშ გაუმარჯოს საქართველოს თავისუფალ დამოუკიდებელ რესპუბლიკის, თავისუფალ დემოკრატიას, გაუმარჯოს საქართველოს დამფუძნებელ კრებას. ერთხელ კიდევ გიძღვნით ჩემს გულწრფელ სალამს და კიდევ გისურვებთ წარმატებას და თავისუფალ მუშაობას

(ხანგრძლივი ტაში).

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button