პრეზიდენტმა NPR-სთან ევროკავშირში მისწრაფებებზე, უკრაინის ომსა და ახალ მსოფლიო წესრიგზე ისაუბრა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რადიო NRP-თან ინტერვიუში ევროკავშირში საქართველოს მისწრაფებებზე, უკრაინაში ომზე და მის გავლენაზე საქართველოსა და მსოფლიოზე, ასევე ახალ მსოფლიო წესრიგსა და სხვა საკითხებზე ისაუბრა.
რუსეთის ომი უკრაინაში
პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ ამ „ტრაგიკულ ომში დაუჯერებელი სიმტკიცე“ გამოიჩინა. მართალია, უკრაინას ეს ძალიან ძვირი დაუჯდა, რუსეთმა „ომის ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია“. უკრაინამ აჩვენა, რომ „21-ე საუკუნეში რუსეთი აღარ არის ყოვლისშემძლე იმპერია“, როგორც ის საბჭოთა პერიოდში იყო. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2008 წლისგან განსხვავებით, როდესაც რუსეთი საქართველოს დაესხა თავს, დღეს რუსეთი „ნამდვილად იზოლირებულია“ და მთავარი ცვლილება ისაა, რომ „დღეს ყველას ესმის, თუ რას წარმოადგენს რუსეთი“.
ახალი შესაძლებლობები
სალომე ზურაბიშვილის თქმით, უკრაინამ ახალი შესაძლებლობები გახსნა, მათ შორის, საქართველოსთვის. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე დასმულ კითხვაზე, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „დიდი იმედგაცრუება“ იყო, როდესაც საქართველომ, მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. თუმცა, იქვე ხაზი გაუსვა, რომ ამან ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედა. კითხვაზე – „იყო თუ არა იგი ოპტიმისტურად განწყობილი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მიმართ?“ – პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წინა წლებთან შედარებით, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა. „ყოველ ნაბიჯზე ხალხი ეჭვობდა წაიწევდა თუ არა საქართველო წინ“, -განაცხადა მან და დასძინა, რომ ის ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი და დარწმუნებულია ერთ რამეში – საქართველოს მოსახლეობის სიმტკიცეში.
ახალი მსოფლიო წესრიგი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი აღარაა ის ევროკავშირი, რომელიც „ეჭვობდა, რომ ექნებოდა რეალური თავდაცვის სტრატეგია“. მან ხაზი გაუსვა, რომ „ის ფაქტი, რომ ფინეთი და შვედეთი ცდილობენ ნატოში გაწევრიანებას, უზარმაზარი ცვლილებაა“. ზურაბიშვილის თქმით, „ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ საკითხებზე ურთიერთობა წინა წლებში არასდროს ყოფილა ისეთი მჭიდრო როგორც დღეს“. პრეზიდენტმა დასძინა, რომ „უკრაინის ომის შედეგად ახალი გეოპოლიტიკური ვითარება ჩამოყალიბდა, რომელიც ჩვენს მომავალს განსაზღვრავს და საქართველოსთვის მთავარია, რომ ამ თანამეგობრობის ნაწილი იყო, არ აქვს მნიშვნელობა, რა ფორმა ექნება მას“.
პრეზიდენტის გზავნილი ამერიკელებისთვის
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი სურვილია, რომ გააცნოს მათ საქართველოს საუკუნოვანი გამოცდილება რუსეთთან ურთიერთობის. მან აღნიშნა, რომ დასავლეთი სწორედ ახლა იგებს, თუ რას წარმოადგენს რუსეთი. „თუ რუსეთს არ ესმის, რომ რაც მათია, მათ ეკუთვნით და რაც არა, არ არის მათი, ისინი ვერასდროს გახდებიან [საერთაშორისო] საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და ეს უნდა იყოს მშვიდობიანი მოლაპარაკებების საგანი, როდესაც ასეთი მოლაპარაკებები გაიმართება“, – დასძინა პრეზიდენტმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)