ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლომ „უგულავა საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

სტრასბურგში მდებარე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 9 თებერვალს „უგულავა საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

განაცხადი სტრასბურგის სასამართლოში ნაციონალური მოძრაობისდროინდელი თბილისის მერის, გიგი უგულავას საჩივრის საფუძველზე შევიდა, სადაც იგი აცხადებდა, რომ მისი დაკავება და წინასწარი პატიმრობა „ეწინააღმდეგებოდა ადგილობრივ კანონმდებლობას და იყო თვითნებური“. მოსარჩელემ წარადგინა მტკიცებები მისი წინასწარი დაკავების უკანონობის შესახებ, სადაც ეყრდნობოდა ადამიანის უფლებათა ევრული კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელ, მე-3 და მე-4 პუნქტებს, რომლებიც ეხება კანონიერ დაპატიმრებას, დაკავების პერიოდს და წინასწარი პატიმრობის სამართლიანობას.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას მომჩივნის დაკავებასა და შემდგომ პატიმრობასთან დაკავშირებით 2014 წლის 3 ივლისიდან 2015 წლის 2 აპრილამდე პერიოდში და იგივე დადგენილება შეეხო 2014 წლის 4 ივლისიდან 2015 წლის 15 მარტამდე დაკავების პერიოდს. საერთო ჯამში, სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი სავარაუდო დარღვევების შემთხვევები არ არის „არც აშკარად დაუსაბუთებელი და არც რაიმე სხვა საფუძვლით დაუშვებელი“.

უგულავას განაცხადი ასევე ეყრდნობოდა კონვენციის მე-18 მუხლს, მე-5 მუხლთან ერთობლიობაში, სადაც იგი აცხადებდა, რომ სისხლის სამართლის ორ საქმეზე მისი წინასწარი პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო. კერძოდ, უგულავა ამტკიცებდა, რომ მისი პირველი წინასწარი პატიმრობა მიზნად ისახავდა მისთვის ხელის შეშლას თბილისის მერობისთვის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის მხარდამჭერი კამპანიის წარმოებაში. მეორე წინასწარ პატიმრობას მან თვითნებული უწოდა, რომლის უკანაც „ფარული მიზნები“ იყო.

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, არ დადგინდა მე-18 მუხლის (უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) დარღვევა მე-5 მუხლის 1-ელ პუნქტთან ერთობლიობაში. სასამართლოს გაუჭირდა დაესაბუთებინა მოსარჩელის არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ მისი დაკავებისა და წინასწარი დაპატიმრების პერიოდი, შესაძლოა, ფარულ მიზნებს ემსახურება იმის გამო, რომ უგულავა ბრალის წარდგენისთანავე დააკავეს. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მტკიცება, რომ უგულავას პირველი წინასწარი პატიმრობა მისი პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორებას ისახავდა მიზნად და იმ ფაქტზე მიანიშნა, რომ იგი არ იყო კანდიდატი არჩევნებზე და რომ მისი არგუმენტი „ნაკლებად დამაჯერებელი“ იყო.

სასამართლომ დაადგინა დარღვევის შესახებ ორ შემთხვევაში, კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტით, რომელიც ეხება განმცხადებლის წინასწარ პატიმრობას 2015 წლის 2 აპრილიდან 17 სექტემბრამდე, და კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით, რომელიც ეხება წინასწარ პატიმრობს 2015 წლის 18 თებერვლიდან მოყოლებული. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მოყვანილია არგუმენტი, რომ განმცხადებლის წინასწარ პატიმრობას საკმარისი საფუძველი ჰქონდა. უფრო მეტიც, სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებელმა, „შესაძლოა, გარკვეული სტრესი და შფოთვა განიცადა მე-5 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების დარღვევის შედეგად“.

ამდენად, სასამართლომ მოპასუხე მხარეს (საქართველოს) არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად უგულავასთვის 10 000 ევროს გადახდა დააკისრა.

იუსტიციის სამინისტროსა და უგულავას ადვოკატის გამოხმაურება

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ სტრასბრგის სასამართლოს თქმით, უგულავას დაკავება იყო კანონიერი და არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული.

სამინისტროს საპასუხოდ, უგულავას ადვოკატმა, ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ ეს იყო „არასწორი“ განცხადება. მისი თქმით, „სასამართლოს არ უთქვამს, რომ პოლიტიკური ნიშნები არ იკვეთებოდა. სასამართლომ თქვა, რომ პოლიტიკური ნიშნების დასადგენად უფრო მაღალი სტანდარტები აქვთ და ამისთვის მეტი მტკიცებულებაა საჭირო. არ უთქვამთ, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული არ იყო. თქვეს, რომ ვერ ამტკიცებენ პოლიტიკურ მოტივაციას. ეს ერთი და იგივე არაა. უხეში ინტერპრეტაციაა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button