პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 6 თებერვლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ იგი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობაზე „არ და ვერ იმსჯელებს“, მაგრამ „ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება – ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა“.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით გრძელდება ქვეყნის „არნახული დისკრედიტაცია“, ხელი ეშლება პარტნიორებთან ურთიერთობებს, ფერხდება სოლიდარობის გამოხატვა უკრაინელი ხალხის მიმართ და ზიანი ადგება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
მისი თქმით, როდესაც „ქვეყანა მძევალია ამ ერთი და ერთადერთი საკითხის“, სხვა გადამწყვეტი საკითხები, როგორიცაა რუსეთის მოქალაქეების „მასობრივი შემოდინება“ არც კი განიხილება საჯარო დონეზე. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ გაჩნდა ეჭვები, რომ საქართველო უბრუნდება რუსეთის ორბიტას, რაც გაურკვეველს ხდის „ჩვენ ადგილს ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში“. მისივე თქმით, ეს, „შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს, თუკი რუსეთმა დაიჯერა, რომ დავკარგეთ ჩვენი ტრადიციული პარტნიორების მკაფიო მხარდაჭერა“.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამგვარი დისკრედიტაცია მმართველი პარტიისა და ოპოზიციის „ერთობლივი ძალისხმევის“ შედეგია. ზურაბიშვილმა დაგმო „ქართული ოცნების“ რიტორიკა, „ჯიუტი გადაწყვეტილებები“ და რუსეთის მიმართ „გაუგებარი ლმობიერება“, რომელიც უპირისპირდება უკრაინელებისა და ჩვენი პარტნიორების მიმართ მკაცრ და ხშირად შეურაცხმყოფელ კრიტიკას. მეორე მხრივ, მან აღნიშნა, რომ „არანაკლებად დამაზიანებელი აღმოჩნდა, ,,ჰუმანიტარული პოზიციონირების“ მიღმა, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ ქვეყნის რეპუტაციის შემლახველი გზავნილები, რომლებიც ბოლო პერიოდში კარგად დაგეგმილ და განხორციელებულ კამპანიაში გადაიზარდა (შერჩეული და გაუმართლებელი გაიგივება პუტინის რუსეთთან და ნავალნის პატიმრობასთან, თუ ოსვენციმის ხსენება)“.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ პრობლემას პრეზიდენტის შეწყალება ვერ უშველის, რადგან „ეს მხოლოდ პრეზიდენტის ინდივიდუალური და პერსონალური ნების გამოხატვაა და არა რეჟიმის ახალი მიდგომის ან რეალური დეპოლარიზაციის ნიშანი, რასაც ჩვენგან ითხოვს ევროპა“.
„ყოფილი პრეზიდენტის განცხადებების გათვალისწინებით და მის მიერ არაღიარებული, არმონანიებული დანაშაულების შედეგად, მოსალოდნელია, მისი გათავისუფლების შემთხვევაში, იგი იქცეს აქტიურ მოწინააღმდეგედ, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ რეალურად ქვეყნის რეპუტაციის და მაშასადამე მისი ევროპული შანსების“, – დასძინა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყნის ამ მდგომარეობაში ჩაძირვის პასუხისმგებლობა ერთნაირად ნაწილდება მათზე, ვინც „დაარწმუნეს ყოფილი პრეზიდენტი შემოსულიყო, და მათზე, ვინც შემოუშვა და რეალურად აღარ უშვებს“.
ზურაბიშვილმა ხელისუფლება იმის გამოც გააკრიტიკა, რომ „ევროპული გზა და 12 რეკომენდაციის შესრულება პოლიტიკური დღის წესრიგიდან პრაქტიკულად ამოაგდო“. „ამ დღეში მიტოვებული მოქალაქეები ქვეყნიდან რომ მიდიან ეს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ერთობლივი პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნა მან.
პრეზიდენტის თქმით, მისი შეწყალებით მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება და რაც მთავარია, „ვითომც ამ ხელმოწერით ქვეყანა თავის სახეს და რეპუტაციას ვერ დაიბრუნებს და ვერც გადამწყვეტ შედეგს მიაღწევს ევროპულ გზაზე“.
ამ მიზნის მისაღწევად, ხელისუფლებამ უნდა მოიძებნოს „სამართლებრივი და ჰუმანური გამოსავალი“. რაც შეეხება ოპოზიციას, სააკაშვილმა უნდა აღიაროს დანაშაული და პოლიტიკიდან წასვლის პირობით მძევლობიდან გაათავისუფლოს ქვეყანა და თვით ოპოზიცია“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
„ყველამ უნდა დაამთავროს ამ ქვეყნის მომავლით სპეკულირება და თამაში, აიღოს პასუხისმგებლობა და შეწყვიტოს ქვეყნის სახის დაზიანება“, – განაცხადა პრეზიდენტმა. „ეს საკითხი ქართული პოლიტიკური სივრციდან უნდა მოიხსნას და ამით ამ ქვეყანას საშუალება მიეცეს, ისუნთქოს, იცხოვროს, განვითარდეს და მიიღოს ევროკავშირის დამსახურებული კანდიდატის სტატუსი. ეს არის საქართველოს მოსახლეობის ნება“, – დასძინა პრეზიდენტმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)