ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტის მანქანა დააზიანეს
ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტის, მალხაზ სონღულაშვილის მეუღლის, ალა ქავთარაძის თქმით, მათი ოჯახის კუთვნილი მანქანა დააზიანეს.
„საშობაო მოლოცვა სამეზობლოსგან“, – დაწერა დღეს ალა ქავთარაძემ Facebook-ზე და დაზიანებული ავტომობილის ფოტოებიც გამოაქვეყნა, რომლებიდანაც ჩანს, რომ მანქანას წინა საქარე მინა აგურით აქვს ჩამსხვრეული.
ამავე პოსტის კომენტარებში ევანგელისტური ეკლესიის პასტორი, ზაალ ტყეშელაშვილი წერს, რომ რამდენიმე კვირის წინ, მისი ავტომობილის უკანა მინაც იმავე მდგომარეობაში დახვდა. „უკანა საბარგულის გამოცვლა მომიხდა“, – დასძინა მან.
ალა ქავთარაძემ „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ მომხდარს ვერაფერს უკავშირებს „უბრალოდ მავნებლობაა. მოხდა, სავარაუდოდ, ღამე“. მისივე თქმით, ორი ღამეა, რაც ავტომობილი ჭიშკართან დგას და არსად გაუყვანიათ. „დილით ძაღლებისთვის საკვების მოსატანად უნდა გავსულიყავით და დაგვხვდა ეს სურათი. პოლიციაში მივიდა ჩემი შვილი, მაგრამ ექსპერტიზის ჩატარება უთხრეს“, – განაცხადა მან.
დღესვე, მომხდარს Facebook-ზე ევანგელისტურ ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსიც გამოეხმაურა და დაწერა, რომ ცოტა ხნის წინ, ეზოს წინ გაჩერებულ იმავე ავტომობილს მანქანა შეასკდა. „სახლში მხოლოდ შეჯახების ხმა გაიგონეს და გარეთ რომ გამოვიდნენ, [მძღოლი] უკვე გაქცეული იყო“.
„პოლიცია არის იქვე. საქმე მაშინაც აღიძრა და დღემდე „ეძებენ“. შეიძლება, ეს ორი ამბავი არაფერ კავშირშია ერთმანეთთან, მაგრამ კავშირშია გამოძიების ეფექტურობასა და მოლოდინებთან“, – წერს იგი.
საგულისხმოა, რომ მალხაზ სონღულაშვილის 24 დეკემბერს, წინასაშობაო ქადაგებას სოციალურ ქსელებში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ქადაგებისას, ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტმა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით უკრაინის მიმართ ღია მხარდაჭერა გამოხატა.
„სამოქალაქო საქართველო“ კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, პასუხი მასალაში მიღებისთანავე აისახება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)