ახალი ამბები

საქსტატი: საოჯახო საქმიანობაში ქალები კაცებზე 4.9-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ

დროის გამოყენების შესახებ საქართველოს სტატისტიკის (საქსტატი) ეროვნული სამსახურის მიერ 9 დეკემბერს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კაცებთან შედარებით, საოჯახო საქმიანობაში ქალები დღეში საშუალოდ 4.9-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ, კაცები კი – სამსახურში 1.9-ჯერ მეტს, ვიდრე ქალები.

საქსტატმა კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 680 შინამეურნეობა შეარჩიეს და გამოკითხვაში მონაწილეობა 15+ ასაკის პირებმა მიიღო.

კვლევის ძირითადი მიგნებები

გამოკვლევის თანახმად, მოსახლეობა თავზე ზრუნვასა და მოვლაზე დღე-ღამეში საშუალოდ 11.7 სთ-ს ხარჯავს; 4.2 სთ-ს – კულტურულ, დასვენების, სპორტულ და მასმედიასთან დაკავშირებულ აქტივობებზე; 2.6 სთ-ს – დასაქმებასა და მასთან დაკავშირებულ აქტივობებზე; 2.1 სთ-ს – შინამეურნეობისა და ოჯახის წევრებისთვის გაწეულ აუნაზღაურებელ საოჯახო მომსახურებაზე; 1.4 სთ-ს – სოციალიზაციაზე, კომუნიკაციაზე, სათემო და რელიგიურ აქტივობებში მონაწილეობაზე; 0.9 სთ-ს – საკუთარი საბოლოო მოხმარებისთვის პროდუქციის წარმოებაზე; 0.6 სთ-ს – შინამეურნეობისა და ოჯახის წევრებისთვის გაწეულ აუნაზღაურებელ ზრუნვის მომსახურებაზე; 0.3 სთ-ს – სწავლაზე; 0.1 სთ-ს კი – სტაჟირებაზე, მოხალისეობრივ და სხვა სახის აუნაზღაურებელ შრომაზე.

დასაქმებასა და მასთან დაკავშირებულ აქტივობებში დახარჯული დრო განსხვავდება დასახლებული პუნქტების მიხედვით. მაგალითად, ამ მიმართულებით დღეში საშუალოდ 3.4 სთ-ს ხარჯავს თბილისში მცხოვრები მოსახლეობა; 2.7 სთ-ს სხვა ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობა; 1.9 სთ-ს კი – სოფლად მცხოვრებნი.

ხოლო უშუალოდ მათგან, ვინც ამ აქტივობებშია ჩართული მოქალაქეები ამ მიმართულებით დღეში საშუალოდ 8.2 სთ-ს ხარჯავენ. თბილისში ეს მაჩვენებელი 9.1 სთ-ია; სხვა ქალაქებში – 8.6 სთ, სოფლებში კი – 7 სთ.

წყარო: საქსტატი

აუნაზღაურებელი სამუშაო

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა შინამეურნეობისა და ოჯახის წევრებისთვის გაწეულ აუნაზღაურებელ საოჯახო მომსახურებაზე დღეში საშუალოდ 2.1 საათს ხარჯავს. აქედან ქალები 3.4 სთ-ს, კაცები კი – 0.7 სთ-ს.

ამასთან, ქალები, კაცებთან შედარებით, 5-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ სოფლებში (3.6სთ), თბილისსა და სხვა ქალაქებში კი – 4.8-ჯერ მეტ დროს (3.2 სთ). 15-44 წლის ასაკობრივ ჯგუფში, ამ აქტივობებზე ქალების მიერ დახარჯული დრო, კაცებისაზე 5.9-ჯერ მეტია, 45-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში – 4.9-ჯერ, ხოლო 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში – 3.3-ჯერ.

წყარო: საქსტატი

საქსტატის თქმით, მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის მე-5 მიზანია „გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგოს გაძლიერება“, რომლის შესრულების მონიტორინგისთვის რეკომენდებული ინდიკატორია SDG 5.4.1 „აუნაზღაურებელ ზრუნვასა და საოჯახო შრომაზე დახარჯული დროის წილი“.

ქალების მიერ აუნაზღაურებელ ზრუნვასა და საოჯახო შრომაზე დახარჯული დროის წილი 17.8%-ს შეადგენს, რაც 4.8-ჯერ აღემატება კაცების ამავე მაჩვენებელს (3.7%). თბილისში გენდერული თანაფარდობა 4.6-ს შეადგენს, სხვა ქალაქებში – 5.1-ს, ხოლო სოფლებში – 4.5-ს.

„ყველა ტიპის დასახლებაში და ყველა ასაკობრივ ჯგუფში აუნაზღაურებელ ზრუნვასა და საოჯახო შრომაზე ქალების მიერ დახარჯული დრო მკვეთრად აღემატება კაცების ამავე მაჩვენებელს. აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 25-44 წლის ქალებში და 23.0%-ს შეადგენს“.

სწავლა

კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა სწავლაზე დღეში საშუალოდ 0.3 სთ-ს ხარჯავს. სწავლაში ჩართული მოსახლეობა ამ აქტივობაზე დღეში საშუალოდ 4.8 სთ-ს ხარჯავს.

ეს მაჩვენებელი ქალებისთვის 4.5 სთ-ს, ხოლო კაცებისთვის 4.7 სთ-ს შეადგენს. როგორც ქალების, ასევე კაცების შემთხვევაში, სწავლაზე დახარჯული საშუალო დრო ასაკის მატებასთან ერთად მკვეთრად მცირდება.

წყარო: საქსტატი

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button