ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად თამაზ ბესტაევი დაინიშნა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ცხინვალის რეგიონის დევნილობაში მყოფი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად თამაზ ბესტაევი დაინიშნა. ბესტაევმა დიმიტრი სანაკოევი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციითვე, ბესტაევი ბოლო 15 წლის განმავლობაში, ამავე ადმინისტრაციის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობდა.
დღეს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, თამაზ ბესტაევმა მთავრობის მეთაურს „ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე“ დანიშვნით გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. „ერთობლივად ვასრულებთ იმ ფუნქციებს, რაც [მთავრობის მიერ] გვაქვს დაკისრებული“, – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)