skip to content
ახალი ამბები

შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა 

თბილისში ვიზიტად მყოფი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი, ირენ ქელინი 11 ოქტომბერს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, მათ შორის, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა – პოლიტიკა, ეკონომიკა და ხალხთა შორის მჭიდრო კავშირები.

ამ კონტექსტში, მათ ყურადღება გაამახვილეს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროგრამების მნიშვნელობაზე საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და ინსტიტუციური ტრანსფორმაციის მიმართულებით.

პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ქელინს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შვეიცარიის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ილია დარჩიაშვილმა და პრეზიდენტმა ქელინმა აღნიშნეს, რომ „ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება, პროფესიული განათლება, კლიმატის დაცვა და სხვ“. მხარეებმა საპარლამენტთაშორისო კავშირების მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს განვითარების სფეროში თანამშრომლობის კუთხით შვეიცარიული მხარის მრავალწლიანი ჩართულობა, რამაც „ქვეყნის სოციალ-ეკონომიკურ ტრანსფორმაციას შეუწყო ხელი და მომავალშიც აქტიურად წარიმართება პრიორიტეტულ სფეროებში რეფორმების განხორციელების მიმართულებით“.

ილია დარჩიაშვილმა და ირენ ქელინმა რეგიონში არსებული ვითარებაც განიხილეს და ხაზი გაუსვეს „საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და ერთიანი პოზიციის მნიშვნელობას დღეს არსებულ საფრთხეებთან გასამკლავებლად“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button