ახალი ამბები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ 2021 წლის სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TI-Georgia) მიერ 4 ოქტომბერს გამოქვეყნებული სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის შესახებ 2021 წლის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს, კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი 10.4%-ით (7.8 მლნ ლარი) გაიზარდა და 83.1 მლნ ლარი გახდა.

ორგანიზაციის ცნობით, 2021 წელს ყველაზე მეტი, 31.1 მლნ ლარის რეკლამა ტრადიციულად „იმედის“ ჰოლდინგმა მიიღო. შემდეგ მოდიან: „მთავარი არხი“ – 11.9 მლნ ლარით; „მედია ჰოლდინგი“ (ყოფილი „რუსთავი 2“) – 11.1 მლნ ლარით; „ტელეკომპანია პირველი“ – 7 მლნ ლარით; ტელეკომპანია „ფორმულა“ – 5.9 მლნ ლარით.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განმარტებით, ბოლო წლებში, რეკლამების კლება მანამდე ლიდერ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ აქვს, რაც დროში მფლობელის შეცვლას ემთხვევა. მაგალითად, 2021 წელს, 2018 წელთან შედარებით „რუსთავი 2-ის“ სარეკლამო შემოსავალი 63.4%-ით (19.3 მლნ ლარი) შემცირდა. ამასთან, გასულ წელს მან მეორე ადგილიც დათმო და მესამეზე გადაინაცვლა.

პოლიტიკური რეკლამიდან ყველაზე მეტი თანხა – 975 000 ლარი, ტელეკომპანია „იმედმა“ მიიღო, 786 000 ლარი „რუსთავი 2-მა“, 609 000 ლარი „ტელეკომპანია პირველმა“, 498 000 ლარი „მთავარმა არხმა“, 264 000 ლარი კი – „პოს ტვ-მ“.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პოლიტიკურ რეკლამაზე ჯამში 3.8 მლნ ლარი დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე მეტი – 2.3 მლნ ლარი ქართულმა ოცნებამ დახარჯა, შემდეგ კი – ლელომ (1.1 მლნ ლარი) და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ (0.3 მლნ ლარი).

ქართულმა ოცნებამ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა ძირითადად „იმედზე“, რუსთავი 2-სა“ და „პოს ტვ-ზე“ განათავსა. „მთავარ არხზე“, „ფორმულაზე“ და ტელეკომპანია „პირველზე“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა საერთოდ არ მიუტანია.

თავის მხრივ ნაციონალურმა მოძრაობამ რეკლამის ძირითადი ნაწილი „მთავარ არხსა“ და „ფორმულაზე“ განათავსა და „იმედის“ ჰოლდინგში ფასიანი პოლიტიკური რეკლამა არ მიუტანია. რაც შეეხება ლელოს, რეკლამის დიდი ნაწილი „ტელეკომპანია პირველში“ და „მთავარ არხზე“ განათავსა.

კერძო ტელევიზიების ჯამური შემოსავლები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 2021 წელს კერძო ტელეკომპანიების ჯამური შემოსავალი 1%-ით გაიზარდა და 139.8 მლნ ლარი გახდა. 2020 წელს ეს მონაცემი 138.5 მლნ ლარი იყო; 2019 წელს – 92.9 მლნ ლარი; 2018 წელს 81.5 მლნ ლარი და 2017 წელს – 97.5 მლნ ლარი.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

ანგარიშის მიხედვით, კერძო ტელევიზიებიდან ჯამური შემოსავლების მხრივ პირველი ადგილი „ფორმულას“ უჭირავს 37.5 მლნ ლარით. საიდანაც 31.6 მლნ ლარი – ერთ-ერთი მფლობელისგან, დავით კეზერაშვილისგან სესხის სახით აღებული თანხაა და არასამაუწყებლო შემოსავალის ნაწილია.

სხვა ტელევიზიების ჯამური შემოსავლები კვლევაში დაკონკრეტებული არ არის.

ტელევიზიების ფინანსური მოგება და ზარალი

ტელევიზიების ფინანსური მოგება-ზარალის ნაწილში „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ 2020 წლის მონაცემები აქვს წარმოდგენილი, რომელთა მიხედვითაც, ამ წელს ხუთმა ყველაზე შემოსავლიანმა ტელეკომპანიამ- „იმედმა“ (-74.4 მლნ ლარი), „მთავარმა არხმა“ (-17.6 მლნ ლარი), „რუსთავი 2-მა“ (-42.5 მლნ ლარი), „ტელეკომპანია პირველმა“ (-1.9 მლნ ლარი) და „ფორმულამ“ (-34.5 მლნ ლარი) ზარალით დაასრულეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button