ახალი ამბები

თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა 

საქართველოს პარლამენტმა 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ ქართული ოცნების დეპუტატი, თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა თამარ ტალიაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა და შესაბამისი დადგენილების პროექტს პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე წარუდგენს.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ტალიაშვილს უფლებამოსილება უწყდება, რათა მან ეს „ძალიან მნიშვნელოვანი დიპლომატიური პოზიცია“ დაიკავოს.

პარლამენტში ტალიაშვილს მმართველი პარტიის საპარლამენტო სიის მომდევნო წევრი, გენრიეტა წიწავა შეცვლის. ამჟამად, წიწავა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მრჩეველია.

გარდა დეპუტატობისა, ტალიაშვილს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ასევე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა უკავია. 2017-2020 წლებში, იგი საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2014-2017 წლებში კი – მას თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.

წარსულში ტალიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსად მუშაობდა და ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის დელეგატიც იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button