ახალი ამბები

ელექტრონული არჩევნების შესახებ მმართველი პარტიის ინიციატივას ოპოზიცია გამოეხმაურა

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც მთავრობა შეიმუშავებს კანონპროექტს 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ, ოპოზიციის გამოხმაურება მოყვა.

ქვემოთ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოსაზრებებია წარმოდგენილი:

ლევან ბეჟაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „საპარლამენტო ოპოზიცია ელექტრონულ არჩევნებს ითხოვდა ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობისთვის. იმავდროულად, ელექტრონული არჩევნები საქართველოს ტერიტორიაზე წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. თუმცა, ცენტრალური საარჩვენო კომისიის და სუს-ის ორგანიზებით ჩატარებულ ელექტრონულ არჩევნებს ნდობა ვერ ექნება. მნიშვნელოვანია, რომ ჩაერთონ საერთაშორისო პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სახელმწიფოები, რათა მათ მიერ უზრუნველყოფილ ელექტრონულ პლატფორმებზე ხდებოდეს ამ არჩევნების განხორციელება და ორგანიზება, სხვა შემთხვევაში ნდობის ხარისხი დაბალი იქნება“.

გიორგი ვაშაძე, სტრატეგია აღმაშენებელი: „არჩევნების ელექტრონულ სისტემას ვითხოვდით ჩვენ, ოღონდ არა 70, არამედ 100%-ში. მაღალმთიანი რეგიონები და ეთნიკური უმცირესობით დასახლებული ადგილები უნდათ გაყალბებისთვის დაიტოვონ. აი, ეს არის რეალურად რატომაც გამოვიდა ახლა ამ ინიციატივით ირაკლი კობახიძე… ამ თაღლითობაში ჩვენ არ გავყვებით. კობახიძეს ვეუბნები – არა 70%, არამედ 100%“.

ბადრი ჯაფარიძე, ლელო საქართველოსთვის: „არჩევნების ელექტრონულად ჩატარება კარგია, მაგრამ ეს უნდა იყოს 100%-ით ელექტრონულად. 30%-ის დატოვება ნიშნავს იმას, რომ ამ პროცენტში შეეცდებიან მანიპულაციას და შესაბამისად, გაურკვეველია, რა პრინციპით უნდა მოხდეს 70%-ის 30%-ზე გაყოფა. თითქოს დიდ ქალაქებში უნდა იყოს და რეგიონებში არა, ეს ტოვებს იგივე რისკებს, რომელიც საქართველოში ქართული ოცნების მიერ ჩატარებულ არჩევნებს ახასიათებს. ამიტომ, ელექტრონულად ჩატარება კარგია, მაგრამ ის უნდა იყოს 100%-ით ელექტრონულად, ეს არის ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხი”.

ვახტანგ მეგრელიშვილი, გირჩი: „კარგია, რომ შემდეგი არჩევნების უდიდესი ნაწილის შედეგები უცბათ ვიცოდეთ და არ ველოდოთ როდის დაითვლიან თუ გადაწერენ და გადმოწერენ“.

ალექსანდრე ელისაშვილი, მოქალაქეები: „ეს იქნება ძალიან კარგი, თუ არჩევნებზე ელექტრონული ხმის მთვლელი მანქანები დაიდგმება, რადგან გამოცდილებამ აჩვენა… რომ ნახევარ საათში ყველამ შედეგები იცოდა. ძველი საანგარიშოებითა და დომინოს ქვებით თვლა დამთავრდა, არჩევნების შედეგებს მეორე დილამდე რომ ვერ თვლიდნენ ხოლმე. რუსთავში და ბათუმში, სადაც შუალედური არჩევნები ჩატარდა ბოლოს ოპოზიციას არც ერთი საჩივარი არ დაუწერია“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button