skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის საელჩოში „ოცნების“ დეპუტატებსა და „ტვ პირველის“ დამფუძნებელს შორის მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 19 ივლისს განაცხადა, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოში 30 ივნისს ქართული ოცნების დეპუტატებისა და „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის, ვატო (ვახტანგ) წერეთლის მონაწილეობით მომხდარი „ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე“ გამოძიება დაიწყო.

ვატო წერეთლის თქმით, 30 ივნისს აშშ-ის საელჩოში ეზოში, სადაც ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობდა, ქართული ოცნების დეპუტატებმა სცემეს. მისივე თქმით, იმ დროს როდესაც, ის თავისთვის იდგა, მისკენ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი დაიძრა და მას ქართული ოცნების კიდევ სამი დეპუტატი – ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი მიჰყვნენ. „[ოხანაშვილმა] მომიჭირა ხელზე, დამიწყო გარჩევები, რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში. სანამ აზრზე მოვედი მეორემ [მგალობლიშვილმა] მომიქნია ხელი. სახეში მომხვდა ორივე“, – თქვა მაშინ წერეთელმა.

თავის მხრივ, ბრალდებები უარყვეს ქართული ოცნების დეპუტატებმა და თქვეს, რომ „ყველაფერი პირიქით იყო“. საპასუხოდ ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ მას წერეთელმა „უბინძურესი პროვოკაცია“ მოუწყო, რაზეც „მან მიიღო ის პასუხი, რა პასუხიც მას ეკუთვნოდა“. ოხანაშვილის მიმართ, რომ „ბინძურ პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი, ეს ირაკლი ზარქუამაც გაიმეორა. მგალობლიშვილმა კი – თქვა, რომ „ასეთ პროვოკაციას ყოველთვის ასეთი ადეკვატური პასუხი გაეცემა“.

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძლადობა) და 151 (მუქარა) მუხლებით მიმდინარეობს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, პროკურატურას მის მიმართ სავარაუდო ძალადობის შესახებ განცხადებით ვატო წერეთელმა მიმართა. თავის მხრივ, ვატო წერეთლის მხრიდან სავარაუდო მუქარაზე პროკურატურას დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა მიმართა. მის მიმართ შესაძლო ძალადობაზე განაცხადი – დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმაც შეიტანა.

ამასთან, პროკურატურისვე განმარტებით, 15 ივლისს გენერალურ პროკურატურაში შესული ნოტით, აშშ-ის საელჩომ მის კუთვნილ ტერიტორიაზე 30 ივნისის ინციდენტის გამოძიების მიმართულებით შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის მზაობა გამოხატა. „ნოტის მიღების შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე“, – განაცხადეს უწყებაში.

ვატო წერეთელისა და ანრი ოხანაშვილის გამოხმაურება

19 ივლისს პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, ვატო წერეთელი. უწყებიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას წერეთელმა თქვა, რომ გამოკითხვის პროცესმა ნორმალურ გარემოში ჩაიარა და ახლა მთავარია, რომ აშშ-ის საელჩომ პროკურატურას შესაბამისი მასალები გადასცეს, რათა ყველამ ნახოს თუ როგორ ძალადობენ ქართული ოცნების დეპუტატები „ჯგუფურად“.

მისი ვერსიით, ინციდენტის მიზანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის შეურაცხყოფის მიყენება და მისი დაშინება იყო. „პროკურატურას [გამოძიების] ნება აქვს თუ არა აქვს, მოუწევს აუცილებლად ამ საქმის ბოლომდე მიყვანა და ვერ შემოდებს თაროზე, იმიტომ, რომ ეს მოხდა აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე…“, – განაცხადა მან გამოკითხვაზე შესვლამდე.

თავის მხრივ, ანრი ოხანაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ წერეთელმა მას „უბინძურესი პროვოკაცია“ მოუწყო და დასძინა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. „ყველა ნაბიჯი, ყველა ჩემი ქმედება არის იმ სამართლებრივ ჩარჩოში, რომელიც ლეგიტიმურად მე, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს მქონდა“, – დასძინა მან.

„ტელეკომპანია პირველის“ ინფორმაციით, ვატო წერეთელმა 30 ივნისს ანრი ოხანაშვილს უთხრა, რომ „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სიკვდილი მათ კისერზეა, რასაც „ოხანაშვილის მიერ ძალადობის დარგანიზება და ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა“. ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავა 2021 წლის 5 ივლისს, ჟურნალისტებზე ჰომოფობიური ძალადობისას დაშავებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button