ახალი ამბები

სამოქალაქო სექტორის ხედვა ევროკავშირის კანდიდატობის მოსაპოვებლად

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა დეტალური სამოქმედო გეგმა შეიმუშავა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკომისიის 12 რეკომენდაციის/პრიორიტეტის შესასრულებლად. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე რეკომენდაციების შესრულების გეგმა წარმოადგინა მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამაც.

მმართველი პარტიის გეგმისგან განსხვავებით, 22 არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და მარეგულირებელი წინადადებები, რომლებიც ევროკავშირის მიერ დასახულ პრიორიტეტებს შეესაბამება, უკვე შემუშავებულია, ან პარლამენტში პროექტების სახითაა ინიცირებული. მათი თქმით, უმეტეს შემთხვევაში, მმართველი პარტიის კეთილი პოლიტიკური ნებაა საჭირო იმისათვის, რომ პროცესმა ბევრად უფრო სწრაფად წაიწიოს წინ, ვიდრე ეს ქართული ოცნების გეგმითაა ნავარაუდევი.

ქვემოთ მოცემულია არასამთავრობოების მიერ შემუშავებული 12 ნაბიჯი ევროკავშირის კანდიდატობისთვის.

  1. პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაჭრა: არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ამ მიზნის მიღწევის ძირითადი ნაბიჯები 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებაშია გაწერილი, რომლის შესრულებაზეც მმართველი პარტია უარს აცხადებს, რაშიც ოპოზიციას ადანაშაულებს. 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, პარლამენტში 5 კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ოპოზიციის წევრებმა უნდა დაიკავონ; ამასთან, ერთ-ერთი მუდმივი საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე საპარლამენტო ოპოზიციის წევრი უნდა იყოს. საკანონმდებლო პაკეტი უკვე შემუშავებულია და მის დამტკიცებას 76 ხმა ესაჭიროება. მმართველ პარტიას ამჟამად პარლამენტში 81 დეპუტატი ჰყავს. კანონპროექტის მიღება შესაძლებელია სტანდარტული წესით 6 კვირაში, ან დაჩქარებული წესით ერთ კვირაში.
  2. ანგარიშვალდებულება, დემოკრატიული ზედამხედველობა და საარჩევნო პროცესის ხარვეზების აღმოფხვრა: ა) საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. საჭიროა კიდევ ორი მოსმენა. რიგგარშე სესიის მოწვევის შემთხვევაში პროცესი შესაძლებელია 2 კვირაშიც დასრულდეს, ხოლო ცვლილებების მისაღებად 113 ხმა იქნება საჭირო; ბ) 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მიღება, რომლებიც უკვე შემუშავებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ და მმართველი პარტიის დასტურის შემთხვევაში, მისი მიღება 1-დან 6 კვირამდე ვადაში იქნება შესაძლებელი; გ) საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ ცესკოს შემდეგი თავმჯდომარე და პროფესიული წევრები დაინიშნოს პარლამენტის ორი მესამედის მიერ, რათა მიღწეული იქნას პოლიტიკური დეპოლარიზაცია და ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ.
  3. მართლმსაჯულების რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2021 წლის შემდგომი პერიოდისათვის: ა) სასამართლო რეფორმის ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით. ავტორები აცხადებენ, რომ გეგმის ამოქმედება ერთ თვეშია შესაძლებელი; ბ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის განხორციელება მოითხოვს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის სისტემის გადახედვას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში კონსენსუსის პრინციპის გაძლიერებას. საკანონმდებლო გზა მარტივია და თუკი საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილება იქნება ინიცირებული, მისი მიღება შესაძლებელი იქნება ექვს კვირაში სტანდარტული, ხოლო ერთ კვირაში დაჩქარებული პროცედურებით; გ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი ხუთი არამოსამართლე წევრი შესაძლოა ერთი თვის ვადაში შეირჩეს, თუ მმართველი პარტია მზად იქნება, რომ კანდიდატები კონკურსის წესით აირჩიოს. კანდიდატები პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 3/5-ით (90 ხმა) აირჩევიან; დ) უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვა, რაც მრავალპარტიული საპარლამენტო კომისიის შექმნას მოითხოვს, რომლის ინიცირებისთვის 30 ხმა, ხოლო დამტკიცებისთვის 37 ხმაა საჭირო; ე) გენერალური პროკურორის დანიშვნის წესში ცვლილების შეტანა, რაც პარლამენტში უკვე ინიცირებულ იმ ცვლილებების პაკეტს უნდა დაეფუძნოს, რომელსაც მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა. სავალდებულო საჯარო განხილვის ჩათვლით, პროცესის დასრულებას 10 კვირა ესაჭიროება; ვ) საერთო სასამართლოების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის საკანონმდებლო ცვლილებების მიღება – პროექტი უკვე ინიცირებულია, თუმცა კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია. კანონპროექტის მიღებას დასჭირდება სტანდარტული პროცედურით 6 კვირა და დაჩქარებული წესით – 1 კვირა.
  4. ანტი-კორუფციული სტრუქტურების გაძლიერება: პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც სხვადასხვა ინსტიტუტებში გაფანტულ სამ ანტიკორუფციულ დეპარტამენტს გააერთიანებს. მის მიღებას მმართველი პარტიის მხარდაჭერა ესაჭიროება. ამასთან, უნდა შეიცვალოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის დანიშვნის წესი და კანდიდატების დანიშვნა პარლამენტის მიერ პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე უნდა მოხდეს.
  5. „დეოლიგარქიზაცია“: არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ 12-პუნქტიანი ჩამონათვალის ყველა სხვა პირობის შესრულებამ ავტომატურად უნდა გამოიწვიოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ოლიგარქიული გავლენის შემცირება.
  6. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება: ორგანიზაციების თქმით, სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ შესაბამისი შესაძლებლობები და რესურსები, ასევე საკანონმდებლო ბაზა, რათა ეფექტურად დაძლიონ ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული პრობლემები. მათივე თქმით, ეს პირობა მოითხოვს პრაქტიკის გაუმჯობესებას.
  7. თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემო: არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ ამჟამინდელი გამოძიებები და სასამართლო პროცესები. მათი თქმით, პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია, რაც ნებისმიერ დროს შეიძლება გაკეთდეს. პროკურატურამ მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიება უნდა აწამოოს 2021 წლის 5-6 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ორგანიზატორებისა და შემსრულებლების წინააღმდეგ, რაც შეიძლება 3 თვეში შესრულდეს. ამას გარდა, პარლამენტმა, ფართო კონსენსუსის საფუძველზე, უნდა უზრუნველყოს მედიის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზება ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედია სერვისების დირექტივასთან, რაც კონსენსუსითა და ჟურნალისტების ჩართულობით უნდა განხორციელდეს. ეს ქმედება შესაძლოა ორ თვეში დასრულდეს.
  8. მოწყვლადი ჯგუფების უფლებათა დაცვა: ავტორთა თქმით, სრულყოფილად უნდა იქნას გამოძიებული 2021 წლის 5 ივლისს  დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულები. მათივე თქმით, საჭიროა ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის მიღება, რომელიც მოიცავს ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური პოლიტიკის შემუშავებას, მათ შორის, საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიის ჩატარებას. ასეთი სტრატეგიის შემუშავება ორი თვის ვადაშია შესაძლებელი.
  9. გენდერული თანასწორობის ზრდა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრა: ამისთვის საჭიროა, რომ კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდეს სტამბულის კონვენციასთან; დამტკიცდეს გენდერული ძალადობის და ოჯახში ძალადობის ახალი სამოქმედო გეგმა და სერვისებზე ხელმისაწვდომობისათვის გაუქმდეს მსხვერპლის სტატუსის მოთხოვნა, რისი განხორციელებაც სამ თვეშია შესაძლებელი.
  10. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში: ღია მმართველობის პარტნიორობის ფორმატი უფრო ეფექტური უნდა გახდეს და გათვალისწინებული უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების შემოთავაზებები. ამასთან, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა სტრატეგიის დოკუმენტების და მათი სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში, რისი შესრულებაც ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.
  11.  ქართული სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული  სასამართლოს განაჩენების პროაქტიულად გათვალისწინება: ამ მიზნით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა შეიმუშავოს გზამკვლევები საქართველოს საერთო სასამართლოებისთვის, რაც შეიძლება შესრულდეს ერთ თვეში ან ნაკლებ დროშიც.
  12. სახალხო დამცველად დამოუკიდებელი კადრის წარდგენა: კანდიდატის შეთანხმება უნდა მოხდეს მრავალპარტიული კონსულტაციების გზით. დანიშვნა პარლამენტში ორმხრივი (ოპოზიციის უმრავლესობამ ასევე უნდა დაუჭიროს მხარი დანიშვნას) მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს.
ხელმომწერ ორგანიზაციათა სიაში არიან: ღია საზოგადოების ფონდი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი,  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, უფლებები საქართველო, მედიის განვითარების ფონდი და სხვა. დეტალური სია იხილეთ აქ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button