ახალი ამბები

სოხუმში რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა 

რუსეთის სხვადასხვა სამინისტროსა და სააგენტოს ხელმძღვანელები ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, დმიტრი ვოლვაჩის ხელმძღვანელობით აფხაზეთს სტუმრობენ, სადაც ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე 29 ივნისს აფხაზეთის „პრემიერმინისტრ“ ალექსანდ ანქვაბს და „მთავრობის“ რამდენიმე წევრს შეხვდა.

აღნიშნა რა, რომ ახლო მომავალში 2022-2025 წლების პროგრამას მოაწერენ ხელს, ვოლვაჩმა განაცხადა, რომ „აფხაზ კოლეგებთან ერთად უკვე ვგეგმავთ პროექტებისა და შეთანხმებების პაკეტებს ახალი საინვესტიციო ციკლის პროგრამისთვის“. მან ოკუპირებული რეგიონის „ეკონომიკური მოდერნიზაციის“ საჭიროებას გაუსვა ხაზი და ახალი რუსული ინვესტიციების გამოყოფის პირობა დადო. ვოლვაჩმა იმედი გამოთქვა, რომ ინვესტიციები „საიმედოდ იქნება დაცული სამართლებრივ სფეროში“.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ნავთობპროდუქტების მზარდ ფასებზე და რუსულ ინვესტიციებზე აფხაზეთის ტურისტულ ინფრასტრუქტურაში, მათ შორის, სოხუმის აეროპორტის მეშვეობით ავიამიმოსვლის აღდგენაზე.

რუსული ხელფასები აფხაზეთის საჯარო მოხელეებისთვის 

ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ მიღწეულია შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც, რუსეთი განაგრძობს აფხაზეთის საჯარო სტრუქტურების თანამშრომლებისთვის 2025 წლის ბოლომდე ხელფასების გადახდას.  მაშინ, როდესაც რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, ანქვაბმა ხაზი გაუსვა, რომ არსებობს პრაქტიკა, როდესაც ერთი ადამიანი ფორმალურად რამდენიმე პოსტს იკავებს და ყველგან ხელფასს იღებს, რაც, მისი თქმით, „სახელმწიფო თანხების მოპარვის“ ტოლფასია.

ვინაიდან ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლების მიერ რუსული დახმარების არასათანადო მართვა გამოუსწორებელ პრობლემად რჩება, გადაიხედა რუსეთის ფედერალური ხაზინის მიერ 2019-2021 წლებში რუსული დახმარების ხარჯვასთან დაკავშირებით გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის სტრატეგია. ერთობლივი კომისიის სხდომაზე აფხაზურმა მხარემ მიმდინარე ეკონომიკურ პროექტებზე და რუსული სახსრების ხარჯვის შესახებ ისაუბრა და ჯანდაცვისა და სოციალური სექტორში ახალი პროექტები წარადგინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button