ახალი ამბები

პრემიერი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საწინააღმდეგო აგიტაციაში უკრაინის ხელისუფლებასაც ადანაშაულებს

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საწინააღმდეგო აგიტაციაში, ქართულ ოპოზიციასთან ერთად, უკრაინის ხელისუფლებაც დაადანაშაულა.

ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, უკრაინის „ვერხოვნა რადას“ უმრავლესობის ლიდერი და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ წარმომადგენელი, დავით არახამია „ევროპასა და ამერიკაში დაჟინებით ითხოვდა, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი“.

„პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენეს ევროპას, რომ თუ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, ძალიან გულდაწყვეტილები დარჩებოდნენ“, – თქვა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ მას ამერიკელმა და ევროპელმა კოლეგებმა უამბეს.

„ეს არის მტრობა ქვეყნის“, – ხაზი გაუსვა ირაკლი ღარიბაშვილმა და ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა – „სად არის თქვენი რეაქცია, სად არის თქვენი პატრიოტობა“.

ბრალდებებს გუშინვე ვიდემიმართვით გამოეხმაურა დავით არახამია და თქვა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი „აშკარა ტყუილებს“ ავრცელებს.

არახამიამ თქვა, რომ ევროპაში საერთოდ არ ყოფილა. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, მან განმარტა, რომ იქ იგი იმ კონცეფციის ჩამოყალიბებით იყო დაკავებული, რომ „ბატონი ივანიშვილი პრორუსული გეგმის ოლიგარქია, რომელსაც მარიონეტული რეჟიმი ჰყავს [და] რომელიც სწირავს ქართველ ერს, რომელსაც სურს ევროპა“.

არახამიამ მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს, რომ არ მიაქციონ ყურადღება მათი მთავრობის, კონკრეტულად კი – პრემიერმინისტრის „აშკარა ტყუილებს“, რომელიც ერთი ოლიგარქის დაკვეთით „არასანდო ინფორმაციას ავრცელებს“.

„ჩვენ უკრაინა, უკრაინის ხელისუფლება მაქსიმალურად დავეხმარებით საქართველოს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა არახამიამ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ერთად ევროპის წიაღში დიდი მომავალი გველის“, – დასძინა მანვე.


უკრაინის კვალდაკვალ ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს წარადგინეს.

17 ივნისს, ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიეცეს, რაც გულისხმობს, რომ ქვეყანამ ჯერ რიგი პირობები უნდა დააკმაყოფილოს, რის შემდეგაც, მას შეეძლება კანდიდატის სტატუსის მოპოვება.

რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, ევროკომისიამ მათთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს, იმ მოლოდინით, რომ ეს ორი ქვეყანა საჭირო რეფორმების გატარებას განაგრძობს.

ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროპული საბჭოს 23-24 ივნისის სამიტის გადაწყვეტილებას ელოდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button