ახალი ამბები

მეორე ტურის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტი“ დაკომპლექტდა

ოკუპირებული აფხაზეთის 35-წევრიანი „საკანონმდებლო ორგანო“ სრულად დაკომპლექტდა მას შემდეგ, რაც ნაურ ნარმანიამ 11 ივნისს გამართული განმეორებითი არჩევნების მეორე ტურის შედეგად „მაჟორიტარი დეპუტატის“ ხუთწლიანი მანდატი მოიპოვა.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“ იტყობინება, რომ სოხუმის მე-8 ოლქში გამართული მეორე ტურის დროს, ნარმანიამ 1 149 ხმა (52.2%), ხოლო მისმა ოპონენტმა, ლეონ გუბაზმა 1 054 ხმა (47.8%) მიიღო.

განმეორებითი არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ დაინიშნა, რაც ნარმანიამ და გუბაზმა 28 მაისს გამართულ პირველ ტურში 776 (34.43%) და 695 (30.83%) ხმა მიიღეს. თავად განმეორებითი არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ნარმანიამ და გუბაზმა 26 მარტს გამართული „საპარლამენტო არჩევნების“ მეორე ტურში ხმების თანაბარი რაოდენობა მოაგროვეს.

31 წლის ტყვარჩელელი ნაურ ნარმანია ადრე აფხაზეთის ყოფილ ლიდერს, რაულ ხაჯიმბას უცხადებდა მხარდაჭერას.

ახალი მოწვევის „პარლამენტში“, რომელიც 12 აპრილს შეიკრიბა, რეგიონის მოქმედ ლიდერს, ასლან ბჟანიას სულ ცოტა 25 ლოიალური „დეპუტატი“ ეყოლება, რაც უჩვეულო შემადგენლობაა აფხაზეთის „საკანონმდებლო ორგანოსთვის“, სადაც როგორც წესი, პოლიტიკურ პარტიებს დამოუკიდებელი მაჟორიტარები სჯობნიან ხოლმე.

ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ „არჩევნებს“ არალეგიტიმურად მიიჩნევენ თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა, გარდა მოსკოვისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნისა, რომელთაც რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს.

დაახლოებით, 260 000 ეთნიკური ქართველი, რომლებიც ომამდელი აფხაზეთის უმსხვილეს ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენდა, კვლავ დევნილობაში რჩება.

ამასთან, გალის რაიონში მცხოვრებ დაახლოებით 30 000 ეთნიკურ ქართველს 2014 და 2017 წლებში აფხაზური პასპორტების ჩამორთმევის შედეგად ხმის მიცემის უფლება წართმეული აქვს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button