Placeholder canvas
ახალი ამბები

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმიანებიან

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საქართველოში მედიის თავისუფლების მიმართულებით არსებული დარღვევების შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურნენ, რომელიც ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ რეკომენდაციასაც გასცემს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკურმა ფრაქციამ, მათ შორის, მან, რომლის წევრიც ქართული ოცნებაა, ერთხმად თქვა, რომ „საქართველოში ადამიანს პოლიტიკური ნიშნით დევნიან, რომ საქართველოში არ არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება“.

„რომ საქართველოში გვყავს პოლიტპატიმრები – მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და სხვები, რომ ჟურნალისტებსა და ხელისუფლებისთვის მიუღებელ ადამიანებზე მთავრობის წაქეზებითა და ორგანიზებით ქუჩაში ნადირობენ“.

„რომ ის, რაც საქართველოში ხდება, უარყოფს ევროპულ ღირებულებებს. რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, მის ინტერესებსა და ევროპულ მისწრაფებებს. [რომ] თქვენ ხართ ქვეყანა, რომლის მმართველიც იმსახურებს სანქციებს,“, – დასძინა ნიკა მელიამ.

ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, ეს შედეგი არც ერთ დღეში დამდგარა და არც ორ კვირაში. „ძალაუფლების შენარჩუნების, ოპონენტის მტრად გამოცხადების და ფიზიკური განადგურების წყურვილის გამო, ქართული ოცნება ამ შედეგისკენ წლების განმავლობაში მიდიოდა“, – ხაზი გაუსვა მან.

საქართველოს ყოფილი პრემიერისა და პარტია საქართველოსთვის დამფუძნებლის, გიორგი გახარიას შეფასებით, დღეს „ყველაზე დიდი საფრთხეა, რომ საქართველო მოსწყდეს უკრაინასა და მოლდოვას, რომლებთან ერთადაც წლების განმავლობაში, „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში, ევროკავშირის გაფართოების საკითხი განიხილებოდა და სადაც საქართველო უპირობო ლიდერი იყო“.

„რეალური საფრთხეა, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები და რაზეც ოცნებობენ ჩვენი შვილები, ხელიდან იქნეს გაშვებული“, – აღნიშნა მან.

„უნდა გავერთიანდეთ ქვეყნის გადასარჩენად და ნებისმიერ ფასად ჩვენს შვილებს თავისუფლება და ევროპული მომავლის პერსპექტივა შევუნარჩუნოთ!“, – ხაზი გაუსვა ყოფილმა პრემიერმა.

„ხელისუფლებას ევროპაში მეგობრები არ ჰყავს. „ოცნება“ ჩვენი პარტნიორებისთვის მიუღებელი ძალა გახდა“, – განაცხადა ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ.

„გზავნილი იყო, რომ ევროკავშირი არ ენდობა ქართულ ოცნებას, მაგრამ ისინი მხარს უჭერენ ქართველ ხალხს. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება პროგრესი ამ მიმართულებით“, – თქვა ლელოს თავმჯდომარემ.

„ეს ორი კვირა უნდა გამოვიყენოთ – დაუბრუნდეს „ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას, შეაჩეროს კანონპროექტები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს, პრეზიდენტმა შეიწყალოს [ნიკა] გვარამია, ეს იქნება სიგნალი“, – დასძინა მანვე.

„ამ გზაზე, ევროკავშირის გზაზეც და, ზოგადად, ცივილიზებულ სამყაროში შესვლის გზაზე საქართველოსთვის ყველაზე დიდი წინააღმდეგობა არის ჩვენი დღევანდელი მთავრობა და მის მიერ გადადგმული ნაბიჯები“, – განაცხადა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა.

„ეს არის მთავარი საკითხი, აქედან გამომდინარეობს დღევანდელი რეზოლუცია“, – ხაზი გაუსვა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button